Monday, April 22, 2002

მუსიკის გაკვეთილი – ო, რა ბანძია!

რამდენიმე ეპიზოდი არჩილ შოთას ძის შემოქმედებიდამ

ბედნიერებაა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც აბსოლუტურად ყველას აქვს შესაძლებლობა დადგეს ტრიბუნასთან ან სცენაზე, საჯაროდ ილაპარაკოს და იმღეროს ყველაფერი, რაც მას (ან სხვას) თავში მოუვა. შინაარსიანი იქნება მისი გამოსვლა თუ უშინაარსო, მაინც დაფნის გვირგვინი ხვდება წილად. ეს განსაკუთრებით დიდი ბედნიერებაა მათთვის, ვისაც თავში არაფერი უძევს განდიდების მანიის გარდა. და, რადგან ასეთი ადამიანები, ანუ ისინი, ვისაც თავის ცხოვრების ქვაკუთხედად მუსიკა მიუჩნევიათ, ჩვენში არნახულად მომრავლდნენ, გადავწყვიტეთ, დავეხმაროთ მათ და დამწყებებსაც სიმღერის ტექსტის შექმნის ტექნოლოგიის დაუფლებაში. ეს საქმე არც ისე რთულია, როგორც „ვარსკვლავები“ ფიქრობენ (იხ. ვარსკვლავთმრიცხველი ნოსტრადამუსის ნაშრომების XXVI ტომი). ამაში რომ დავრწმუნდეთ, მოდით, განვიხილოთ ქართული მუსიკალური სინამდვილის ნაღების (ელიტის) ცალკეულ წარმომადგენელთა, კერძოდ, ბატონ არჩილ შოთას ძე მეფარიძის ჰიტი „ო, რა კაია!“

Monday, April 15, 2002

კატის ღიმილი

ქართულ შოუბიზნესში ახალ-ახალი ტერმინები ჩნდება. მათ შორისაა რუსული წარმომავლობის სიტყვა „ტასკა“, რომელსაც ჩვენი მომღერლების ნაწილი ისეთ სიმღერებს აკერებს, სადაც ბევრი სევდა და კაეშანია. „ტასკა“ სიმღერა დღევანდელ სევდიან საქართველოში კომერციულადაც მომგებიანია. ამ სვეტს, ალბათ, ლუის კეროლის ზღაპრის „ალისას“ ერთ-ერთი გმირის, – ჩეშირელი კატის ღიმილი დაამშვენებდა. საინტერესოა, როგორ შეიძლება მხატვარმა დახატოს გამქრალი კატა, რომელმაც ალისას ჰაერში მოლივლივე ღიმილი დაუტოვა. ღიმილი ადამიანთა ცხოვრებაში, ძირითადად, კეთილგანწყობის გამოხატვის სიმბოლოა. თუმცა ამის გარდა, არსებობს უამრავი ღიმილი, რომელიც მომღიმარის სხვადასხვა ემოციას გადმოსცემს. არსებობს ცალყბა (ალბათ საინტერესოა, როგორ წარმოიშვა ეს უცნაური სიტყვა), იქედნური, ქლესა ღიმილები, ამავე დროს, ადამიანს შეუძლია დაღრეჯა, ჩაღიმება, ღიმილის სახეზე მიწებება და ა.შ. ღიმილი ზოგჯერ სიცილის პრელუდიაა და მას შეიძლება თან მოჰყვეს ხარხარი, ჩაბჟირება, ხორხოცი, ჭიხვინიც კი. თუმცა სიცილის ნაირსახეობებზე მეტად აღარ შევჩერდები.

ჩემო მეგობარო, საქართველოს უახლოეს წარსულში, ყველაფერ უბედურებასთან ერთად, ღიმილის დეფიციტიც არსებობდა. თვით ესტრადაზეც კი ფილარმონიული მომღერლები სახეგაქვავებულები, ტრაგიკული ხმებით უმღეროდნენ ბედკრულ სამშობლოსა და უფრო ხშირად – დედაქალაქს (საინტერესოა, რა დააშავა ამბროლაურმა). ტელევიზორებში ისინი ყოველთვის კულტურის ძეგლებთან (ასე ეძახოდნენ მაშინ ეკლესია-მონასტრებსა და ციხე-კოშკებს), შადრევნებთან ან ბუჩქებთან მღეროდნენ. არავითარი ღიმილი, მათი შემოქმედებიდან მხოლოდ ტრაგიზმი გამოსჭვიოდა. მსგავსი განწყობა ჰქონდა საზოგადოებასაც. მაშინ მაღაზიის გამყიდველებიც კი აგრესიულები იყვნენ.

