Tuesday, October 23, 2001

როგორ ქართულენოვანდებოდა როკი

(გასული საუკუნის 70-იანი და 80-იანი წლების მცირე მიმოხილვა)

როკ-მუსიკა და საერთოდ, თანამედროვე მუსიკა ყოფილ საბჭოთა კავშირში ძალიან ძნელად შემოდიოდა და მისი შემოსვლა ძირითადად მელომანების მოთხოვნილებებთან და აკრძალული ნაყოფის გასინჯვის მძაფრ სურვილებთან იყო დაკავშირებული. მსმენელებში როკ-მუსიკა აღიქმებოდა, როგორც პროგრესული მოვლენა, რომლის გავრცელებასაც ტოტალიტარული საბჭოთა სისტემა კრძალავდა. კომუნისტების აზრით, როკი აუცილებლად ხელს უშლიდა კომუნიზმის მშენებლობას, რადგან ეს მუსიკა თავისი სულისკვეთებით „დამპალი იმპერიალიზმის“ იდეებს ემსახურებოდა და აბსოლუტურად უცხო უნდა ყოფილიყო სოციალისტური საზოგადოებისთვის.

საბჭოთა კავშირში როკ-ჯგუფების გაჩენის წინაპირობა მაინც საზოგადოებამ, მელომანებმა შექმნეს. მიუხედავად იმისა, რომ არალეგალურად შემოსული აკრძალული მუსიკალური პროდუქცია ძალიან ვიწრო წრეებში ვრცელდებოდა, საზოგადოებას ზოგადი წარმოდგენა უკვე ჰქონდა. უცხოური ფირფიტები და ჩანაწერები „კაპიტალისტური“ ქვეყნებიდან ძირითადად მაინც სპორტსმენებს, მეზღვაურებს და მსახიობებს ჩამოჰქონდათ, რომელთაც მელომანები საკმაოდ მაღალ ფასებში (დაახლოვებით 50-100 მანეთის ფარგლებში) ყიდულობდნენ.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში, სსრკ-ს სხვა რესპუბლიკებთან შედარებით როკის მიმდევრები ნაკლებად იდევნებოდნენ. უფრო მეტიც, აწ განსვენებული მუსიკისმცოდნე და ტელეწამყვანი, ევგენი მაჭავარიანი საქართველოს ტელევიზიაში, გადაცემაში „ეს ესტრადაა“ ახლადფეხადგმულ მუსიკალურ მოვლენას პოპულარიზაციას უკეთებდა, რომელიც თავის მხრივ, დასავლეთში კულტურად იყო ჩამოყალიბებული.

საქართველოში პირველ როკ-ჯგუფად ბაჩი ქიტიაშვილის „ბერმუხას“ ასახელებენ, რომელმაც პირველმა მოახერხა ახალი რიტმების ქართულ ენაზე აჟღერება. თუმცა, ბევრი მელომანის აზრით, ბაჩის მუსიკა სუფთა ქართულ მუსიკად არ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან „ბერმუხას“ მიერ შესრულებულ მუსიკას კლასიკური მძიმე რიტმ ენდ ბლიუზის საფუძველი აქვს. ალტერნატიული აზრიც არსებობს, რომ საქართველოში პირველი როკ-ჯგუფი მიშიკო ფოფხაძის „კვადრატი“ იყო. ამ ინფორმაციას არტიომ ტროიცკის „სსრკ-ს როკ-ენციკლოპედიაც“ ადასტურებს. ყველა ვარიანტში, ამ ორ მუსიკოსს ახალი მუსიკალური მოვლენის პიონერობაში ალბათ ვერავინ შეეცილება. რა თქმა უნდა, 70-იან წლებში „ბერმუხას“ შემდეგაც ბაჩისნაირი თამამი მუსიკოსები იყვნენ, თუნდაც კაკო ვაშალომიძე და ჯგუფი „ოკეანე“, მაგრამ ქართულენოვანი როკ-მუსიკა ჩვენში მაინც 80-იანი წლების მეორე ნახევარში, ე. წ. „პერესტროიკის“ დროს განვითარდა.

