პოპულარულმა ქუთაისურმა რეპ-ჯგუფმა „ძებნილი“, სულ ახლახან სტუდია „ორფეიში“ ჩაწერა ახალი ალბომი „შავი პრინცი“, რომლის ცალკეული სიმღერები, კერძოდ „შენა ხარ კენტი“, უკვე რეგულარულად ტრიალებს თბილისის რადიოსადგურებში. როგორც საინფორმაციო მხარდამჭერი, გამოშვებულ ალბომს ამშვენებს ჩვენი ჟურნალის ლოგო. „შავ პრინცში“ შესულია „ძებნილისთვის“ დამახასიათებელი მძიმე ჰიპ-ჰოპ სიმღერები. თუმცა პირქუშ მუსიკასთან ერთად მსმენელი იპოვის მაჟორულ სიმღერასაც. ჩემი სტუმარია აკაკი ბაბუნაშვილი, იგივე „შავი პრინცი“, – ჯგუფ „ძებნილის“ ერთპიროვნული ლიდერი და ქუთაისური, უკომპრომისო რეპის კოლორიტული პიონერი.
* * *
– „ძებნილში“ ოთხი წევრი ვართ: ფრედო ბაბანი, ანუ „შავი ბიჭი“, დათო მორჩილაძე ანუ „მასტი“, სერგო ჩიხლაძე ანუ „მეგოთი“ და მე. არა აქვს მნიშვნელობა, რომ სამი მათგანი ჩემზე უმცროსია. ბიჭებს მივაგენი ბევრი წვალებისა და ძებნის შედეგად. „ძებნილმა“ 1993 წელს მიიღო საბოლოო სახე. ადრე კიდევ 3 კაცი მუშაობდა ჩვენთან. აღნიშნული წლიდან ჩვენ სერიოზული მუშაობა დავიწყეთ მუსიკალური აზროვნებით, ცეკვებით.
– ვიცი, რომ შენ აწყობდი და აწყობ დისკოთეკებს. როგორი მუსიკა ჟღერს შენს დისკოთეკებზე?
– დისკოთეკებს ვაწყობ 1986 წლიდან. 86-87 წლებში ბრეიკის დრო იყო და სწრაფ, რიტმულ მუსიკას ვატრიალებდი, ძირითადად ბრეიკ-დანსს. კიდევ გვქონდა რეგეი, ახალი ტალღა, როკი და რბილი მუსიკა, რომელზეც შესაძლებელი იყო ცეკვა. დღეისათვის რეპერტუარში მაქვს კომერციული რეპი, რეპ-სოული, მაგრამ უფრო სერიოზული დატვირთვით ალტერნატიულ, მძიმე რეპს ვამუშავებ. აგრეთვე, ცეკვის მოყვარულთა ინტერესებსაც ვითვალისწინებ. ჩემს დისკოთეკებზე რბილი რეპიდან Jazzy Jeff და The Fresh Prince ტრიალებს, ხოლო მძიმე, ალტერნატიული რეპიდან – House Of Pain, Cypress Hill, Dr. Dre, LL Cool J და ა.შ.
– ყველანაირი მუსიკის თაყვანისმცემელი ვარ. ჩემი ცხოვრების სტილით, იმიჯით კი მაინც ამ მიმართულებას მოვერგე. სხვათა შორის, სხვა მუსიკალური მიმდინარეობებიდან დავამუღამე, როგორ შეიძლებოდა ამ მიმართულებაში ჩავმჯდარიყავი ორიგინალური ფორმით. როგორც ასეთი, მხოლოდ რეპ-აქცენტით რეპერი არ გავმხდარვარ. ყოველთვის ვუსმენდი სხვა მიმდინარეობებს, რათა რეპი ორიგინალური გამოსულიყო. რეპერად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა პირადმა ცხოვრებამ.
– როგორია რეპერის ცხოვრების სტილი?
– ჩემთვის რეპი ყოველდღიური ცხოვრებაა. არ არსებობს უპრობლემო დღე. აქედან გამომდინარე, უფრო ამ სტილს მოვერგე.
– მაგრამ პრობლემურ სიმღერებს ხომ ალტერნატივისტებიც უკრავენ?
– ყველა ვარიანტში ვიტყვი, რომ რეპმა უფრო მიმიზიდა, რაღაც ახალი შემმატა. შევძელი, არა კივილითა და ჯღავილით, არამედ საუბრით მეთქვა სათქმელი. პანკმა და მსგავსმა მიმართულებებმა კი იმის საშუალება მომცეს, რომ ამ სტილში მემუშავა, რადგან რეპი მაშინ არ იყო ასეთი პოპულარული. ეს ორიგინალური, ახალი ნაბიჯის გადადგმის სურვილი იყო ქართულ მუსიკაში. გადავწყვიტე, შემექმნა ჩემებური რეპ-მუსიკა.










