Monday, May 20, 2002

სიბრძნე სიყალბისა, ანუ სად მივყავართ უტიფრობის ნიაღვარს

„კუდიანი კომეტები“ უთავო პოლიტიკოსების სამსახურში

„უცნაური გრძნობა შემომერია, ეს ქვეყანა თვალწინ გადამერია“, – ვერაფერს იტყვი, ნაცნობი გრძნობაა, მხოლოდ ისაა უცნაური, რომ ამ სიტყვებს იმათგან ისმენ, ვისი „მოღვაწეობის“ შედეგადაც ეს გრძნობა ასე ხშირად გვეუფლება. მოდით, დავაკვირდეთ ქართული ესტრადის, ერთი შეხედვით, მრავალფეროვან პალიტრას.

მუსიკა, სიბრძნე, სიცრუე და პოლიტიკა

ქართული თანამედროვე მუსიკის ცის ტატნობზე აკიაფებული „ვარსკვლავები“ (ალბათ უფრო მართლები ვიქნებით თუ ვიტყვით – „კუდიანი კომეტები“) დიდი ხანია მოურიდებლად შეიჭრნენ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და რადგან, ალბათ, გრძნობენ, რომ ადამიანთა გულებში მათი ადგილი არ არის, ყოველდღე ახალ-ახალ ხრიკს მიმართავენ ჩვენს ცხოვრებაში მაინც რომ დაიმკვიდრონ ადგილი. ალბათ იმასაც კარგად ხვდებიან, რომ მათმა ერთნაირად უსახურმა და უშინაარსო სატრფიალო სიმღერებმა (სადაც სიყვარული მხოლოდ სიტყვის მასალაა) ყველას თავი მოაბეზრა და ამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად ეპოტინებიან ისეთ თემებს, რომლებთან შეჭიდებისას მხატვრული ოსტატობა თუ არა, უბრალოდ, მორალური უფლება მაინც უნდა გქონდეს.

მაგალითად, როდესაც შენი მამიკო ტყეების განადგურებაშია მხილებული, ხოლო შენ ამ გაყიდული ხე-ტყის ფასად სცენაზე დგახარ და ყმუი, იმდენი ნამუსი მაინც უნდა შეგრჩეს, რომ „ტყე შეუნახე შვილებსა“ ცინიკური ღიმილის გარეშე იმღერო.

Monday, May 13, 2002

სავიზიტო ბარათები

მუსიკის მოსმენა არც ისე ადვილი საქმეა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. დღეს ნებისმიერი მუსიკალური ნაწარმოები, წარმოადგენს შოუბიზნესის პროდუქტს, კლასიკა იქნება ეს, ფოლკლორი თუ თანამედროვე პოპი ან როკი. ამიტომ მუსიკის მოსმენა და აუდიო მატარებელზე (ვინილის ფირფიტა, კასეტა, კომპაქტ-დისკი) ჩაწერილი ინფორმაციის გაცნობა უკვე მაღაზიაში, მისი ყიდვის პროცესში იწყება. უფრო მეტიც, პირველი შთაბეჭდილება აღნიშნულ პროდუქტზე მისი კონვერტის, ყდის გაფორმების გაცნობით ხდება. ცდება ის, ვინც იგნორირებას უკეთებს ალბომის გაფორმებას, რადგან სწორედ გარეკანი არის ის სავიზიტო ბარათი, რომელიც პირველ შთაბეჭდილებას ტოვებს მუსიკალური პროდუქციის მომხმარებელზე.

ალბომის გაფორმებაზე ბევრად არის დამოკიდებული, როგორი გემოვნების მომხმარებელს მიიზიდავს ის და ამისთვის უცხოელი მუსიკოსები ძალიან ბევრ ფულს ხარჯავენ. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერ შტრიხს, ასოების კონფიგურაციას, ფოტოს ან ნახატს. ბევრ შემთხვევაში ალბომის გარეკანი მართლაც ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს და მასში ნათლად არის გადმოცემული ბევრი ის ნიუანსი, რომელიც შესაძლოა მუსიკოსმა ალბომში შესულ საკუთარ ქმნილებებში ვერ გადმოსცა (სათქმელი ბოლომდე ვერ თქვა). ამიტომ დისკზე სრულყოფილი წარმოდგენის შექმნისათვის აუცილებელია ორიგინალი შევიძინოთ. ე. წ. „მეკობრეები“ კი ცდილობენ პროდუქტს რაც შეიძლება მარტივი, თანაც უხარისხო გაფორმება მისცენ. ამის შესანიშნავი მაგალითია თუნდაც დევიდ ბოუვის შესანიშნავი ალბომი Outside, რომლის ორიგინალს თან ერთვის ალბომის ერთ-ერთი გმირის პირადი დღიურები, რომლის შესახებაც თავად სიმღერების ტექსტებში არაფერია ნათქვამი. ხოლო არაორიგინალ გამოცემებში, რა თქმა უნდა, ეს დღიურები არ არის, რაც, რა თქმა უნდა, ხელს უშლის ალბომის სრულყოფილ აღქმას. მსგავსი მაგალითები როკ-მუსიკის ისტორიაში კიდევ მრავლად მოგვეპოვება. გასული საუკუნის 70-იან წლებში ძალიან ორიგინალურად აფორმებდნენ საკუთარ ალბომებს მაშინდელი დიდი ჯგუფები. მაგალითად „როლინგ სტოუნზმა“ საკუთარი ფირფიტის კონვერტში ჯინსის ნაჭერი ჩააკერა და იმისათვის, რომ კონვერტიდან ფირფიტა ამოგეღოთ აუცილებლად უნდა გაგეხსნათ ჯინსის ელვასაკრავი.

