Monday, May 15, 2000

მერცხლები გაზაფხულზე ბრუნდებიან (I და II ნაწილი)

I ნაწილი

„მე ბედნიერი ვარ, აქ რომ ჩამოვედი“ (ალექსანდრ სკლიარი. ჯგ. Ва-Банкъ)

„აქ რომ მოვდიოდით, რა თქმა უნდა, გარკვეული სკეპტიციზმი შეიმჩნეოდა. და მიუხედავად პატარა ლაფსუსებისა და ცოდვებისა,  საერთო შთაბეჭდილება ძალიან კარგია. ბევრმა ჯგუფმა არა მარტო გაგვახარა, არამედ გაგვაკვირვა“ (ეკატერინა ხრომოვა, რუსული MTv).

„ჩვენ, მართლაც სკეპტიკურად ჩამოვედით აქ, მაგრამ პირველივე ქართული ჯგუფის მოსმენამ შოკში ჩაგვაგდო. ჩვენ ვიდექით და ვტკბებოდით, რუსეთში ასეთი სიამოვნება კარგა ხანია არ გამოგვიცდია“ (არტურ რაკოვი, რუსული MTv). 

ასეთი შეფასებები გაუკეთდა 5-7 მაისს თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარებულ როკ-ფესტივალს „მერცხლები გაზაფხულზე ბრუნდებიან“. ჩემის აზრით, ეს ფესტივალი იყო ერთ-ერთი საუკეთესო, რაც საქართველოში ჩატარებულა. მისი სულისჩამდგმელი კი, როგორც ალბათ მოგეხსენებათ, არის ლადო ბურდული. პირველი ასეთი ფესტივალი ჩვენი გაზეთის მკითხველებმა იციან, რომ გასული წლის 17-18 სექტემბერს ჩაატარა თბილისის ღამის კლუბებსა და პაბებში. უკვე მაშინ ფესტივალისთვის შეგვეძლო „საერთაშორისო“ სტატუსი მიგვენიჭებინა. თავისი მასშტაბებით მაისის ფესტივალი უფრო გრანდიოზულია, ვიდრე სექტემბრის. აქ გამოვიდნენ ჯგუფები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და ინგლისიდან. ფესტივალის რეკლამა დღეში 4-ჯერ ბრუნავდა ფრანგულ მუსიკალურ ტელეკომპანია MCM-ზე. ფესტივალს კი აშუქებდა მუსიკალური ტელევიზია MTv (რუსეთის). 

ლადო ბურდულთან
კონცერტები ტარდებოდა საქართველოში, ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე საშინელი აკუსტიკის მქონე დარბაზში – სპორტის სასახლეში. როკ-მუსიკის მოყვარულები დამეთანხმებიან, ალბათ, თუ რა არაკარგი ჟღერადობა ჰქონდათ წარსულში ამ დარბაზში იან გილანსა და „ნაზარეთს“. მიუხედავად ამისა, ფესტივალის ხმის რეჟისორი, ლეგენდარული გენა მამედოვი მაქსიმალურად შეეცადა საუკეთესო ჟღერადობა მიეღო და არცთუ უშედეგოდ. სცენასთან ახლოს, სადაც მსმენელებმა თავი მოიყარეს, შესანიშნავი „საუნდი მოდიოდა“. 

როგორც ცნობილია, ფესტივალში მონაწილე ჯგუფები ორ დღეზე გადანაწილდნენ, ხოლო 7 მაისს ერთგვარი გალა კონცერტი ჩატარდა. წინა ფესტივალთან შედარებით, მინდა აღვნიშნო ორგანიზატორების მხრიდან ჩამოსული ჯგუფების წევრებისა და ჟურნალისტების მიმართ ჩინებული დამოკიდებულება. იმერლებს, – სამტრედიელებს და ქუთაისელებს, – ღამეს კოჯორში გვათევინებდნენ. დღეში ერთხელ ჟურნალისტები და მუსიკოსები დავყავდით სადილზე. სამწუხაროა, მაგრამ არ იყო დაბეჭდილი ფესტივალის პროგრამა, ამიტომ, მოულოდნელობისაგან ცოტა გაკვირვებული და გაოცებული დავრჩი, როდესაც პირველივე ღამეს თეატრალური სარდაფის ღამის კლუბში ამოვყავი თავი. 

როკ-ფესტივალს უამრავი სპონსორი ჰყავდა, რომელთაგანაც გამოვყოფ „ყაზბეგს“. იმ ლუდს ყოველდღიურად დიდი დოზებით არიგებდნენ ღამის კლუბში. ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები იყვნენ: ფრანგული MCM, რუსული MTv, ტელეკომპანიები: „I სტერეო“, „რუსთავი 2“ და გადაცემა „კომუნიკატორი“, ასევე „I რადიო“ (FM 106,4). 