ე.წ. ქართული შოუბიზნესის დაბადების შემდეგ, ესტრადის მომღერლებმა ბედკრული სამშობლოს თემა ბედკრული სიყვარულის თემით შეცვალეს, რომელსაც განმარტება „ტასკა“ მიეცა. რაც უფრო „ტასკაა“ ანუ სევდიანია სიმღერა, მით მეტ პოპულარობას აღწევს. ასე რომ, ქართულ ესტრადაზე, პრაქტიკულად, ნაღვლიანი განწყობილება არ შეცვლილა. თუმცა, ზოგიერთი მომღერალი ცხოვრების უკუღმართობის გამო, გულდადუღრული მსმენელის გამხიარულებას ცდილობს, მაგრამ სცენაზე ან ტელევიზორში მათი ასიმეტრიული კუნტრუშის (ე.წ. ცეკვის) და სახეზე მიწებებული უგერგილო ღიმილის შემხედვარე, ისევ „ტასკა“ სიმღერების მოსმენა ჯობს. სასიამოვნო სანახავია, როდესაც არასრულწლოვანი ან ბავშვი მშობლებს უმღერის, სადაც ამბობს, რომ ის მათი სიხარული, სიყვარულია, მაგრამ როდესაც ამას ზრდადასრული ქალიშვილი სახეზე ღიმილმიწებებული იმეორებს, უნებურად ქართულ ფილმ „უდიპლომო სასიძოში“ ცხონებული ვახტანგ ნინუას მიერ განსახიერებული ფერმის გამგე ნიკოლოზი შეიძლება გაახსენდეს კაცს, რომელიც პატარა ძროხას (კარგად ვიცი, რომ ხბო ჰქვია) ენამოქლესით ეუბნება: „ვაიმე, ლა ვუკო, ლაა!“

ტელეწამყვანებიც დაუსრულებლად იღიმიან, ან ცალყბად გაღიმებას მაინც ცდილობენ. ჩემო მეგობარო, ადრე შენ მითხარი, რომ უემოციო, სახეზე ხელოვნურად მიკერებული ღიმილის მიღმა ხშირად მომღიმარის თავის ქალას, თეთრი ძვლების გროვას, როგორც რენტგენის აპარატში, ისე ვხედავო. ამიხსენი, რომ ჩონჩხის ღიმილი გულს გირევს, რადგან თავის ქალას ყოველთვის ერთი და იგივე უემოციო „მომღიმარი“ გამომეტყველება აქვს (დაღმეჭილია). ამავე დროს, მინდა შევნიშნო, რომ ასეთი არტისტი „ტასკა“ სიმღერასაც ფსევდოემოციურობით, ყოველგვარი ტკივილის გარეშე მღერის. შთაბეჭდილება რჩება, რომ მას საერთოდ ტკივილი არ განუცდია (თითიც კი არ გაუჭრია), სიხარულზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი, რადგან ტკივილის გარეშე სიხარულის ფასს როგორ გაიგებ?

ღიმილის საყოველთაო დეფიციტის ეპოქის შემდეგ თითქოს მოგვეცა შანსი, ესტრადაზე თუ არა, ქუჩაში მაინც გვევლო გაღიმებულებს, მაგრამ ყველაფერი თითქმის უცვლელად დარჩა. მხოლოდ მაღაზიის ზოგიერთმა გამყიდველმა ისწავლა გაღიმება, ისიც იმიტომ, რომ ბევრი პროდუქტი გაყიდოს და კლიენტი არ დაკარგოს. ეტყობა, ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ გულწრფელი გაღიმება. საინტერესოა, ჩვენი ესტრადისა და ტელევიზიის „ვარსკვლავების“ უმრავლესობა საოჯახო ფოტოებშიც ასე ხელოვნურად იღიმება, როგორც ჩვენ ვხედავთ?