საოცრად მაღალმხატვრული გაფორმება ჰქონდათ ჯგუფებს: „პინკ ფლოიდს“, „ჯენესისს“, „ლედ ზეპელინს“, „იესს“, „ემერსონ, ლეიკ ენდ პალმერს“, „კინგ ქრიმსონს“ და სხვებს. საპრომოუშენო მანქანის მნიშვნელოვანი დეტალია ალბომის გაფორმება, რომელიც არამარტო კომერციული წარმატებისთვის არის განკუთვნილი, არამედ მუსიკოსის აზროვნების განმსაზღვრელი დამატებითი შტრიხია (ისევე როგორც ვიდეოკლიპი). თუმცა ალბომების გაფორმების ორიგინალურობით არა მარტო როკ-ჯგუფები გამოირჩეოდნენ. პოპ-შემსრულებლებიც დიდ ყურადღებას უთმობენ იმას, რომ მათი ფირფიტების გაფორმება კონცეპტუალური იყოს, ანუ რაღაც კავშირი მაინც ჰქონდეს იმასთან, რაზეც ისინი ალბომში მღერიან. იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთმა მძიმე ჯგუფმა ორიგინალურობისათვის ფირფიტის ყველა ეგზემპლარში ქალის საცვალი ჩადო.

ნამდვილად საშინელებაა ქართული მუსიკალური პროდუქციის უმრავლესობის გაფორმების ნიმუშებზე თვალის შევლებაც კი. მათში თითქმის იგნორირებულია მუსიკოსის კონცეპტუალური ხედვა (ალბათ იმიტომ, რომ ასეთი ხედვა მათ საერთოდ არ გააჩნიათ). ძირითადად, ალბომების გარეკანებზე მომღერალთა ფოტოებია – ისიც უხეირო. ადამიანს თვალში ხვდება დაბალი ხარისხის პოლიგრაფია. ხშირ შემთხვევაში გარეკანზე მუსიკოსების არაფრისმთქმელი, ხელოვნური ემოციების (ან საერთოდ უემოციო) სახეებია გამოსახული. ახლა მოდაში შემოვიდა მათივე ავტოგრაფებიანი ყდები, თითქოს ამით ალბომი უფრო გაიყიდება.

ძალიან საინტერესოა, რატომ ღირს ქართული ჩანაწერები ასეთი ძვირი, როდესაც მათი უმრავლესობა უგერგილოდ არის გაფორმებული და თავად კომპაქტ-დისკიც ტექნიკურად ძალიან დაბალი ხარისხისაა? ამ ალბომების აბსოლუტური უმრავლესობა ჩაწერილია ე. წ. CD-რომებზე, ანუ საყოფაცხოვრებო ჩასაწერ კომპაქტ-დისკებზე. ფირფიტების გამომშვებთა თავხედობა იქამდეც კი მიდის, რომ თავად დისკის ზედაპირიც კი არა აქვთ გაფორმებული (მასზე უშნოდ წადღაბნილ მომღერალის სახელი და გვარი არ არის სათვალავში ჩასაგდები). თუმცა ქართულ მუსიკაში ამ მხრივ არის გამონაკლისი ალბომებიც, რომლის ავტორებსაც ნაღდად იზრუნეს გაფორმებაზე. ძალიან საინტერესო კონვერტი ჰქონდა „აუტსაიდერის“ 1992 წელს მოსკოვში გამოსულ ვინილის ფირფიტას (LP) „ინსაიდი“. ტექსტებიანი ალბომი „მკვლელი“ კასეტის სახით „აუტსაიდერმა“ 1997 წელს ქუთაისში გამოუშვა. ბოლო წლებში გამოსულ კომპაქტებიდან მართლაც სასიამოვნო გაფორმება ჰქონდა „სოფთ იჯექტის“-ის Wanderer-ს (სიმღერების ტექსტებითურთ), მამუკა ბერიკასა და ნიკა წერეთლის „ანიდან ჰოემდე“-ს, „33 ა“-ს „გზა“-ს და სხვა თითზე ჩამოსათვლელ ალბომებს.

Sunday, May 5, 2002

ფოლკლორი თუ პროდუქტი

დღეს, როდესაც ქართული თანამედროვე მუსიკის უნიათობასა და უგემოვნებობაზე ვსაუბრობთ, ალბათ, ბევრს ავიწყდება აღნიშნოს, როგორ შორდება იგი საკუთარ ფესვებს, ანუ ფოლკლორს. თუკი ადრე ქართულ ესტრადაზე ცდილობდნენ მაინც, ქართული ჰარმონია არ დაეკარგათ, დღეს, სიტუაცია კარდინალურად შეცვლილია.