თუმცა მანამდე, 1980 წლის მარტის თვეში, თბილისში ჩატარდა სსრკ-ს მასშტაბით პირველი ოფიციალური როკ-ფესტივალი და მთელმა საბჭოეთმა შეიტყო ისეთი ჯგუფების არსებობის შესახებ, როგორებიც იყვნენ: „მაშინა ვრემენი“, „ავტოგრაფი“ და, რაღა თქმა უნდა, „აკვარიუმი“, რომლის ქართულ სცენაზე გამოსვლასაც დიდი სკანდალი მოჰყვა. სამწუხაროა, რომ ქართველებმა ეს ფესტივალი რატომღაც დაუმსახურებლად მივივიწყეთ. რაც უნდა იყოს, მაშინ ჩვენ ერთ დიდ ქვეყანაში ვცხოვრობდით და ამ ქვეყანაში შემავალი ერები ერთმანეთის კულტურას ხშირად ვეზიარებოდით.

რა თქმა უნდა, საქართველოში, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, როკ-მუსიკის შემოსვლის და განვითარების ერთ-ერთი დადებითი მიზეზი გიტარაზე დაკვრის შემსწავლელი სკოლების არსებობაც იყო.

80-იან წლებში ეროვნული მოძრაობის აღზევებამდე, საქართველოს როკში ახალი ეტაპი დაიწყო. ყველაზე სასიამოვნო იყო, რომ ქართველებმა გააქართულენოვანეს შემოქმედება, მუსიკაში მკვეთრად ინდივიდუალი შემსრულებლები მოვიდნენ და, რაც მთავარია, მათ ამ მოვლენას მოძრაობის სახე მისცეს. საქართველოს როკში მისთვის დამახასიათებელი სოციალური მუხტი, შინაგანი პროტესტი გაჩნდა. 1988 წელს განსაკუთრებული მოვლენა თსუ-ს დარბაზში მოხდა, სადაც როკ-ფესტივალი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თბილისის წამყვანმა ჯგუფებმა. ფესტივალმა აღმოაჩინა საინტერესო კოლექტივები: „პრიზი“, „ჯუკ-ბოქსი“, „ბიჭები როკენროლიდან“ და სხვები. მთავარი აღმოჩენა კი დადა დადიანის ჯგუფი „ტაქსი“ იყო, რომელსაც მწვავე, პირდაპირი ტექსტები ჰქონდა და იგი „ახალი ტალღის“ რიტმებს ქართულ მელოდიას შესანიშნავად უხამებდა. ამ პერიოდშივე ლადო ბურდულიც გამოჩნდა. იგივე ტროიცკიმ აღნიშნა, რომ ქართულ როკთან ეთნიკური გაგებით, ყველაზე ახლოს სწორედ ბურდულის შემოქმედება იდგა.

80-იანებში ალეკო ცაბაძის ფილმი „ლაქა“ გამოვიდა, რომელშიც მთავარი როლი ქართველმა როკ-მუსიკოსმა, ქიშო ღლუნჩაძემ შეასრულა. ბაჩი ქიტიაშვილმა და კაკო ვაშალომიძემ სპორტის სასახლეში გრაფიკული როკის საღამო „დებიუტი“ მოაწყვეს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: კახა კიკაბიძემ, ლადო ბურდულმა, დადა დადიანმა, ქიშომ და სხვებმა. საღამო ირაკლი გიგაურის ხსოვნას მიეძღვნა.

დასავლეთ საქართველოში ამ მხრივ ქუთაისი აქტიურობდა, სადაც ამ პერიოდში, არა ერთი საინტერესო ჯგუფი შეიქმნა, მათ შორის „აუტსაიდერი“, რომელმაც ჯერ კიდევ სსრკ-ს არსებობისას რუსეთსა და ბალტიისპირეთში აღიარება მოიპოვა, მოსკოვში კი ფირფიტა ჩაწერა. რიონისპირა ქალაქში ამ პერიოდში ოპერის თეატრთან თემურ ჯოხაძემ და ვატო ნებიერიძემ ერთგვარი როკ-კლუბი „მელომანი“ გააკეთეს, სადაც სხვადასხვა როკ-ჯგუფები იყვნენ გაერთიანებული.

80-იანი წლების მიწურულს საქართველოში ეროვნული მოძრაობის მძლავრი ტალღა აგორდა და როკ-მოძრაობა, რომელიც ჯერ კიდევ ჩანასახის მდგომარეობაში იყო, ნაციონალური თვითშეგნების გაზვიადებულმა იდეოლოგიამ დაასამარა.