Wednesday, April 10, 2002

პლასტმასის ხელოვნება, ანუ „არ შეიძლება ქუჩაში გახვიდე და მოისაქმო“

საქართველოში მამებისა და შვილების ბრძოლა არ არის, რადგან მამები არ არსებობენ

პლასტმასა ხელოვნურად მიღებული ქიმიური პოლიმერია და ის მე-20 საუკუნის პირმშოა. დღეს საქართველოში მას სულ უფრო ხშირად იყენებენ ხელოვნების სხვადასხვა დარგის განსაზღვრისათვის. რა თქმა უნდა, სიტყვა „პლასტმასა“ წინ ერთვის ხელოვნურ, შაბლონურ ხელოვნებას, რომელიც სულიერებას მოკლებულია და განკუთვნილია ფართო მასებისთვის.

ამჯერად დავინტერესდი, როგორი სახით არსებობს პლასტმასის ხელოვნება ქართულ სინამდვილეში. ამ საკითხებზე აზრის გამოთქმა ვთხოვე ახალი თაობის მწერალს, ზაზა ბურჭულაძეს, კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილსა და ტელეჟურნალისტ სერგი გვარჯალაძეს.

„ჩვენ იმ საქმეს ვაკეთებთ, რაც ჩვენს მამებს უნდა გაეკეთებინათ“

ზაზა ბურჭულაძე (გრეგორ ზამზა): „ბოლო 30 წლის მანძილზე მსოფლიოს კულტურაში მიმდინარე პროცესებზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 70-იანები (ამ თანმიმდევრობით: როკ-მუსიკა, კინემატოგრაფია, დაბოლოს – ლიტერატურა) იყო დაბერებული დედამიწის ხელოვნების შეჯამება. თუნდაც, ავიღოთ ქართული ლიტერატურა. რაც 70-იან წლებში შეიქმნა, იმხელა მარაგია, რომელიც ჩვენს მომდევნო თაობებს სარჩოდ გაჰყვება (ოთარ ჭილაძე, გურამ დოჩანაშვილი და სხვები).

ჰესეს თუ ვენდობით, „მკითხველი კასტაა“. ასეა, ხელოვნების ნებისმიერი შემფასებელი უკვე კასტაა, ელიტაა, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. და ეს წრე დღითი დღე კიდევ უფრო ვიწროვდება. წარმოიდგინეთ, მუსიკაში ადრე შნიტკე და შონბერგი თავიანთი ნაწარმოებებით ეკონტაქტებოდნენ მსმენელს. ჩვენთვის სამწუხარო სინამდვილეა, რომ დღეს „პოპსა“ ამყარებს კონტაქტს მსმენელთან. განა, რომელიღაც პაზოლინის ფილმი 100 000 მაყურებლისთვის ერთნაირად მახლობელია? ცნობილი რეჟისორების ფილმების ნახვა ხომ ერთგვარი მოდაა. ოღონდ, ნუთუ ის წამხედურობა, რაც დღევანდელ ქართულ ესტრადაზე ხდება, მარტო მოდაა? ეს მგონი, რაღაც დაავადება, უფრო კიბოა, რომელსაც მეტასტაზები უკვე მსმენელში აქვს გადგმული. ვერ ხედავთ, რა დღეში არიან ქართველი ბრიტნი სპირსები და სკუტერები?

თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ბევრი ნიჭიერი მწერალია. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ერთდროულად ამდენი კარგი მწერლის არსებობა დიდად სასიხარულოა. დღეს ქართველი ახალგაზრდა მწერლები აკეთებენ იმას, რაც ვერ შეძლეს ჩვენმა მამებმა.