ალბათ, გიკვირს, ჩემო მეგობარო, რატომ ვიკლავთ ქართველები საკუთარ გენში საუკუნეების განმავლობაში გამჯდარ ქართულ ჰარმონიას, გაინტერესებს, შოუბიზნესის რომელ „შავ ხვრელებში“ იკარგება ქართული პოლიფონია. შენ იცი, რომ რამდენიმე ხმაში სიმღერას ერთიანობა სჭირდება და ეჭვობ, რომ სწორედ ეს გვაკლია.

ბევრი იმ საფრთხეს, რომელიც ფოლკლორს ემუქრება, გლობალიზაციას აბრალებს. მიუხედავად იმისა, რომ შენ, ჩემო მეგობარო, არც გლობალისტი ხარ და არც – ანტიგლობალისტი, მაინც კარგად ამჩნევ, რომ ისეთ „გლობალისტურ“ ქვეყანაში, როგორიც თუნდაც ამერიკაა, ჩვენგან განსხვავებით, დიდ პატივს სცემენ საკუთარ ხალხურ შემოქმედებას. თვით მუსიკალურ აკადემიაში („გრემი“) არსებობს ნომინაციები, რომელსაც წლის საუკეთესო ქანთრი შემსრულებლებს აკუთვნებენ. ფოლკლორს, ასევე უდიდეს პატივს მიაგებენ დასავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნებშიც. იმის გარდა, რომ ევროპელებს ძალიან უყვართ საკუთარი ხალხური შემოქმედება, სიამოვნებით უსმენენ და სწავლობენ აფრიკულ თუ იაპონურ მუსიკასაც.

შეიძლება ვინმეს პარადოქსადაც მოეჩვენოს, მაგრამ კომუნისტურ, სოციალისტურ საქართველოში, თითქმის არ არსებობდა ისეთი საშუალო სკოლა, სადაც ხალხური სიმღერის შემსწავლელი ერთი ჯგუფი მაინც არ მუშაობდა. დიდი ყურადღება ეთმობოდა ხალხური მუსიკის სასკოლო ოლიმპიადებს, რომლებიც ყოველწლიურად იმართებოდა თბილისში და მას ფართოდ აშუქებდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. მსგავსი ფესტივალები არა მარტო ბავშვებისთვის ეწყობოდა. ასეთ ფესტივალებზე საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსული შემსრულებლები საკუთარ შემოქმედებას აცნობდნენ მაყურებელს. ვფიქრობ, ასეთი ტრადიციების მოშლა მარტო უფინანსობას და სოციალურ სიდუხჭირეს არ უნდა დავაბრალოთ. შენ, ჩემო მეგობარო, ამბობ, – ფოლკლორის შევიწროვების საშიშროება იმიტომ არსებობს, რომ სოფელი სოფელს აღარ ჰგავსო.

ბედნიერებაა, რომ საქართველოში ცხოვრობდა ჰამლეტ გონაშვილი. მისი შესრულების ოსტატობა ნამდვილად სცილდებოდა ხალხური მუსიკის საზღვრებს, რადგან ის არ იყო მხოლოდ რიგითი შემსრულებელი. ჰამლეტ გონაშვილი გულში ატარებდა ქართულ მელოდიას და ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე მღეროდა. ასეთი მომღერალი, ალბათ, საუკუნეში ერთხელ იბადება.

მიუხედავად იმისა, რომ ფოლკლორს საქართველოში დიდი მოამაგე და გულშემატკივარი ჰყავს ანზორ ერქომაიშვილის სახით, სამწუხაროდ, დღეს ყველანაირ მუსიკაში მხოლოდ კომერციულ სარგებელს ხედავენ, ამიტომ ქართული ტრადიციული მუსიკა რაღაც მეხუთეხარისხოვანი გახდა. მავანი ალბათ, იმასაც იტყვის, რომ ამ პროდუქტზე (მაგარია არა, „პროდუქტი“?!) მოთხოვნილება არ არსებობსო. ისიც კი მიამბეს, რომ რომელიღაც ფოლკლორული ანსამბლი კონცერტზე „პლიუს“ ფონოგრამითაც გამოსულა. აი, სეირი! ამაზე აღშფოთებაც კი აღარ შეიძლება...