90-იანი წლები ძალზედ მრავალფეროვანი იყო და მასზე შეიძლება ცალკე ვისაუბრთ, მაგრამ ერთი უნდა აღინიშნოს, – დღეს საქართველოში როკი სავალალო მდგომარეობაშია. ნიჭიერი მუსიკოსები საზღვარგარეთ გარბიან. შეიძლება ითქვას, საქართველოში ეს მუსიკა ნაკლებად განვითარდა თუნდაც რუსეთისგან განსხვავებით, სადაც ე. წ. „პოპსა“ და როკი თანაბარ მდგომარეობაშია და იქ უკვე არსებობს მეინსტრიმი, რომელიც საქართველოში ფონოგრამისტების წყალობით, ვერა და ვერ ჩამოყალიბდა.

Monday, October 22, 2001

„მერვეკლასელო“ სოსო ივანეიშვილმა უცნობ გოგონას მიუძღვნა, რომელიც მერე შეუყვარდა

„ცოის Восмикласница-ს თემა ავიღე და მერე ჩემებურად გადმოვაქართულე“

ჯგუფი „პულსი“ ერთ-ერთი პირველი როკ-ჯგუფია ქუთაისში. ის არ მიეკუთვნება არც მძიმე, არც ალტერნატიული ჯგუფების რიცხვს, რომლებიც საკუთარ თავში ძირითადად პროტესტს ატარებენ. „პულსი“ შეიძლება ისეთ კოლექტივად ჩაითვალოს, რომლის შემოქმედება თანაბრად შეიძლება მოეწონოს როგორც კლასიკური როკის, ასევე, პოპულარული მუსიკის თაყვანისმცემლებს. ჯგუფის ასეთი ზომიერება, რა თქმა უნდა, ემთხვევა მისი შემქმნელის, ფრონტმენის, გიტარისტის, კომპოზიტორისა და ტექსტის ავტორის, სოსო ივანეიშვილის ხასიათს, აგრეთვე, ცოტა არ იყოს, მის უცნაურ შინაგან სამყაროს.




















Wednesday, October 17, 2001

ჯიჰადი უსისხლოა, ამ გზით ადამიანი საკუთარ ცოდვას ებრძვის

„ტერორიზმს ეროვნება არა აქვს, მაგრამ ომმა მშვიდობიანი ადამიანები არ უნდა შეიწიროს“ – ამბობს თბილისის ჯუმა მეჩეთის ახუნდი, ალი ალიევი

საქართველოს მუსულმანთა მთავარი სასულიერო პირი, ახუნდი, ალი ალიევი რწმენით შიიტია, მაგრამ თბილისის ჯუმა მეჩეთი უნიკალურია იმის გამო, რომ აქ შიიტებიც და სუნიტებიც ერთმანეთის გვერდით ლოცულობენ. თბილისის მეჩეთი აშენებულია დაახლოვებით მე-17 საუკუნეში. მას რესტავრაცია 5-ჯერ ჩაუტარდა.

























– ბატონო ალი, შეგიძლიათ მიპასუხოთ, რა განსხვავებაა სუნიტებსა და შიიტებს შორის?

Tuesday, October 16, 2001

მიმართულების ადამიანები

ქართული მასმედიის სხვადასხვა საშუალებებით ჩვენი პოპ-სცენის მუსიკოსები ხშირად აცხადებენ, ჩვენ ამა და ამ სტილში, მიმართულებაში ან მიმდინარეობაში ვმუშაობთო. დღეს საყოველთაოდ პოპულარული სტილებია: სოული, დისკო, რეპი და სხვა. შეგიძლიათ გადაათვალიეროთ ის ჟურნალები, რომელიც ე.წ. ქართულ შოუბიზნესი შუქდება. დააკვირდით, თუნდაც გუშინ გამომცხვარ კოლექტივთა ან შემსრულებელთა ფოტოებსა და ინფორმაციებს მათზე.