Tuesday, April 9, 2002

აწეული კაბების კვალდაკვალ ანუ კომკავშირული სიყვარული არ დაფრინავს

საქართველო ლექსის ქვეყანააო – ამბობენ. ლექსი კი, მოგეხსენებათ, მრავალნაირია. იგი შეიძლება იყოს გენიალური და რაღაც გენიალურზე მეტიც. შეიძლება ლექსი იყოს კარგი, საშუალო დონის, ან სულაც პატიოსნად დაწერილი (ისეთი, რომ არ მოგწონს, მაგრამ წუნს ვერ დაუდებ), მოკლედ რომ ვთქვათ – ენის მცოდნე და რითმის პოვნაში გაწაფული კაცის დაწერილი.

შეიძლება კაცმა გარითმულად დაწერო, მაგრამ ეს იყოს არა ლექსი, არამედ ის, რასაც ტექსტს უწოდებენ ხოლმე. ქართულ ესტრადაში „ვარსკვლავები“, როგორც წესი, „ტექსტით“ კმაყოფილდებიან.

ტექსტი ლექსთან შედარებით თავის გამოხატვის პრიმიტიული საშუალებაა. იგი ყოველთვის ერთნაირად მარტივია და იმის მიხედვითაც შეიძლება დაიყოს, თუ როგორია მისი ავტორი. ტექსტები შეგვიძლია დავყოთ კატეგორიებად:

1. „ჯიგარი“;
2. ჩვეულებრივი;
3. უაზრო;
4. უზრდელური (უხამსი);
5. ტუტუცური (თავხედური);
6. მუხთალი (ვერაგული).

მივყვეთ თანმიმდევრობით:

Monday, April 8, 2002

„პოპსა“ და პოპი

რა არის „პოპსა“? რა არის პოპ-მუსიკა? რა კავშირი და რა განსხვავებაა „პოპსასა“ და პოპს შორის? ყველა, ვინც გატაცებულია მუსიკის უფრო სერიოზული ჟანრებით: კლასიკით, როკით, ჯაზით და სხვა, თვლის, რომ ნებისმიერი კომერციული მუსიკალური პროექტი „პოპსაა“.

„პოპსა“ არის მუსიკისმაგვარი ბგერების მოწესრიგებული (ან მოუწესრიგებელი) მოძრაობა, რომლითაც მომღერალი (შემსრულებელი) იაფფასიანი, უგემოვნო საშუალებებით ცდილობს მასების, მეტადრე კი გაუნათლებელი ადამიანების ყურადღების მიპყრობას. ეს არის ტუტუცობის, თავხედობისა და უაზრობის აპოთეოზი. ასეთი „მუსიკა“ საოცრად ზედაპირულია და ბევრს სამართლიანად აღიზიანებს მისი პოპულარობის გამო. „პოპსა“ საბჭოური ტერმინია და იგი ე. წ. „პერესტროიკის“ დროს რუსეთში გაჩნდა („პოპსავიკებს“ ფონოგრამისტებს უწოდებდნენ), თუმცა მას ინგლისურ ენაშიც აქვს შესატყვისი. ინგლისელებში არსებობს თანამედროვე მუსიკის ასეთი დიფერენცია: „მიუზიკ“ და „მიუზაკ“. სწორედ, ეს უკანასკნელი შეესაბამება ჩვენებურ „პოპსას“. ამ უტიფარი „მუსიკის“ დასაყრდენი ძირითადად, ყვითელი მედიაა. მიუხედავად ამისა, „პოპსა“ იყიდება. შესაბამისად, მას „პოპსავიკები“ ყიდულობენ.

ვინ არის „პოპსავიკი“? ასეთ კატეგორიაში ძირითადად მოიაზრება (მაგარი „პოპსა“ სიტყვაა) მუსიკალურად გაუნათლებელი ადამიანი. „პოპსავიკი“ შეიძლება იყოს არა მარტო მსმენელი ანუ ასეთი „მუსიკის“ მომხმარებელი, არამედ მისი მწარმოებელი, ანუ – მომღერალი (შემსრულებელი). „პოპსავიკ“ შემსრულებლებს ჰყავთ ე. წ. ფანები, რომლებიც მათ უხარისხო სურათებს საცხოვრებელი ოთახების კედლებზე აკრავენ. „პოპსავიკი“ მუსიკოსი უნიჭოა, მას შეიძლება არ ჰქონდეს ხმა, სმენა, თვით გარეგნობაც კი. რაღა თქმა უნდა, ასეთ მომღერალს არც ნამუსი აქვს, სამაგიეროდ, ჰყავს ფანები. თავად „მუსიკას“ საფუძვლად უდევს ანანიზმი და მარაზმი. „პოპსას“ ანანისტობაში ბრალი რუსული Mtv-ის გადაცემა Shit-Parade-მა დასდო, ხოლო ჩვენთან მსგავსი ბრალდება „პოპსას“ გაზეთ „ახალი ვერსიის“ „ხით-ჰიტ პარადმა“ წაუყენა.