რაც დრო გადის, მით უფრო „ანტიხალხური“ ხდება უძველესი ქართული სიმღერა. დღეს ბევრი თანამედროვე მუსიკოსი უამრავ ექსპერიმენტს აკეთებს ხალხურ მუსიკაში, ცდილობენ, რაც შეიძლება, გაათანამედროვონ. შენ ფიქრობ, რომ „ერისიონის“ სუპერპოპულარული კომპოზიცია „შატილის ასულო“ ძალიან უხეიროდ არის გარემიქსებული, მაგრამ ამ სიმღერამ მაინც გაახსენა ქართველებს, რომ ჩვენ სატინგლიცო პოპსას გარდა, ფოლკლორიც გვაქვს. საინტერესოა, ისიც, რომ ბევრმა ახალგაზრდამ სწორედ ამ ჰიტის მოსმენის შემდეგ გაიგო, რომ ასეთი სიმღერა საერთოდ არსებობს. საინტერესოა ისიც, ზოგიერთი ახალგაზრდა ქორეოგრაფი დღეს სხვადასხვანაირად აღიქვამს ორ სიტყვას, – „ხალხურსა“ და „ფოლკლორს“. არადა, ფოლკლორი ყველა ენაზე ხალხურ შემოქმედებას ნიშნავს.

სამწუხაროდ, ყველაფერი იქით მიდის, რომ ქართულ სიმღერას მალე ჩვენ, ალბათ, უცხო ქვეყნის მუსიკად აღვიქვამთ, ხოლო „მრავალჟამიერსა“ და „ჩაკრულოს“ მხოლოდ ახალი წლის ღამით მოვუსმენთ.

ღმერთმა ამ სიმღერების გარეშე ერთი დღეც ნუ გვაცხოვროს.

Saturday, May 4, 2002

რუსუდან ფეტვიაშვილი ბოროტ ადამიანს ვერ ხატავს

ცნობილი მხატვარი მათეს სახარებას ასურათებს და ფიქრობს, რომ ბოროტი ადამიანი არ არსებობს

თბილისში, ელიას მთაზე წმინდა სამების ტაძრის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. „ახალი ვერსია“ წლის დასაწყისიდანვე ცდილობს, მკითხველს გააცნოს ამ ტაძართან დაკავშირებული ყველა სიახლე. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წინადადებითა და ლოცვა-კურთხევით სამების ტაძრისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი სახარება მზადდება, რომელზეც შემოქმედთა ჯგუფი მუშაობს. ოთხთავი ეტრატზე (ხბოს ტყავზე) ხელით იწერება.

სახარებაზე მუშაობდნენ გადამწერები: რაფაელ გოგიტიძე, თამარ თეთრაშვილი და მეუფე დავითი (მახარაძე), ხატმწერები: გურამ ჟვანია, ლაშა კინწურაშვილი, თამარ გურაშვილი, ლიზა ჩქარეული, შოთა ცხვიტავა, ლევან მარგიანი, მამა ალექსანდრე (გალდავა) და რუსუდან ფეტვიაშვილი. ლია მიქიანი ამ სახარების ყდას ვერცხლისგან გამოჭედავს, ხოლო გიორგი ღუდუშაური მინანქრებს ჩასვამს.

მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილს მკითხველის წინაშე ნამდვილად არ სჭირდება წარდგენა. ზოგიერთს გაუკვირდა კიდეც, როცა გაიგო, ფეტვიაშვილი ხატმწერი გამხდარაო, მაგრამ თავად რუსუდანი ამბობს, რომ მთელი მისი შემოქმედება სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის ამსახველი სურათების ხატვას დაეთმო, სადაც აუცილებლად სიკეთე იმარჯვებს. რუსუდან ფეტვიაშვილი ამჟამად მათეს სახარების დასურათებაზე მუშაობს. მას საპატრიარქოში ვესაუბრე.

------------------------------
მცირე პრეს–დოსიე
------------------------------
რუსუდან ფეტვიაშვილი 1968 წლის 25 იანვარს თბილისში დაიბადა.
დაამთავრა თბილისის 125-ე საშუალო სკოლა, შემდეგ კი – თბილისის სამხატვრო აკადემია.
ხატვა წლისა და 10 თვის ასაკში დაიწყო.
რუსუდან ფეტვიაშვილის მეუღლე, თემურ ბადრიაშვილი თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის დირექტორია.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

























– ქალბატონო რუსუდან, როგორ კავშირშია თქვენი პირადი, საერო შემოქმედება ხატწერასთან?

– ზუსტად ვერ გეტყვით, რადგან ოთხთავზე მუშაობა კონკრეტული თემაა. სანამ სახარებაზე მუშაობას დავიწყებდი, თითოეულ დღეს საპატრიარქოში ვატარებდი და წიგნებს ვკითხულობდი. მთელი ჩემი შემოქმედება სიკეთისა და ბოროტების ბრძოლას ასახავს. იგივე თემა სახარებაშიც არის გადმოცემული. ჩემს ნახატებში ყოველთვის სიკეთე იმარჯვებდა, სხვა ვარიანტი გამორიცხულია – ასეა თავიდანვე ჩაფიქრებული.

Monday, April 29, 2002

საზღვარგარეთ ქართული მართლმადიდებლური სამრევლო ეკლესიები შენდება

„სხვადასხვა ქვეყნებში ქართველები კვლავ დააფუძნებენ სულიერ სავანეებს, სადაც ჭეშმარიტ სარწმუნოებას იქადაგებენ“

მართალია, საქართველოში ზოგიერთი თვლის, რომ ქვეყანა აღმავლობის გზაზეა, მაგრამ თბილისში უცხო ქვეყნების საელჩოებთან გაწელილი რიგები სულ სხვა რამეზე მეტყველებს.