ქუთაისელი მუსიკოსები ლადო ბურდულის სახლში
მიუხედავად იმისა, რომ კონცერტებს ბევრი მაყურებელი არ ესწრებოდა, ვინც მოდიოდა, ნაღდად იყო მუსიკით დაინტერესებული, ამიტომ, სერიოზული ექსცესი არ მომხდარა. სხვათა შორის, სხვა მუსიკალურ ღონისძიებებზე, რომელიც სპორტის სასახლეში ტარდება, ერთი პოლიციელის თქმით, თურმე ცხვირ-პირის დასისხლიანების გარეშე არ მიმდინარეობს. დარბაზში ზოგჯერ შეიმჩნეოდნენ სხვა მუსიკალურ მიმდინარეობათა მოყვარული პროვოკატორები, რომლებიც ცდილობდნენ დებოშის ატეხას, მაგრამ როკერები ამჯერად, მათ არ აჰყოლიან. მე ახლა შევეცდები, მიმოვიხილო ფესტივალის თითოეული დღე. ყოველი მათგანი, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო იყო. 

Monday, May 8, 2000

ბასა – „აუტსაიდერის“ ძრავა

საერთოდ, თანამედროვე მუსიკაში ყველაზე სერიოზულები, ნაკლებად ენაწყლიანები და ნაკლებად პრეტენზიულები, მაგრამ ამავე დროს, გონებამახვილები, დაკვირვებულები უმრავლეს შემთხვევაში ბას-გიტარისტები არიან. ამ შემთხვევაში, გამონაკლისებად უნდა მივიჩნიოთ სიდ ვიშეზი, პოლ მაკარტნი, როჯერ უოტერსი. ძირითადად, ბას-გიტარისტებს მუსიკის გარდა სხვა გატაცებაც გააჩნიათ, მაგრამ მათ სამართლიანად ჯგუფის ძრავებს (გულს) უწოდებენ, რომელთა პულსაციაზეც დამოკიდებულია ნებისმიერი მუსიკალური კოლექტივის წინსვლა და წარმატება. სწორედ, ასეთ დიდ ბასისტებად როკში არიან აღიარებულები: ჯონ პოლ ჯონსი (Led Zeppelin), როჯერ გლოვერი (Deep Purple), ტერი ბატლერი (Black Sabbath), ქრის სქუაიერი (Yes), ჯონ დიკონი (Queen), ქრის ნოვოსელიჩი (Nirvana) და მრავალი სხვა. ამ და სხვა, კიდევ უკეთესი ადამიანური თვისებებით უხვად დაჯილდოებულია ის პიროვნება, რომელსაც დღეს მე თქვენ გაგაცნობთ.

სახელი, გვარი: საბა კუპრაშვილი.

ზედმეტსახელი: ბასა.


მოკლე ბიოგრაფია:
დაიბადა 1972 წლის 16 სექტემბერს ქუთაისის მე-3 სამშობიაროში. სტაბილურად სწავლობდა ქალაქის პირველ საშუალო სკოლაში (დღეს კლასიკური გიმნაზია). 11 წლისამ დაიწყო ხალხური სიმღერების შესწავლა. 12 წლისა 7-სიმიანი გიტარის რამდენიმე აკორდს დაეუფლა. 14 წლისამ კი სკოლის ორკესტრ „გაზაფხულში“ შეისწავლა 6-სიმიან გიტარაზე დაკვრა, მაგრამ მალე იძულებული შეიქნა, გადასულიყო ბას-გიტარაზე დათო ჯანელიძის ბიგ-ბენდ „აისში.“ ბენდთან ერთად მონაწილეობა მიიღო მოსკოვის ცენტრალური ტელევიზიის ფესტივალში „შირე კრუგ“. 1989 წელს სკოლის დამთავრებისთანავე ჩააბარა ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. დაამთავრა უკვე ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალობით, ელექტროტექნიკის ინჟინერი.

1994 წელს მუშაობდა ეროვნულ ბანკში ინკასატორად და უფროს პროგრამისტად (ეკონომისტად), ნამუშევარი აქვს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოში. მუშაობს საქართველოს ტელეკომსა და ჩვენს რედაქციაში კომპიუტერულ დიზაინერად.

ჰო, კიდევ ერთი აუცილებელი შტრიხი (საკმაოდ სქელი) – უნივერსიტეტში სწავლისას, I კურსის I სემესტრის მიწურულს ფიზკულტურის დარბაზში მან გაიცნო „სტრადივარი“ (ვატო ნებიერიძე), რომელმაც ის მიიყვანა „მელომანში.“ ასე მოხვდა ქუთაისის ლეგენდარულ როკ-ტუსოვკაში და მოგვიანებით ჯგუფ „აუტსაიდერში“, რომლის უცვლელი ბას-გიტარისტია დღემდე. 

მთავარი ღირსებები: აქვს შესანიშნავი იუმორის გრძნობა. „იუმორის გრძნობა კარგი გრძნობაა“ – ამბობს იგი. აქვს ბევრი პროფესია: არის ე.წ. კომპიუტერშჩიკი (პროგრამისტი), მის ხელში გამოვლილია თითქმის ყველა კომპიუტერი, რაც ქალაქში შემოსულა და შემოდის. არის, აგრეთვე, ზემოთაღნიშნული მოაზროვნე მანქანების შესანიშნავი დასტაქარი. ესმის ტელეოპერატორობა და ტელემონტაჟი. ამ უკანასკნელის უმწიკვლოდ მცოდნეა. ქალაქში პირველი ტელე-კომპიუტერული გრაფიკა, სწორედ, მისი ნახელავია. 