როკის, ჯაზის, კლასიკის და თუნდაც პოპისგან განსხვავებით, „პოპსას“ მიმდევრები არა ჰყავს, მისი აუდიტორია მუდამ დროებითია. „პოპსავიკი“ მსმენელი ამ „მუსიკაში“ მისი ავადმყოფური, ხელოვნური, შაბლონური, არაბუნებრივი, ვითომ სასიყვარულო წარმოსახვების დაკმაყოფილებას ცდილობს. მაგრამ მისი ფანტაზიები ვერ ცილდება „სათაყვანებელი“ „ვარსკვლავის“ ცხოვრებისეულ ეპიზოდებს, ანუ ყველაფერი ისეა, როგორც ტელესერიალებში – მაყურებელი „საპნის ოპერის“ გმირთა ცხოვრებით ცხოვრობს. ასეთ ‘ცხოვრებაში“ კი მსმენელს ყვითელი პრესა ეხმარება (მასზე საუბრით თავს მეტად აღარ შეგაწყენთ). უბრალოდ, მახსენდება ბრიტანული პოპ-დუეტის „პეტ შოპ ბოის“-ის წევრის გამონათქვამი ყვითელ პრესაზე: „ჩვენ გავიკეთეთ შავი სათვალეები, ცოტას ვლაპარაკობდით და ყველას ძალიან ჭკვიანები ვეგონეთ“.

პოპ-მუსიკა სულ სხვა მცნებაა. იგი თავის თავში მოიცავს თანამედროვე მუსიკაში არსებულ თითქმის ყველა ჟანრს. პოპ-მუსიკოსი საკმაოდ ერუდირებულია (მუსიკაში რაღაც გაეგება). უკიდურეს შემთხვევაში, მას სხვისი კარგად შესრულებული მუსიკა მაინც აქვს მოსმენილი. „პოპსავიკისგან“ განსხვავებით, პოპ-მუსიკოსი ხშირად მუსიკალურ ექსპერიმენტსაც აკეთებს. „პოპსავიკი“ კი ყოველთვის ერთ დონეზეა გაყინული და მისი შემოქმედება არ ვითარდება. პოპ-მუსიკა ძირითადად განკუთვნილია გართობისთვის, ცეკვისთვის (მას ასეთი საფუძველი აქვს), რაც სრულებით არ ნიშნავს, რომ ეს მუსიკა მხოლოდ იაფფასიანია, მაგრამ ის აუცილებლად კომერციულია. კომერციულია „პოპსაც“, მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, უაზროა. მის ტექსტებზე საუბრისგან ღმერთმა დაგვიფაროს. პოპ-მუსიკაში არსებობს უბრალო ტექსტები, რომელსაც პოეზიის შედევრობაზე პრეტენზია არცა აქვს.

პოპ-მუსიკოსი თავმდაბალია, „პოპსავიკი“ – საკუთარ თავზე შეყვარებული იდიოტი. პოპ-მუსიკა სასიამოვნო მოსასმენია, „პოპსა“ – გამაღიზიანებელი. პოპ-მუსიკა ან ამდიდრებს, ან უცვლელად ტოვებს მსმენელის გემოვნებას, „პოპსა“ – აქვეითებს. პოპ-მომღერალი შეიძლება ერის სახეც იყოს, „პოპსავიკი“ – მისი სირცხვილი.