არაოფიციალური მონაცემებით, უკვე მილიონზე მეტმა ადამიანმა მიატოვა სამშობლო. ისინი საზღვარგარეთ, ფაქტობრივად, ბედის ანაბარა არიან დარჩენილები. საქართველოს ეკლესია კი თავის მოვალეობად თვლის, მოიძიოს და მზრუნველობა გაუწიოს სამშობლოდან იძულებით გადახვეწილ მრევლს, რათა ისინი გარკვეული დროის შემდეგ საკუთარ ოჯახებს მშვიდობით დაუბრუნდნენ.

საქართველოს საპატრიარქოს მიაჩნია, რომ ყველაფერი უნდა ვიღონოთ უცხოეთში მცხოვრებ ყველა ქართველის სამშობლოში დასაბრუნებლად. მართლმადიდებელმა ემიგრანტებმა კი უნდა იცოდნენ, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ცხოვრობდნენ, ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლში ირიცხებიან.

ქართველებმა მშობლიური ენა რომ არ დაივიწყონ და ქართულმა ეკლესიამ თავისი სულიერი შვილები არ დაკარგოს, ბევრ ქვეყანაში უკვე ქართული სამრევლოები დაფუძნდა.

ახლახან უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის იურისდიქციის ქვეშ საზღვარგარეთის რამდენიმე სამრევლო ეკლესია შევიდა. მათ შორისაა: ბრიუსელში – წმინდა თამარ მეფის სახელობის, მიუნხენში – წმინდა ვახტანგ გორგასლის, ვენაში – წმინდა დავით აღმაშენებლის და სტრასბურგში – წმინდა ქეთევან წამებულის ეკლესიები.

სულ მალე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ჰამბურგის, დიუსელდორფის, ლონდონის ჟენევისა და ლიონის სამრევლოებში მიავლენს თავის წარმომადგენლებს. ისინი ყველაფერს იღონებენ ჩვენი თანამემამულეების რწმენის განსამტკიცებლად, დაეხმარებიან იმ ქართველ ბიზნესმენებსა და საქმიანი წრეების წარმომადგენლებს, რომელთაც ჩვენი ქვეყნის გარეთ, ახალი ქართული სამრევლო ეკლესიების გახსნა აქვთ განზრახული.




















სულ ახლახან გერმანიიდან და ავსტრიიდან დაბრუნდა საქართველოს ეკლესიის დელეგაცია ცხუმ-აფხაზეთისა და მარგვეთის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელის ხელმძღვანელობით. მან მიუნხენში ქადაგებისას ბერძენი ხალხის მაგალითი მოიყვანა, რომელიც ახერხებს თვითმყოფადობისა და ეროვნულობის შენარჩუნებას ნებისმიერ უცხო ქვეყანაში. ქადაგების შემდეგ აჩვენეს დოკუმენტური ფილმი – „დღესასწაული დღესასწაულთა“, საღამოს კი გაიმართა მიღება-ბანკეტი, სადაც მოწვეულები იყვნენ ბერძენი, სერბი და რუსი სასულიერო პირები, უცხოეთში მოღვაწე ქართველები: პაატა ბურჭულაძე, ქრისტეფორე კირკიტაძე, ვახტანგ ჩხაიძე, კარლო ინასარიძე და სხვები. აჟღერდა მიუნხენის ეკლესიის მგალობელთა მიერ შესრულებული საგალობლები, ხალხური და სუფრული სიმღერები.

ხანმოკლე ვიზიტის მიუხედავად, იმდენად სავსე იყო ყოველი წუთი სულიერებითა და სიყვარულით, რომ მიუნხენის ეკლესიის მრევლისათვის ეს მთელ ეპოქად გადაიქცა. ვიზიტის მომზადებაში დიდი წვლილი მიუძღვის მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის ეკლესიის წინამძღვარს, მამა მამუკა თავხელიძეს და სამრევლო სათათბიროს. მეორე დღეს მეუფე დანიელმა მიუნხენის ბერძნულ მართლმადიდებლურ ტაძარში ბერძენ სამღვდელოებასთან თანამწირველობით სამღვდელმთავრო წირვა ჩაატარა. ტაძარი ვერ იტევდა ქართველ და ბერძენ მრევლს. ეს წირვა ორი მართლმადიდებელი ერის საერთო ზეიმად იქცა.

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლისთვის საღვთო ლიტურგია ყოველდღიურად აღევლინება. საქართველოს ეკლესიიდან მივლინებული დელეგაციის სტუმრობისას კი პირველად შესრულდა სამღვდელმთავრო წირვა. ხორციელის შაბათს, წირვას, ტრადიციისამებრ, მიცვალებულთა დიდი პანაშვიდიც მოჰყვა, რომელიც მეუფე დანიელის ქადაგებით დაგვირგვინდა.