კურიოზი: ქუთაისში I პირდაპირ სატელევიზიო საკონცერტო ცოცხალ ჩართვაზე საბა ასრულებდა შემდეგ ფუნქციებს: 1. წინასწარი გადაღებები, 2. მონტაჟი, 3. სატელევიზიო ხმის რეჟისორი, 4. ცოცხალი, პირდაპირი ტელეეთერის ტრანსლაციის რეჟისორი, 5. ხარვეზების აღმომფხვრელი, 6. მუსიკოსი (დაუკრა ჯგუფ „აუტსაიდერთან“ ერთად). არის ხმის რეჟისორი – ქუთაისში პირველმა ჩაწერა კომპიუტერში ცოცხალი ჯგუფი (დასარტყამების ჩათვლით). შეუძლია შესანიშნავად წაიყვანოს რადიოგადაცემაც (ერთ დროს „შუაღამის გემში“ პროგრამა მიჰყავდა, მას „DJ გვირილა“ ერქვა). ესმის ტიპოგრაფია, აკეთებს შესანიშნავ ლიმონათის ეტიკეტებსა და სხვა სასუსნავების აქსესუარებს. შესანიშნავი დიზაინერია და კლიპმეიკერი. წინასაარჩევნო გაწამაწიისას მის მიერ დამზადებული სხვადასხვა დეპუტატობის კანდიდატისა და პარტიის რეკლამა თვალშისაცემად ბრუნავდა ჩვენი ქალაქის ლეგენდარული ტელევიზიების ეკრანებზე. კარგად ერკვევა კაბელებსა თუ ჯეკებში, შეუძლია დაზიანებული საყოფაცხოვრებო ნივთების შეკეთებაც. 

უკრავს სხვადასხვა სიმებიან გიტარებზე, მათ შორის ბასზე და ფორტეპიანოზე. ერკვევა ფიჭურ ტელეფონებში. ძალიან (ნამეტნავად) უყვარს ლუდი და მეგობრები  (სიმეგობრიზმობადობის გრძნობა უყვარს). ის უყვართ. 

ნაკლოვანი მხარეები: მეჩვენება, რომ ზოგჯერ იცის უადგილოდ დამთქნარება. მეტს ვერაფერს ვამჩნევ, რომ კეთილი გულით ასე ხმამაღლა განვაცხადო...

ჩვენს რედაქციაში დიდსა და პატარას ძალიან უყვარს საბა, ამიტომ, გადავწყვიტე, კითხვები ჩვენი საერთო კოლეგებისგანაც შემეგროვებინა და მისთვის დამესვა. ეს ინტერვიუ შეგვიძლია გავყოთ ორ ნაწილად. პირველში საბა ჩვენი რედაქციის თანამშრომელთა კითხვებს უპასუხებს, მეორეში – ჩემსას.

ნაწილი I

Monday, February 28, 2000

თენგო თოფურიძე: პირველ რიგში ქუთაისელი მწერლები არ ვჭირდებით... ქუთაისს

პიროვნებას, რომელიც დღეს თქვენს წინაშე წარსდგება, ძალიან უყვარს როკ-მუსიკა, რაც ჩვენს „სტენდზე“ მოხვედრილ ადამიანებს აერთიანებთ. მას ძალიან მოსწონს: Pink Floyd, Led Zeppelin, Deep Purple, Dio, Аквариум, Наутилус Помпилиус, „აუტსაიდერი“ და სხვა. მიუხედავად ამისა, ის არ არის მუსიკოსი. დაბადებულია 1970 წლის 26 აგვისტოს. ხასიათით მელანქოლიკია. დამთავრებული აქვს ქუთაისის პირველი საშუალო სკოლა, თსუ-ში ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. არის მწერალი, პოეტი (უფრო პოეტი, როგორც თავად ამბობს), მთარგმნელი – თარგმნის ჩინურ და რუსულ პოეზიას. იბეჭდება ისეთ ჟურნალებსა და გაზეთებში, როგორებიცაა: „განთიადი“, „ცისკარი“, „უქიმერიონი“, „ინტელექტი“, „მოწამეთა“, „ახალი ქუთაისი“. მუშაობდა „სპორტულ ქუთაისში“, „რეზონანსში“. უშვებს ქუთაისის ლიტერატურულ გაზეთ „ცაის“. ცაი სვანურ მითოლოგიაში ცის ღმერთია. სწორედ „ცაის“ წაკითხვა გახდა მიზეზი, გავსაუბრებოდი ჩემს ძველ მეგობარს, აღნიშნული გაზეთის რედაქტორს, ძალიან ნიჭიერ შემოქმედს და, უბრალოდ, კაცს, რომელსაც ლიტერატურა ძალიან, ძალიან უყვარს – თენგიზ თოფურიძეს.