არ გეგონოთ, რომ აღფრთოვანებული ვარ პოპით, მაგრამ მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რადგან ეს ჩვეულებრივი, პატიოსანი ბიურგერებისათვის განკუთვნილი მუსიკა მელოდიური, რიტმული და უბრალოა. იგი კარდინალურად განსხვავდება მარაზმისგან, რის მოსმენასაც ასე მონდომებით „გვატენიან“ ასევე „პოპსა“ მასობრივი საშუალებებით.

Tuesday, April 2, 2002

„თეატრი მიკროფონთან“ – სპექტაკლები რადიოში

ქართული რადიოთეატრი მუშაობას აგრძელებს

ხმა გავრცელდა, თითქოს საქართველოს „მთავარ რადიოში“ რადიოსპექტაკლების დადგმა შეწყდა და მეტიც – რადიოთეატრი საერთოდ დაიხურა. ამ საკითხით დავინტერესდით და „მთავარი რადიოს“ ეროსი მანჯგალაძის სახელობის თეატრ-სტუდიის ხელმძღვანელს, ზურაბ კანდელაკს მივმართეთ. მისი თქმით, რადიოსპექტაკლები რადიოს გახსნიდან დღემდე წარმატებით იდგმება. ადრე, სანამ მაგნიტოფონი გაჩნდებოდა, მსახიობები ცოცხალ ეთერში თამაშობდნენ და გადაცემა „თეატრი მიკროფონთან“ ერქვა. 50-იანი წლების დასაწყისიდან, ანუ მას შემდეგ, რაც რადიოში მაგნიტოფონები დაიდგა, რადიოსპექტაკლების ჩაწერა დაიწყო და ფონდში უამრავი ძველი დადგმაა დაცული, პირველი 1951 წლით თარიღდება.

ამ უნიკალურ ფონდში ყველა იმ მსახიობის ხმა ინახება, რომელიც სხვადასხვა დროს ქართულ სცენაზე მოღვაწეობდა: ვასო გოძიაშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე, სერგო ზაქარიაძე, გიორგი შავგულიძე, იაკობ ტრიპოლსკი, უშანგი ჩხეიძე და სხვები. შემდეგ სტუდიას ეროსი მანჯგალაძის სახელი მიენიჭა. ეროსი სწორედ რადიოში გამოჩნდა, ის დიქტორი იყო და მერე გახდა ფეხბურთის კომენტატორი. დღეს რადიოში წელიწადში 20-25 ახალი სპექტაკლი იდგმება. კვირაში 4 დღე რადიოდადგმებს ეთმობა, რა თქმა უნდა, ძველებიც მეორდება.

ზურაბ კანდელაკი: „მსახიობებს ყოველთვის ვიწვევთ, რადგან ჩვენთვის მსახიობის ხმა ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი მოწვევისთანავე ზურაბ ყიფშიძემ ძალიან საინტერესო პერსონაჟი შექმნა. ჩვენ გვყავს, როგორც შტატში მყოფი რეჟისორები, აგრეთვე, მოწვეულებიც. აქ სპექტაკლები დაუდგამთ: მიშა თუმანიშვილს, რობერტ სტურუას, თემურ ჩხეიძეს, არჩილ ჩხარტიშვილს, აკაკი ვასაძეს და სხვებს. ჩვენ გვსურს, დავაინტერესოთ ახალგაზრდებიც“.

რადიოთეატრმა წლების განმავლობაში პოპულარობა შეინარჩუნა როგორც ჩვენთან, ასევე, საზღვარგარეთ. სატელევიზიო თეატრში, რომელსაც ვიდეოფილმი ჩაენაცვლა, გამომსახველობითი ფორმები შეიცვალა, ხოლო რადიოში ხმა დარჩა. რადიოთეატრის სამი ძირითადი კომპონენტია: სიტყვა, მუსიკა და ხმაური. გერმანიაში ყოველ „მიწას“ საკუთარი რადიო აქვს.