ქართული სამრევლო ეკლესიების შესახებ „ახალ ვერსიას“ საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი, მამა დავითი (შარაშენიძე) ესაუბრა.

მამა დავითი: „მიუნხენსა და ავსტრიაში ეკლესიების გახსნა მამა მამუკას აქტივობაზე და მის დაუღალავ შრომაზე იყო დამოკიდებული. ესენი სამრევლო ეკლესიებია. მსგავსი ეკლესიები გაიხსნა სტრასბურგშიც. სამრევლოებში დიდი ტაძრები არ იგულისხმება. ხშირად ეს არის ერთი ოთახი – სამლოცველო. ტაძრების არარსებობდა კი, რა თქმა უნდა, ჩვენი დიასპორის ნაკლები აქტიურობის შედეგიცაა.

თუმცა ახალი ზელანდიიდან შეტყობინება მოვიდა, რომ ქართველების ჯგუფი იქ ეკლესიის აშენებას აპირებს. ჯგუფი საპატრიარქოს მღვდელმსახურის ახალ ზელანდიაში გაგზავნას გვთხოვდა. მოგვმართეს ლატვიიდანაც, მაგრამ, სამწუხაროდ, შემდეგ აღარ დაგვიკავშირდნენ. მოსკოვსა და პეტერბურგში არსებობს ქართული სამრევლო ეკლესიები, რომლებიც რუსეთის საპატრიარქოს იურისდიქციის ქვეშ არიან. ამ ტაძრებში ქართველი მღვდლები მოღვაწეობენ. უცხოეთში ჩვენი ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ იმყოფება მიუნხენის, ავსტრიისა და სტრასბურგის სამრევლო ეკლესიები. მალე ეკლესიები გაიხსნება ბრიუსელში, ლონდონსა და ნიუ იორკში. ნიუ იორკში მოღვაწეობს მამა მიქაელ ფოფხაძე, რომელმაც ხელდასხმა ჩვენი პატრიარქისგან მიიღო, თუმცა იქაც ადგილობრივი იურისდიქციის ქვეშ არიან. სხვათა შორის, ქართველი მოძღვრები ამერიკის სხვადასხვა ეკლესიებში მოღვაწეობენ. მინიაპოლისში მამა გიორგი ხიტირი სწირავს, რომელმაც განათლება ბოსტონის წმინდა ჯვრის სემინარიაში მიიღო. ამერიკაში კიდევ ბევრი ქართველი მოძღვარია, რომლებიც პერიოდულად ქართულად სწირავენ, თუმცა ჩამოყალიბებული ქართული სამრევლოები იქ არ არსებობს.

მამა კახა კურტანიძე საბერძნეთში, კერძოდ თესალონიკში მოღვაწეობს და მას იქ ნაწილობრივ ქართულად წირვის ჩატარების უფლების კურთხევაც აქვს მიღებული.

ჩვენს სამრევლო ეკლესიებთან შესაძლებლობის ფარგლებში გვაქვს კონტაქტი. მამა მამუკა თავხელიძესთან ელექტრონული ფოსტით ყოველკვირეული ურთიერთობა გვაქვს. ავსტრიასა და მიუნხენში გაზეთი „საპატრიარქოს უწყებები“ ვრცელდება. სამწუხაროდ, ამაზე მეტი შესაძლებლობა არ გაგვაჩნია. მის უწმინდესობას ბრიუსელსა და მიუნხენში ქართულ სამრევლოებთან ძალიან თბილი შეხვედრები ჰქონდა. საზღვარგარეთელ მრევლს ჩვენი სხვა იერარქებიც ხშირად ხვდებიან.

ზედმეტად თამამები ვიქნებით თუ განვაცხადებთ, რომ უცხოეთში ჩვენს სამრევლოებს მისიონერული ფუნქციაც აქვთ. თუმცა იმედი გვაქვს, ის კურთხეული დროც დადგება, როდესაც ქართველები, წინაპრების მსგავსად, სხვადასხვა ქვეყნებში სულიერ სავანეებს დააფუძნებენ, სადაც ჭეშმარიტ სარწმუნოებას იქადაგებენ. შეიძლება ხმამაღალი ნათქვამი გამოვიდეს, მაგრამ ამის წინაპირობები უკვე არსებობს“.

Wednesday, April 24, 2002

გზა ნიცშეს ზეკაციდან ღმერთამდე

მღვდელმონაზონ სერაფიმ როუზის ცხოვრება და მოღვაწეობა

ზოგიერთი ქართველი ქრისტიანისათვის არსებობს სტერეოტიპი, თითქოს მართლმადიდებლობა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის რელიგიაა და ასეთი ტრადიციების მქონე ქვეყნებშია გავრცელებული. თუმცა, თუნდაც ისეთ „არამართლმადიდებელ“ ქვეყანაში, როგორიც ამერიკაა, იყვნენ და დღესაც მოღვაწეობენ ისეთი სულიერების მქონე მოძღვრები, როგორიც იყო მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი.

მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში მამა სერაფიმმა სახელი საკუთარი წიგნებით გაითქვა, რომლის წაკითხვის შემდეგ უამრავმა ადამიანმა მკვეთრად შეცვალა საკუთარი მსოფლმხედველობა და ქრისტიანულად დაიწყო ცხოვრება. უდიდეს ამერიკელ მოძღვარს პატივს მიაგებენ არა მარტო მის სამშობლოში, არამედ ევროპაში, ავსტრალიასა თუ აზიაში, რა თქმა უნდა, საქართველოშიც.

მამა სერაფიმეს საერო სახელი იყო იუჯინი. იგი კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-დიეგოში ჩვეულებრივ პროტესტანტულ ოჯახში დაიბადა. პატარა იუჯინი სკოლაში მრავალმხრივი ნიჭით გამოირჩეოდა, მასწავლებლები მას ხშირად აქებდნენ. ერთხელ დედამ უთხრა: ასე თუ განაგრძობ, შორს წახვალო, რაზეც იუჯინმა უპასუხა: „მე სხვა რამ მსურს – მინდა ბრძენი ვიყო“.

პროტესტანტულ სკოლაში იუჯინი ბიბლიის გაკვეთილებს ესწრებოდა და საღმრთო წერილის ზეპირად ციტირებით მშობლებს ხშირად აოცებდა. 14 წლისა მეთოდისტურ ეკლესიაში მონათლეს. იუჯინი უარყოფდა თანატოლების იდეალებს, რომლებიც მანქანებით დასეირნობდნენ, დისკოთეკებსა და სხვადასხვა წვეულებებზე ერთობოდნენ. ის კი მარტო დაეხეტებოდა ტყეში და ბევრს ფიქრობდა. მას ერთმა ნაცნობმა გოგონამ „არა ამ სოფლისაგანი“ უწოდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა იუჯინი ჯერ კიდევ ერისკაცი იყო.

1952 წელს როუზმა სწავლა კალიფორნიის უძველეს უნივერსიტეტში, პომონაში განაგრძო.

იუჯინი საკმაოდ სიმპათიური ყმაწვილი იყო დიდი, ფიქრიანი თვალებით, ადამიანებთან ურთიერთობაში – მორცხვი და მოკრძალებული. მან ხანგრძივი, დაძაბული თვითძიების პროცესი დაიწყო და ამ გზაზე პირველმა ნიცშემ გაიტაცა – ნიცშემ, რომელიც ქრისტიანობას დასცინოდა როგორც სუსტების რელიგიას და შექმნა ახალი – „ზეკაცის“ მოძღვრება. მიუხედავად ამისა, როუზის მეამბოხე სულისთვის ეს ცოტა იყო. მოგვიანებით წერდა: „მინდოდა მეპოვნა წარუვალი, ყოველდღიურ საზრუნავს მიღმა მდებარე სამყარო – იმ საზრუნავს მიღმა, სულს რომ მოსვენებას არ აძლევს და თავის შემდეგ მარტოოდენ ხრწნისა და ლპობის სუნს ტოვებს“.

Tuesday, April 23, 2002

ჭკუით ინვალიდები

ცოტა არ იყოს, უცნაურები ვართ ადამიანები. ვიგონებთ ხოლმე ათასნაირ საოცრებებს. საინტერესო და, ამავე დროს, საკვირველია ჩვენს მიერ თუნდაც საკუთარი სახლების დახასიათება. დღემდე მიკვირს, რატომ ვუწოდებთ ოროთახიანს ისეთ ბინას, რომელშიც, სულ ცოტა 7 ოთახი მაინც არის. რატომღაც ხალხი შემოსასვლელს, სამზარეულოს, აბაზანას, „უბორნიას“ და ლოჯიას ოთახებად არ თვლის. არადა, ცხოვრების უმეტეს დროს ხომ ამ ოთახებში ვატარებთ და არა საძინებელსა და სასტუმროში (იგივე „ზალაში“), რომლებიც „ნამდვილ“ ოთახებად ითვლება. ეტყობა, ბინის „ნამდვილ“ და „არანამდვილ“ ოთახებად დაყოფა ვინმე ინვალიდმა მოიფიქრა, რომელმაც მთელი ცხოვრება საძინებელში ლოგინზე მიჯაჭვულმა გაატარა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ჩვენს ქვეყანას მთელი 70 წლის განმავლობაში ინვალიდები მართავდნენ, ეს გასაკვირი არ უნდა იყოს. ზოგი ფეხზე დგომისას, ოფიციალურ შეხვედრებზე ქვეშ ისვრიდა, ზოგსაც ჭკუა ჰქონდა ნაღრძობი და ა. შ.