* * *

– გაზეთი „ცაი“ იმიტომ გამოვეცით, რომ, ვატყობ, ქუთაისს დღეს ძალიან სჭირდება არატრადიციული სალიტერატურო გაზეთი. საჭიროა რაღაც ახალსიტყვიანი, რომელსაც ამბობს ჩვენი და წინა, ომგამოვლილი თაობა, რომელსაც ომის გამო არ ჰქონია ასპარეზი, – მოგეხსენებათ, 1989 წლის შემდეგ საქართველო დანგრეულია და ინგრევა. ეს 10 წელი კი მწერლობისთვის მთელი თაობაა, დაკარგული თაობა. ჩემი თაობა ცდილობს წინაში დაკარგულის კომპენსირებას. დღეს ვერ ვიტყვი, რომ სალიტერატურო ცხოვრება ძალიან აქტიურია. ჩანს, მწერლობა დღეს არავის სჭირდება და მწერალს არავითარი ყურადღება არ ექცევა. ისეთი დიდი ჟურნალი, „განთიადი“, განადგურების პირასაა მისული და როდის დაიხურება, არავინ იცის. ყველაფერი მკვდარია. ჩვენი გაზეთი არ არის მწერლობის გაცოცხლების მცდელობა. ეს არის მცირე წვლილი, რომ... აქა ვდგავართ და სხვაგვარად არ ძალგვიძს. ჩვენთან არ არსებობს მთარგმნელობითი სკოლა, რადგან თარგმანში ფულს არავინ იხდის, მითუმეტეს – ბეჭდვაც პრობლემაა. ვაკუუმის გარღვევა, ვთქვათ, „ცისკარში“, ან „ლიტერატურულ საქართველოში“ დაბეჭდვა, დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, რადგან საქართველო სავსეა მწერლებით, ოფიციალურად 500 მწერალია და არაოფიციალურად კიდევ რამდენი – არავინ უწყის. რატომ უნდა წავიდეს თბილისში ქუთაისელი, როცა მას უნდა ჰქონდეს პირობები, აქვე იბეჭდებოდეს? 


ქუთაისი ყოველთვის იყო პლაცდარმი გინდ ფეხბურთში, გინდ მწერლობაში, გინდ მეცნიერებაში, გინდ მუსიკაში. ბევრი მათგანი ახლაც თბილისში ცხოვრობს. მე, მაგალითად, თბილისიდან აქეთ წამოვედი, რადგან თბილისი ძალიან დიდი ქალაქია და არ საჭიროებს ზედმეტად კიდევ ერთ მწერალს. მე ვფიქრობ, რომ ქუთაისში უფრო მეტი გაუხარჯველი ინტელექტუალური მარაგია, ვიდრე თბილისში. თბილისი, მაგ მხრივ, უფრო გართობისა და სიმსუბუქის ქალაქია. სამწუხაროდ, ჩემი თაობისა და პლეადის ხალხს ჩემს ირგვლივ ვერ ვხედავ. მხოლოდ მირიან ებანოიძეა ჩემი ტოლი და ისიც უფრო ფილოსოფოსია. 70-იანელები და 80-იანელები უფრო ბევრნი არიან, – 15-მდე ძალიან სერიოზული პოეტი და მწერალია. კარგია, თუკი გაქვს ფართო წრე, სადაც ყველა რაღაცას აკეთებს, წერს, გიკითხავს, შენც უკითხავ და შემოქმედებითი განწყობა იქმნება. პოეზიის მადლი უბრალო მსმენელზეც კი ვრცელდება, უქმნის განწყობას. 

შემოქმედი ძალიან ფრთხილად უნდა დადიოდეს საკუთარ ეგოსა და საზოგადოებრივ სახეს შორის. ის სივიწროვე, რაც შენს აურაში ტრიალებს, საკმარისი არაა იმისთვის, რომ იყო შემოქმედი. ამისთვის შენ საზოგადოება, არეალი გჭირდება. ზიარი ჭურჭელივით შენ და საზოგადოება უნდა იზიარებდეთ რაღაც აზრებს, კონცეფციებს, რათა ეს ყველაფერი მოიხარშოს და შემოქმედების ნიმუშად იქცეს.

– შენი გაზეთის კითხვისას ერთი კითხვა გამიჩნდა. ხომ არ ნიშნავს საკუთარ წვენში ხარშვას ის, რომ ამ გაზეთის ძირითადი მასპინძლები თქვენივე ნაწარმოებებს აქვეყნებთ და ამავე დროს თქვენვე აკრიტიკებთ ერთმანეთს?

– ჩვენი ინფორმაცია თბილისამდეც არ მიჟონავს. წარმოიდგინე მთელი ბაკქანალია, რათა ჯერ დაბეჭდო, მერე – ტრანსპორტირება ამ გაზეთებისა, ჩატანა, დარიგება და თუნდაც ზესტაფონში გააცნო მკითხველებს! თბილისი კიდევ ახერხებს ჟურნალ-გაზეთების მოწოდებას, ჩვენ კი ვერ ვახერხებთ, ამიტომ, ერთმანეთს თავადვე ვაკრიტიკებთ. ეს, ვფიქრობ, საკუთარ წვენში ხარშვას არ ნიშნავს. წრე და გარემო ერთია, პიროვნებები – სხვადასხვა. მე ყოველთვის მოვითხოვ ხოლმე, ჩემი ნაწერი რაც შეიძლება მკაცრად, დიდი მათრახით გაკრიტიკდეს. მწერალი მხოლოდ კრიტიკის ქარ-ცეცხლში ყალიბდება. მარტოოდენ ქება არაფერს არ მოგვცემს სიზარმაცისა და გაზულუქების გარდა. კრიტიკის შედეგად კი ყოველთვის მობილიზებული ხარ.