ზურაბ კანდელაკი დაუკავშირდა ვესტფალის მხარის რადიო „ვედეერთან“. იქ წელიწადში დაახლოებით 80 ახალ სპექტაკს დგამენ, რადიოთეატრი ძალიან მაღალ დონეზეა განვითარებული. მთელ გერმანიაში კი ყოველწლიურად ათასამდე ახალი სპექტაკლი იდგმება. გერმანელები 6 თვით ადრე ადგენენ რადიოეთერში გასასვლელი სპექტაკლების პროგრამას და ეს შემდეგ ჟურნალის სახით გამოდის. რაც მთავარია, საზღვარგარეთ ბევრი საერთაშორისო ფესტივალი ტარდება (კინოფესტივალების მსგავსად).

Monday, April 1, 2002

„შარაგზის ყვავილები“

არავისთვისაა გასაკვირი, რომ ქართველები, ერთობ ორიგინალური ხალხი ვართ. აქედან გამომდინარე, ალბათ, არც ქართველი როკ-მუსიკოსების არაორდინარულობამაც უნდა გაგვაოცოს. ამ სფეროში მოღვაწე ჟურნალისტისთვის უცხო არ არის, რა რთულია ქართველი როკ-მუსიკოსების თავმოყრა. კონცერტი იქნება თუ ალბომის ჩაწერა, მათ, პირველ რიგში, აინტერესებთ, კიდევ ვინ იღებს პროექტში მონაწილეობას. ვაი, იმ ორგანიზატორს, რომელიც გაბედავს მათ გვერდით ვინმე პოპსავიკის „შემოპარებას“. მის მიმართ რისხვა გარანტირებულია.


ამჯერად ყველაფერი მშვიდობიანად ჩამთავრდა და 1 აპრილიდან მუსიკალური მაღაზიების დახლებსა და ბაზრობებზე გამოჩნდება უნიკალური ალბომი, რომლის ჩაწერაშიც 11-მა როკ-შემსრულებელმა მიიღო მონაწილეობა. ალბომს ჰქვია „შარაგზის ყვავილები“ და მასში იმ სიმღერათა რიმეიკებია შესული, რომლებსაც ჩვენ ათიოდე წლის წინ მარშრუტკებსა და საქალაქთაშორისო ავტობუსებში ვისმენდით. ეს მუსიკოსების ხუმრობა, ჭორი მეგონა, ვიდრე თავად არ მოვისმინე. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ალბომში შესული სიმღერების ნაწილი გასული საუკუნის დასაწყისშიც კი სრულდებოდა საქართველოს მსხვილ ქალაქებში, ამიტომ, ჩემის მხრივ, ალბომს „ეპოქის ნოსტალგია 1“ ვუწოდე.

ფირფიტას (კასეტასაც) ხსნის ირაკლი ჩარკვიანისა და ქეთათოს დუეტი სიმღერით „შუშანიკას ტუფლი უჭერს“, რომელსაც ქართული ანდერგრაუნდის უთვალსაჩინოესმა ფიგურამ ელექტრონულ-ციფრული სული შთაბერა და ის ძალზედ საინტერესოდ ისმინება. ლადო ბურდული სოციალურ და პოლიტიკურ დატვირთვას აძლევს ნაკლებადცნობილ შოფრულ სიმღერას „არ მინდა არაა“-ს. სიმღერაში მოთხრობილია შემთხვევა ერთ ავტოგასამართ სადგურზე. ტექსტის მთავარ გმირს „აი-93“-სა და „აი-76“-ის მარკის ბენზინის ჩასასხმელი ფული არა აქვს, ხოლო ამ სადგურის ოპერატორის მიერ შემოთავაზებული „აი-72“ მარკის ბენზინის ჩასხმაზე უარს ამბობს და მოთქვამს: „არ მინდა არაა, ამ ცხოვრების, ამ მთავრობის დედა ვატირე“.