აგერ, ოთხი გამხდარი, ნანეტზე თმაშეჭრილი, ბაზრობაზე ნაყიდ, იაფფასიან ოდეკოლონდაპკურებული (სუნი პირდაპირ ფოტოდან გცემს), ვითომ მეოცნებეთვალებიანი, ვითომ მაჩო ბიჭუნები აცხადებენ: „ჩვენ სოულს ვმღერით“ (აბა, იმას როგორ გაამხელენ, რომ ყმუიან, ოღონდ შუაღამით ოპერის წინ კი არა, საღამოს, თანაც ფილარმონიაში). აგერ, რამდენიმე ბეისბოლის (რა ვქნა, ვერა და ვერ შევეჩვიე ამ „კეტბურთის“ წარმოთქმას) მაისურიანი, ჩაჩაჩულშარვლიანი, „ნაგლი“ გამომეტყველების მქონე ყმაწვილი ამტკიცებს, რომ რეპს მღერის. ასეთივე პრეტენზიები მომისმენია ახალი როკ-ჯგუფებისგანაც. მათგან ბევრი „ალტერნატივშიკობას“ იჩემებს, მაგრამ ესენი, მართლა უკრავენ და მღერიან მაინც.

ასე გაჩდნენ ქართველი რეპმენები, სოულმენები და კიდევ უამრავი „მენები“, ანუ მიმართულების ადამიანები, რომლებიც შეგნებულად, მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობენ, რაღაც მიმდინარეობას მოერგონ. მერე სიმღერაში ერთ აკორდს შეცვლიან და იძახიან, ჩვენ უკვე სხვა სტილში ვუკრავთო. ამრიგად, მიმართულების ადამიანები მიმართულების მუსიკას, ან, საერთოდ, მუსიკას იმისთვის კი არ იყენებენ, რომ საკუთარი გრძნობები, აზრები, ემოციები გამოხატონ, არამედ პირიქით, თავს იქცევენ გარკვეულ, შეზღუდულ ჩარჩოში. სხვათა შორის, იგივე ხდება დასავლეთის შოუბიზნესში, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ იქ, ძირითადად, ჟურნალისტები აკერებენ მიმართულების იარლიყებს მუსიკოსებს, ხოლო ჩვენთან, თავად მუსიკოსები ირტყამენ ასეთ იარლიყს (ზოგი სად და ზოგიც სად).

ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა ჭირდებოდეს ზოგიერთ ჩემს კოლეგას თავად მუსიკოსის ახსნა-განმარტება, თუ რომელ მიმდინარეობაში მუშაობს ის, ბოლოს და ბოლოს, რესპონდენტის ერთი სიმღერა მაინც ხომ უნდა უნდა ჰქონდეს მოსმენილი, სანამ მასთან ინტერვიუს ასაღებად მივა. ზოგჯერ შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს ჟურნალისტი მომღერალთან რაღაც ლექციის, სემინარის და, უარეს შემთხვევაში, „მარიაჟობის“ მოსასმენადაა მისული. სად არის ასეთი ჟურნალისტის ცოდნა ან თავმოყვარეობა მაინც?

თავის მხრივ, თუ მიმართულების ადამიანებმა, ასეთი გაუთვითცნობიერებელი ჟურნალისტი ხელში ჩაიგდეს, პირს მოაღებენ და იმდენ სისულელეს ლაპარაკობენ, აღარაფერი ჯობს მათ „მოსმენას“. იგივე ხდება ტელევიზიებშიც.

ამაში თქვენ თავად დარწმუნდებით თუ თბილისის ერთ-ერთი არხის ყმაწვილების მიერ მომზადებულ ტელეგადაცემას ნახავთ. ხშირ შემთხვევაში სათნო გამომეტყველების მარიაჟუნა გოგო-ბიჭები ამ გადაცემაში „ღრმა შინაარსის“ კითხვებს უსვამენ ქართული ცის კამარაზე ახლადაბრდღვიალებულ ღამის „ვარსკვლავებს“. მე მგონი, ამ გადაცემაზე მეტი დაკონკრეტება აღარ ღირს.

მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ, ამ მიმდინარეობებში მუსიკოსებს ჟურნალისტები აქცევენ, დასავლეთში და, ჩვენდა საბედნიეროდ, საქართველოშიც არსებობენ შემსრულებლები, რომლებიც არავითარ მიმართულებაში არ თავსდებიან, „დორზივით“, „პინკ ფლოიდივით“, „ლედ ზეპელინივით“ ან თუნდაც „რადიოჰედივით“ ექცევიან გარკვეული მიმართულებების თავზე და მუსიკას ახალ ჟღერადობას აძლევენ. არიან შემსრულებლები, რომელთა შემოქმედების მოსმენისას ვერ ვფიქრობთ რაღაც მიმართულებებზე, და შესაძლოა, გაგვახსენდეს საუკეთესო, ძველი კონიაკი, რომელსაც მხოლოდ მაშინ სვამენ, როდესაც ყველა დანარჩენი მოსაწყენი ხდება და სულს რაღაც ამაღლებული სჭირდება. ასეთ მომღერლებს, ხშირ შემთხვევაში, აერთიანებს ხრინწიანი ხმა, მარადიულად ცოცხალი რეტრო მუსიკის ნაწილი, ცოტა პირქუში თემატიკა, ალკოჰოლი, უხეში რომანსი, ფოლკ-ტრადიციები, ხოლო დანარჩენი – უკვე გემოვნების მიხედვით.

ტომ უეიტსი, ლეონარდ კოენი, ნიკ ქეივი, სერჟ გინსბური, ჯო კოკერი, როდ სტიუარტი, ქრის რი და მათი მსგავსნი ვერ მოაქციეს ვერც ერთ მიმდინარეობაში, რადგან აღნიშნული მომღერლები საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას მიმართულებებს. ისინი მუსიკას ზოგადად იყენებენ იმისათვის, რომ საკუთარი ამბები მოგვიყვნენ, იმღერონ ძალდაუტანებლად, ბუნებრივად. ისინი ოსტატურად უკრავენ და ზოგჯერ გვაღიზიანებენ კიდეც. კარგია, რომ საქართველოშიც არსებობენ ზემიმართულებათა მუსიკოსები. ჩემი აზრით, დღეისათვის ასეთები არიან: ლადო ბურდული, ირაკლი ჩარკვიანი ან რობი კუხიანიძე. მათი შემოქმედება არც ერთ „სტანდარტში“ არ ჯდება, მიუხედავად იმისა, რომ მათ მუსიკაში შესაძლოა ამოვიცნოთ ბლუზის, ქანთრის, რომანსის, პანკის, იგივე დისკოს, ტექნოს და სხვა ელემენტები.

Monday, October 15, 2001

„მე ამ სიმღერებს ამინდის ბიუროს პროგნოზებს ვადარებ - ყოველ მეორე სიმღერაში წვიმს ან თოვლჭყაპია“

რობერტ ბარძიმაშვილი აცხადებს, რომ ქართულ ესტრადაზე სექსუალური უმცირესობა სექსუალურ უმრავლესობას ჩაგრავს

ცოცხალი მუსიკის უდიდეს გულშემატკივარს, რობერტ ბარძიმაშვილს, რომლის ხელშიც გამოიარა მეოცე საუკუნის ქართულმა პოპულარულმა ანსამბლებმა „ორერამ“, „75“-მა და „ჯორჯიამ“, მკაცრი საბჭოთა ცენზურის დროს ყოველთვის შეცდომაში შეჰყავდა „გოსკონცერტის“ ხელმძღვანელობა. როდესაც ანსამბლის სიმღერა საქართველოზე, თბილისზე ან სიყვარულზე იყო, რუსულად თარგმნისას ის მიუთითებდა ხოლმე, რომ ტექსტი პარტიას, ხალხთა მეგობრობას ეძღვნებოდა და ამ ტექსტს მოსკოვში დასამტკიცებლად აგზავნიდა. ამით „ორერას“ შეცდომაში შეჰყავდა მკაცრი ცენზურა, რომელიც პირდაპირ მოითხოვდა სიმღერებს პარტიასა და კომკავშირზე.



















აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „ორერა“ საბჭოთა კავშირის მასშტაბით პირველი მუსიკალური კოლექტივი იყო, რომელსაც ჰქონდა წინსართი – ვოკალურ ინსტრუმენტული ანსამბლი (ВИА). აგრეთვე, ის იყო პირველი, რომელსაც საერთოდ, სახელი ერქვა. მანამდე მსგავს კოლექტივებს ვოკალურ, ან ინსტრუმენტულ ტრიოს, კვარტეტს, კვინტეტს და ა.შ., ანუ „ორერამდე“ მუსიკალური ჯგუფების სახელწოდებები სსრკ-ში არ არსებობდა.