Monday, February 7, 2000

წითელთათმანიანი და წითელქოლგიანი თეთრი გოგონას შეხედულებანი

ჩვენს ქალაქში იყო დრო, როდესაც არსებობდა ერთი როკ-ტუსოვკა, მაშინ სატელევიზიო ეთერში პროგრამა „კედელი“ გადიოდა, ყალიბდებოდა „ნიღბების კლუბის“ (ერთგვარი როკ-კლუბი) პირველ წევრთა ბირთვი. ისინი ყოველი თვის 8 რიცხვში გეგმავდნენ აქციებს ხან ქუჩაში, ხან ნანგრევებში, ხანაც – შენობებში (არა დარბაზებში)... 

ამ როკ-ტუსოვკას ამშვენებდა ერთადერთი ალტერნატიული (არ იფიქროთ მუსიკალურ მიმდინარეობაზე) მომღერალი გოგონა, რომელიც ქუჩაში ყოველთვის თავისი განუყრელი ვიოლინოთი დაჰქროდა. ის მონაწილეობდა ამ აქციებში, მიჰყავდა „კედელის“ პროგრამები, სწავლობდა, მღეროდა სცენაზე, მოკლედ რომ ვთქვათ, სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობდა. ცხოვრების ამ მონაკვეთს ახლა ის განვლილ ეტაპს ეძახის. დღესაც, ჩვენი სტუმარი, მომხიბლავი ქერა გოგონა ლელა ლომთაძე საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობს, უკიდურეს შემთხვევაში ეს ასე ჩანს. ის შესანიშნავი მუსიკოსი და ამავე დროს, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული აკადემიური თეატრის მსახიობია. 

წინამდებარე საუბარი ჩავიწერეთ თებერვლის ძალიან ცივ, წვიმიან და გათოშილ დღეს. ჩემი რესპონდენტი თეთრი ტანისამოსსა და წითელ თათმანებში იყო გამოწყობილი. შეხვედრაზე მოსულს ხელთ სისხლისფერი ქოლგა ეპყრა.

– ლელა ლომთაძის აზრით, ვინ არის ლელა ლომთაძე? 

– პირველ რიგში ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანას მოევლინა, რათა საკუთარი საქმე აკეთოს.

– როგორ აჯერებ ერთმანეთთან მსახიობობასა და მუსიკოსობას? 

– მამაჩემი, გიორგი ლომთაძე, არის მომღერალი, მუსიკოსი და მსახიობი, ამიტომ, ბავშვობიდან ასეთ გარემოში ვიზრდებოდი. მსახიობობა ჩემთვის უცხო არაა, რა თქმა უნდა, ამაში ჩემს გენებსაც წვლილი მიუძღვის. ძალიან საინტერესოა თეატრისა და მუსიკის სინთეზი. იმ ორივე პროფესიაში თავს თავისუფლად ვგრძნობ და ორივევე სიამოვნებას მანიჭებს. 

დღეისათვის არც ერთი მუსიკოსი თეატრის ელემენტების გარეშე სცენაზე არ გამოდის. ისინი ტრანსფორმაციულ შოუებს აწყობენ. კარგია, როდესაც შენს სრულყოფას უკან რაღაც შოუ მიმდინარეობს. ეს ასეც უნდა იყოს. 

მეც მაქვს რაღაც პროექტები და ჩანაფიქრები, რომელთა განხორციელებაც უსახსრობის გამო ვერ ხერხდება.

– დასავლეთისკენ თუ გიჭირავს თვალი? 

– დასავლეთიდან მხოლოდ ინფორმაციას ვიღებ. იქ რომ წახვიდე, იქაურებთან კონკურენციის უნარი უნდა გქონდეს, თორემ მათ ვერაფრით გააოცებ, თუ არა შენი ეროვნულობით. თუნდაც ზანგებს შენი რეპითა და სოულით ვერ გააკვირვებ, მაგრამ თანამედროვე მუსიკას მორგებული ქართული ელემენტებით უფრო დააინტერესებ.

– ლელა, რა მოგცა შენ როკ-ტუსოვკამ და როკ-მუსიკამ საერთოდ? 

Monday, January 24, 2000

მუსიკოსების აღიარებასა და მუშაობას ხელს უშლის ქართული მენტალიტეტი

ის, რაც გია სალაღიშვილს და მე ყველაზე მეტად ერთმანეთთან გვაახლოებს, – ჩვენი საერთო დაბადების დღეა, დაბადების წლები კი სხვადასხვა გვაქვს. მაშ ასე, გია სალაღიშვილი დაიბადა 1963 წლის 27 იანვარს. მე-4 კლასიდან დაიწყო დასარტყამების შესწავლა გია წკეპლაძესთან. მერე ნიკოლოზ ედგარიძის ორკესტრში მოხვდა. დაამთავრა მუსიკალური ტექნიკუმი და კონსერვატორია. ამ პერიოდში უკრავდა ვიტალი სამხარაძესთან. თბილისში გადასვლის შემდეგ, როგორც გია ამბობს, გაუმართლა, რომ ყველანაირ სტილსა და მიმართულებაში მოუწია მუშაობა. გიას მრავალ ფესტივალში აქვს მონაწილეობა მიღებული. მას კარგად იცნობენ ევროპის ქვეყნების სოლიდურ ჯაზურ წრეებში. ქუთაისელი გია სალაღიშვილი მშობლიურ ქალაქში იშვიათად ჩამოდის. ბოლოს 29 დეკემბერს ჩამოვიდა დათო ევგენიძესთან ერთად და კონცერტის შემდეგ ახალწლებზე ქალაქს შემორჩა. ჩვენი საუბარი ლუდის ბარში გაიმართა, რა თქმა უნდა, კათხა ლუდის თანხლებით. გია, ჩვეულებისამებრ, სასიამოვნო მოსაუბრეა, რომელიც ყოველთვის გასაგებად ამბობს თავის სათქმელს.