ნინო ქათამაძე „ინსაიტთან“ ერთად ასრულებს 70-იანი წლების მიწურულის შლაგერს „მანქანას ვაჩერებ და ჩამოვდივარ“. შიგადაშიგ სიმღერაში ნინო ჩვეული ოსტატობით წამოისვრის ფრაზებს: „აჰ, მამაჯან“, „ჰაჯან“ და ა.შ. საინტერესო სიმღერა აურჩევია სერგი გვარჯალაძეს, რომელიც შორს აღარ წავიდა და გასული საუკუნის 90-იანების ჰიტს – „აბობოქრებულ ზღვაში გატარებ“-ს ელექტრონული ჟღერადობა მისცა. გასაოცარი ენერგიით წარმოთქვამს სერგი წინადადებას: „შენ შემოგებლოს (და არა შემოგევლოს) სიცოცხლე ჩემი!“. რობი კუხიანიძემ „აუტსაიდერთან“ ერთად საკვირველად მცირედაგრესიული მანერით შეასრულა ეპოქალური „რა ვქნა, რომ ბედი არ მწყალობს“, მაგრამ ფინალში მას ნერვებმა უმტყუნა და ფრაზა „არ ვიცი, ვის დავაბრალო“ ჩვეული ექსპანსიურობით გადააკეთა: „მე, მხოლოდ მე დამაბრალეთ“! ბაკურ ბურდულმა მართლაც სასიამოვნოდ გამაოცა ლირიკული შესრულების მანერით სიმღერაში „ჩამოვიარე მე შენს ქუჩაზე“.

„მწვანე ოთახს“ რატომღაც სუფრული ნოსტალგია მოეძალა და აჩიკო გულედანმა „აღარ მეძახიან ბიჭები საქეიფოდ“ შეასრულა. სიმღერა ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ბიჭის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მეგობრებს დაავიწყდათ და საქეიფოდ აღარ ეძახიან. „დამისხით ძმებო, დამალევინეთ“, – ამაოდ ითხოვს სიმღერის გმირი. Soft Eject-მა კომპოზიცია რატომღაც ქართულ ენაზე იმღერა ტრადიციული R&B-ის სტილში, რომელიც „შავ“ სამყაროს ეძღვნება და მას „მე ჩემი გითხარ, ძმაო“ ჰქვია. ახალი იმიჯით გაიბრწყინა „ზუმბამ“ და მისმა ფრონტმენმა ზაზა კორინთელმა, რომელმაც უცნობი ავტორის „პონჩიკივით ლოყები“ შეასრულა. სიმღერა სატრფიალოა და იგი სოფლის შარაგზაზე მიმავალ გოგონას ეძღვნება, რომელსაც „პონჩიკივით“ ლოყები და მაყვალივით ტუჩები აქვს. ტექსტის უცნობ ავტორს შესანიშნავი შედარებისთვის მიუმართავს და ჰიტის ადრესატის სახე მსმენელის თვალწინ რეალურად ცოცხლდება. ფრანგულ-ქართულმა სუპერჯგუფმა „შუქი მოვიდა“-მ და მისმა ლიდერმა ფრედი პაიანმა რუსულ-ქართულ-სომხური „ტრიციტ პერვი გოდში იყო შენი კანეცი“ ფრანგული აქცენტით იმღერა. ამ სიმღერის უხერხულ (უცენზურო) სიტყვებს ფუზიანი გიტარის ხმა ახშობს. „33ა“-ს ვოკალისტი ნიაზ დიასამიძე კი „მოკლე კაბა და მოკლე კაბით“ ხურავს ალბომს. სიმღერა შოფრულია და მასში მძღოლისა და ქუჩიდან მანქანის კაბინაში აყვანილი მოკლეკაბიანი, საეჭვო ყოფაქცევის გოგონას ხანმოკლე სასიყვარულო რომანის სევდიანი ამბავია აღწერილი.

„შარაგზის ყვავილები“ სტუდია Geo.Records-შია ჩაწერილი და მისი პროდიუსერია ბასა ჯანიკაშვილი. ალბომის ყდაზე გაკეთებული წინასიტყვაობა ჟურნალისტ ბიძინა მაყაშვილს ეკუთვნის, ხოლო დიზაინზე გია მირიანაშვილმა იზრუნა. საინფორმაციო მხარდამჭერია „ახალი ვერსია“ და „კომუნიკატორი“. შეიძინეთ ეს ალბომი და მისი მოსმენის შემდეგ თქვენ აუცილებლად იტყვით: საღოლ, ძმაო! 

იჩქარეთ, დღეის აქეთ ალბომს, ალბათ, ვეღარ იშოვით.