ეჭვგარეშეა, ჭკუით ინვალიდები დღესაც არსებობენ და ისე მომრავლდნენ, რომ ყველა სფეროში მოიძებნება მათი „ღირსეული“ წარმომადგენელი. ეს ჭკუანაღრძობები, კომუნისტი წინაპრების მსგავსად, ათასგვარ ახალ სისულელეს იგონებენ და ერთმანეთს რაღაც „მამულიშვილურ“ წოდებებს აკერებენ. ისინი იმდენად ამბიციურები და უტვინოები არიან, რომ ყველაფერს ხალხის სახელით აკეთებენ. ზომბირებულებს კი სიამოვნებთ, მავანნი მათი სახელით რომ მოქმედებენ. ისინი ეგუებიან იმ სიმახინჯეებს, რასაც ჭკუით ინვალიდები მათ სთავაზობენ. შეჩვეულებს არავითარი პროტესტის გრძნობა არ უჩნდებათ, ჩუმად სხედან ე. წ. „ოროთახიან“ ბინებში და სჯერათ, რომ მათ ბინაში 7-ის ნაცვლად ორი ოთახია.

იგივე ხდება მასობრივ კულტურაშიც. აღმერთებენ (საერთოდ, რა საშინელებაა ეს გაღმერთება!) ისეთებს, რომლებიც თავად იკერებენ ვარსკვლავის „საპატიო“ წოდებებს. მათ უკაცრავად და მართლაც ფეხებზე ჰკიდიათ, დაინგრევა თუ არა ილიას სახლ-მუზეუმი, ეშველებათ თუ არა უპატრონო ბავშვებს, აშენდება თუ არა სამების ტაძარი, ხელისუფლებაში ადამიანი იქნება თუ ურჩხული, ასპიტებივით ყველას და ყველაფერს ფეხქვეშ ეგებიან, მხეცებს სიმღერებს უძღვნიან და კლიპებში იღებენ, საკონცერტო დარბაზებში დაგებული ფიანდაზებით შედიან, თითქოს საშვილიშვილო საქმე გაუკეთებიათ. 

ჭკუით ინვალიდებს არა აქვთ თანაგრძნობის უნარი, ვერ აღიქვამენ სხვების ტკივილს, სიყვარულს. ელიტურად ცხოვრობენ და მათ ცხოვრებას ელიტური, ჭკუით ინვალიდი მედია აშუქებს. რა კარგია ცხოვრება, მაშინ როდესაც გვერდით ვიღაცას უჭირს, ტკივა, მშიერი კვდება, იჩეხება ტყე, იკვლება წითელ წიგნში შეტანილი ცხოველი, ირყვნება ბავშვის ცნობიერება. გახსენით შამპანურები, ჩვენ ევროპელები ვართ, საქართველო უნდა დავლოცოთ როგორც ჩვენთვის უცხო, სხვა ქვეყანა, რომელიც ისტორიის წიაღში გარჩა და რატომღაც „აწმყო არასოდეს წყალობს“, მაგრამ არც მომავალი აქვს. ჩვენ პანკები, ანარქისტები გავხდით, რომლებიც მუდამდღე გავიძახით: No Future! (მომავალი არ არსებობს!).

სიმახინჯე და ინვალიდობა იმდენად გამჯდარა ჩვენში, რომ გვიჭირს ჭეშმარიტ სილამაზეზე, ტკივილზე, ჰუმანიზმზე ლაპარაკი და ტელესერიალის გმირთა ცხოვრებით ვცხოვრობთ. „მარშუტკაში“ მოსმენილი „ტასკა“ სიმღერა კი ცრემლებს გვგვრის და იქვე ვიწყებთ წუწუნს, რომ ეს ქვეყანა არ ვარგა, ამ მთავრობის დედა ვატირე, აქედან უნდა გავიქცეთ და ა. შ. ჭკუანაღრძობებმა უკვე დაგვაპროგრამეს, რომ საკუთარ ყოფაზე ვიწუწუნოთ, ვიტიროთ, ვინატროთ ის დრო, როდესაც მათხოვრულ 40 მანეთზე ვცხოვრობდით და ძეხვში 1.20 მანეთს ვიხდიდით. ზომბები როგორი მათხოვრებიც იყვნენ, ისეთივე მათხოვრები არიან დღესაც და სულ ასე იქნებიან. მათ დღევანდელი ლაყე კვერცხი ურჩევნიათ ხვალინდელ ქათამს, ოღონდ იტირონ, ოღონდ ღმერთის გარდა ნებისმიერი, თუნდაც ვინმე ჭკუით ინვალიდი გააღმერთონ და ყველაფერს ეგუებიან.

„დაერქვას ყველაფერს საკუთარი სახელი“ – ეს ხმამაღალი ფრაზა, ალბათ, ხშირად გესმის, ჩემო მეგობარო. გეთანხმები, და წინადადება შემომაქვს, იმ იზოლირებულ ბინას, სადაც 8 ოთახია, რვაოთახიანი და არა სამოთახიანი ეწოდოს, რადგან ჩვენს საერთო დიდ სახლში „აფხაზეთსა“ და „სამაჩაბლოს“ უკვე „ოთახებად“ აღარ ვთვლით. მეტყველებიდან საერთოდ ამოვარდეს წინსართი „იზოლირებული“, რადგან იზოლაცია ჭკუით ინვალიდობის გარდა არაფერს მოგვიტანს. ჭკუანაღრძობებს კი მივმართოთ: „ჭკუით, ინვალიდებო“!