– ის, რომ ბავშვობიდან მუსიკით ვცოცხლობ, ალბათ, უფრო გენის ბრალია. ჩემი გვარის წარმომადგენლები უმეტესად მუსიკოსები იყვნენ. ბაბუაჩემის ერთი ბიძა ვირტუოზულად, ცხვირის ნესტოებითაც კი უკრავდა სალამურზე, მეორე – აკორდეონზე, მესამე – დუდუკზე, თვითონ ბაბუაჩემი კი საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მედოლე იყო, სუხიშვილებშიც უკრავდა. 

1973 წლიდან ვუკრავ და ამ საქმით პურსა ვჭამ, რადგან სხვა ბიზნესი არა მაქვს, თუმცა, მქონია სურვილიც, თავი დამენებებინა მუსიკისთვის, ვინაიდან ორი პატარა ბიჭი მყავს და ხომ იცი, შვილებს რამდენი რამ სჭირდება? მივხვდი, რომ ასეთ საქმიანობაში ვერ ვივარგებდი. მე არ მესმის ბუღალტერია და ეკონომიკური მომენტები. მუსიკოსი ბოჰემაში, მისტერიაში ცხოვრობს, ხოლო ბიზნესი სულ სხვა გარემოა. ამიტომ მარტო მუსიკალური ბიზნესის გაკეთება მსურს: საკუთარი კლუბის შექმნა, ჯგუფების ჩამოყვანა და ა.შ.

ჩვენთან, საქართველოში, არიან პიროვნებები, რომელთა იდეებიც არ ჩამოუვარდება იდეებს. როკშიც არიან საინტერესო, ნიჭიერი შემსრულებლები. მთავარია აზროვნება, თორემ 7 ნოტს, შეგიძლია, ტექნიკურად კარგად დაეუფლო, იმეცადინებ და მორჩა. მთავარია, რა აზრებით მოდიხარ და რისი თქმა გსურს. დიდი მნიშვნელობა აქვს კონსტრუქციასა და არანჟირებას, მაგრამ ეს ნიჭიერი მუსიკოსები ნათლად არ ჩანან. მე, მაგალითად, გამიმართლა, რადგან მქონდა საშუალება, მეკეთებინა ის, რისი კეთებაც მსურდა. რა თქმა უნდა, წინააღმდეგობებიც მქონდა. ამ მუსიკოსების აღიარებასა და მუშაობას ხელს უშლის ქართული მენტალიტეტი, რომ ჩემზე წინ არავინ არ უნდა წავიდეს. მე კარგად მახსოვს პიანისტებს შორის შეხლა-შემოხლა, რომ მე უნდა ვიყო და არა შენო... აი, ამას უნდა გავექცეთ მუსიკის კეთება თუ გვინდა. მაგ. ჩიკ კორეა და კიტ ჯარეტი ნიუ-იორკში ერთად ცხოვრობენ, მაგრამ ერთმანეთი არ დაუჭამიათ. ჩვენ ხომ სუყველანი სხვადასხვანაირად ვფიქრობთ. მე ჩემი აზროვნება მაქვს, შენ – შენი. ჩვენ ერთმანეთს ვერ დავემგვანებით. ჩვენ თუ ერთმანეთს დავემსგავსებით ერთფეროვან სამყაროს შევქმნით. როდესაც ერთად დაკვრას ვიწყებთ, ვამბობ ხოლმე, მოდით, ყველა ვიყოთ ისეთი, როგორიც ვართ. 

გია სალაღიშვილი შესანიშნავი ვიბროფონისტი და დრამერია. მან აზროვნება ახსენა. მე მახსოვს მისი კონცერტები ქუთაისში: „ბითლზების“ მუსიკის კამერული ინტერპრეტაცია. სუფთა, ქართული სულის მქონე დასარტყამების გრანდიოზული შოუ და კონცერტი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. საინტერესოა, საით არის მიმართული დღეს გიას აზროვნება და რას აპირებს უახლოეს მომავალში.


– მზად მაქვს ოთხი საკონცერტო მასალის პარტიტურა. ოთხივე ქუთაისში მსურს განვახორციელო ერთმანეთის მიყოლებით – ერთგვარი მინი-ფესტივალი იქნება. ცოტა ეგოისტურადაც გამომდის 4 საღამო (იცინის). ყველაფერს ფული უნდა. დიდი პრობლემაა სიმფონიური ორკესტრი. მინდა, მოსკოვიდან ჩამოვიყვანო ჩემი მეგობარი საქსოფონისტი, რადგან მიმაჩნია, რომ საქართველოში კარგი ჩასაბერი ინსტრუმენტალისტები, იმპროვიზატორები და არა ნოტებზე დამკვრელები, – არა გვყავს. თბილისიდან ჩასაბერი ორკესტრიც უნდა ჩამოვიყვანო, ქუთაისური გუნდი მეყოლება. დღეისათვის მხოლოდ ტელეპროგრამა „ჯემი“ მაძლევს თვითრეალიზაციის საშუალებას. იქ ჩემი მეგობრები მუშაობენ. 