Tuesday, October 9, 2001

ვინმე აკაკი ჯორჯაძემ თავი ლამის მაცხოვრად გამოაცხადა

რას ნიშნავს სასძლო კაცი? რას ნიშნავს სამყარო ოთხყარო? სადამდე შეიძლება გაგრძელდეს „მძლეველის“ პოლიტიკურ-რელიგიური ბოდვები?

„თავისუფლების მოედნის“ მეტროსთან უნივერმაღის წინ ალბათ ბევრს შეუმჩნევია, როგორ სთხოვენ მოქალაქეებს, საკუთარი ხელმოწერა შეიტანონ ე. წ. „სიცოცხლის წიგნში“. ამ ხელმოწერით მოქალაქე მოითხოვს არსებული სისტემისა და პრეზიდენტის შეცვლას. ამავე დროს აღიარებს, რომ მოხდა ქრისტეს მეორედ მოსვლა სულით და სიტყვით, რაც მართლმადიდებლური მოძღვრებით მკრეხელობაა.

















ამ ხელმოწერებს საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პოლიტიკური გაერთიანება „მძლეველი“ აგროვებს, რომლის პროგრამას და მოძღვრებას აშკარა რელიგიური ელფერი დაჰკრავს.

Monday, October 8, 2001

მძიმე ყოფაქცევის გოგონები თანამედროვე პლასტმასის მუსიკის წინააღმდეგ

ქართული მძიმე როკი „ემბრიონის“ მდგომარეობაშია
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის შვილი და მისი მეგობრები სიყვარულს პრობლემას უწოდებენ

სამმა პატარა ქართველმა გოგონამ გადაწყვიტა ეხმაურა და შეესრულებინა სუსტი სქესისთვის ცოტა არ იყოს უჩვეულოდ მძიმე მუსიკა. მიუხედავად ამისა, გოგონები ნიჰილისტები არ არიან და ხმამაღლა აცხადებენ: „ჩვენ ჩვენი თაობის ნორმალური წარმომადგენლები ვართ“. სხვათა შორის, გოგონათა როკ-ჯგუფები არა მარტო საქართველოში, მთელს მსოფლიოში იშვიათობაა.

„ემბრიონის“ სამივე გოგონა 1983 წელს არის დაბადებული. ჯგუფის შემადგენლობა: ნინო ლეშენკო (ვოკალი, გიტარა), მაკა ბაქრაძე (ბას-გიტარა) და სოფო ფრუიძე (დასარტყამები).



















„ემბრიონი“ 1999 წლის 3 მარტს სოფომ და ნინომ შექმნეს. ისინი ერთ კლასში სწავლობდნენ და 14 წლიდან სურდათ ჯგუფის შექმნა. მაკა ჯგუფში სოფოს და ნინოს გიტარის მასწავლებელმა მიიყვანა. ნინოს აზრით, სამივენი ერთმანეთს ძალიან შეეწყვნენ და ერთი ბირთვი შეკრეს, ამიტომ სხვა არც არავინ მოუწვევიათ. სიმღერებს და ტექსტებს ნინო წერს. „ემბრიონის“ გამოსვლამ ფესტივალ „მზიურიზე“ ბევრი მუსიკის მოყვარული აღაფრთოვანა და გააკვირვა. „გოგონები და ასეთი მძიმე?“ – გაკვირვებას ვერ ფარავდა ფესტივალის წამყვანი.

ახლახანს გოგონებმა „სოფთ იჯექტის“ სტუდიაში თავიანთი პირველი სინგლი ჩაწერეს და უკვე რადიოებში გაავრცელეს. ისინი ინგლისურად მღერიან. ტრიო „ემბრიონის“ უფრო ახლოს გაცნობის მიზნით, გადავწყვიტე, ინტერვიუ სამივე მათგანისგან ერთდროულად ამეღო.

– გოგონებო, თუ იცნობთ იმ ქართველი მუსიკოსების შემოქმედებას, ვინც ადრე მძიმე როკში მუშაობდა?