Friday, December 31, 1999

საუკუნის მიწურულს ოპერის თეატრის ფოიეში მფრინავი ბოთლები შენიშნეს...

1999 წლის 25 დეკემბერს, 18 საათზე, ოპერის თეატრის ფოიეში უნდა გამართულიყო ახალგაზრდული მუსიკალური როკ-ფორუმი, რომელსაც იმერეთის განვითარების სააგენტო და „ლეგე არტისი“ აწყობდა. მასში მონაწილეობა უნდა მიეღოთ როგორც ქუთაისელ, ასევე თბილისელ როკ-მუსიკოსებს. პროგრამას ერქვა „2+2=5“. ვატო ნებიერიძემ, კონცერტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, რამდენიმე დღის უკან მიამბო, რომ თურმე ერთ ბავშვს რვეულში ჩაუწერია: 2+2=5. კითხვაზე რატომ 5-იო, პატარას უპასუხია, აბა სულ 4 ხომ არ იქნება, მოდით, იყოს 5-იო. ვატოს ეს პასუხი ძალიან მოეწონა და პროგრამას დაარქვა.


მაშ, ასე. 25 დეკემბერს, 18 საათისათვის, უკვე საკმაო მაყურებელი შეიკრიბა. მასში მუსიკოსებიც ათქვეფილიყვნენ. კონცერტების წინ სმა, ერთგვარი ქუთაისური ტრადიცია, – ერთგულად ემორჩილებოდა უბრალო რიტუალს: „გაგვიმარჯოს!“ და პირდაპირ ბოთლის ყელიდან გადახუხვას. ამასობაში კონცერტის დაწყებასა და აპარატურის გამართვას შესამჩნევად დააგვიანდა და მოხდა ის, რასაც ფხიზლად მყოფი ბილეთიანი მაყურებელი წინდაწინ შიშობდა. უეცრად ატყდა დებოში. გამძვინვარებულმა ბრბომ თბილისურ ჯგუფთან მოიყარა თავი. დაიწყო შეხლა-შემოხლა და გაწევ-გამოწევა, რა თქმა უნდა, დადგა „ლამაზი სიტყვების“ კორიანტელი. შედეგად გაილანძღნენ ორივე მხარის წარმომადგენლები. დარბაზში დაფრინავდნენ ბოთლები, ფეხსაცმელები და, თქვენ წარმოიდგინეთ, წინდებიც კი. ჩვენ არ შევეცდებით, გავარჩიოთ მტყუან-მართალი. სავარაუდოდ, ორივე მხარემ დააშავა, მაგრამ, საშინელება იყო იმის დანახვა, თუ როგორ მიიწევდა 20-მდე „მოხალისე“ ერთი კაცის გასალახად; როგორ გავრცელდა დარბაზში, როგორც შემდეგ გაირკვა, მცდარი შეხედულება, თითქოს თბილისელმა ქუთაისელებს შეაგინა; როგორ დაიჭირეს სრულიად უდანაშაულო თბილისელი და ქუთაისელი ბიჭები პოლიციელებმა; როგორ წაიყვანეს ისინი განყოფილებაში და მათ მიმართ უსამართლოდ მოქცევის შემდეგ გაათავისუფლეს. საშინელებაა, როდესაც დარბაზი თბილისელებად და ქუთაისელებად დაიყო 25 დეკემბერს, როდესაც საქართველოში ეს დღე სინანულის დღედ გამოაცხადეს. კონცერტი ჩაიშალა. ინციდენტის შემდეგ გავესაუბრე ერთ-ერთ ორგანიზატორს, ვახტანგ ნებიერიძეს.

* * *

– ვატო, რა კომენტარს გაუკეთებ ყოველივე მომხდარს?

– ხალხმა ვერ გაიგო, რას ნიშნავდა 2+2=5, რომელიც მე წინასწარ ტელევიზიით განვმარტე. მაყურებელი ვერ მიხვდა, ამით რისი თქმა მსურდა. მათ თავიანთი საქციელით დაამტკიცეს, რომ 2+2 აუცილებლად უნდა იყოს მაინცა და მაინც 4. მეორეს მხრივ, ის, რაც 30-40 წლის უკან დასავლეთში ცოცხალი მუსიკის კონცერტებზე ხდებოდა, ახლა ჩვენთან მეორდება, უფრო სწორედ, აქ იბადება. გახსოვს, იქაც იყო დებოშები? რაც ქუთაისში მოხდა, ერთის მხრივ, მისასალმებელია, ე.ი. როკ-მუსიკა ცოცხლობს. მართალია, ეს არ არის კარგი, მაგრამ სულ სხვა კუთხით უნდა შევხედოთ ამას. 

ვფიქრობ, მსმენელი საბოლოოდ ახლა ყალიბდება, ამიტომ კონცერტებს დებოშებიც მოჰყვება. რაც ნაკლებ დროის მონაკვეთში განვითარდება ეს პროცესი, მით უკეთესი იქნება, მაგრამ ასეთი შეხლა-შემოხლები გარდაუვალია, რადგან ის წმენდს მსმენელს ზედმეტებისგან და ყველას საკუთარ ადგილას აყენებს.

– და ვინ არის დამნაშავე?

რევოლუციიდან ევოლუციისკენ

1999 წლის მცირე შეჯამება

როგორც იტყვიან, გაფრინდა ძველი 1999 წელი, ძალიან მშრალი, მაგრამ ამავე დროს, რთული, დაძაბული, ქუთაისის როკ-სამყაროსთვის ძალზე ჩვეულებრივი, თითქოს პროგრესულიც, თუკი, რამდენიმე ძირითადი მოვლენა შესაძლოა პროგრესულად მივიჩნიოთ. ვფიქრობ, 1999 წლიდან ქუთაისის როკ-ნ-როლი რევოლუციური განვითარებიდან ევოლუციურზე, ანუ თვითმყოფად განვითარებაზე გადავიდა, რაც ძალზე მისასალმებელი ფაქტია. მიუხედავად იმისა, რომ წლის მიწურულს ალტერნატიული როკის წიაღში სკანდალი მოხდა, წელიწადი შედეგიანი აღმოჩნდა, თუნდაც იმ მხრივ, რომ ბევრი საფიქრალი გაჩნდა. პირველ რიგში, ერთი შეკითხვა გამიჩნდა: რატომ იკვრება ქუთაისში მაინცა და მაინც ხმაურიანი მუსიკა? ნუთუ მსმენელიც დაიღალა პროტესტული მუსიკის მოსმენით? გაურკვეველია გამოთქმის „მე როკ-ნ-როლში ვცხოვრობ და სხვაგვარად არ შემიძლია“-ს შინაარსი. ვფიქრობ, ყველანაირი აგრესიის პიკმა ჩვენს ქალაქში უკვე ჩაიარა. თუ აწი ჩაივლის?


სამწუხაროა, როდესაც ქუჩაში შემხვედრი ნაცნობ-მეგობარი გამარჯობის თქმის ნაცვლად, 20-30 თეთრს გთხოვს „დვჟენიებისთვის“. სამწუხაროა, როდესაც ხედავ, როგორ ლოთდება შენს გვერდით მეგობარი, რომელიც ამაყობს და ამას თავისუფალი ცხოვრების წესად მიიჩნევს. დიახ, ეს ჩვენებური როკ-ნ-როლის სამწუხარო ტრადიციად იქცა.

ქუთაისში როკ-ნ-როლი დღეისთვის მხოლოდ ქუჩის დონეზე რჩება და იშვიათი გამონაკლისების გარდა, ინტელექტუალურ პროგრესს არ განიცდის. ხშირია, როკ-შემსრულებელთა მხრიდან ზოგიერთი გაურკვეველი პრობლემების წინ წამოწევა და, რაც ყველაზე სამწუხაროა, 4-5 ჯგუფის გარდა, ყველა ცდილობს საკუთარ თავში ჩაკეტვას. ჩემი აზრით, ჯგუფების უმრავლესობა თუკი ვერ გაარკვევს რისი გაკეთება სურს და რისთვის უკრავს, ან მხოლოდ „მარიაჟისთვის“ (თავის მოსაწონებლად) უკრავს, როკიდან უნდა წავიდეს ან, მისმა წევრებმა საერთოდ, სხვა საქმეს უნდა მოკიდონ ხელი.

დღეისთვის სცენაზე ყველაზე მყარად ორი ჯგუფი: Best History და „ბუნკერი“ დგას. კარგ ფორმაში იყო ჯგუფი „პულსი“, მაგრამ, სამწუხაროდ, მას არ მიეცა შესაძლებლობა 1999 წელს სრულიად გამოემჟღავნებინა თავისი შემოქმედება.

თუ არ ჩავთვლით ორი თვის წინ გამოშვებულ აკუსტიკურ ალბომს „მკვლელი“ და ახალგაზრდულ თეატრში ჩატარებულ 10 წლის საიუბილეო კონცერტს, ჯგუფმა „აუტსაიდერმა“ 1999 წელს მოკრძალებულად დაუთმო ასპარეზი სხვა ჯგუფებს. მან სულ ახლახან მოახერხა ერთი ახალი ბალადის ჩაწერა გოგა ჟორჟოლაძის სტუდიაში. სიმღერას „მლოკავს“ ჰქვია. რობის ძალზედ მშვიდ და უჩვეულოდ რბილ ხმას აკომპანირებას უწევს ლელა ლომთაძის ვიოლინო და ვატო კიკალეიშვილის ჩელო.

წლის დასაწყისში გამოვიდა გოგა ჟორჟოლაძის სტუდიური საკასეტო ალბომი Homegrown, რომელიც ბევრ საინტერესო და ძლიერ პოტენციურ ჰიტს შეიცავს, მაგრამ ნამეტნავად არაკომერციული ნამუშევარი აღმოჩნდა და ნაკლებად გაიყიდა. ვფიქრობ, ამის ბრალი რეკლამის თითქმის სრული უქონლობა იყო.

1999 წელს საკუთარ კოსმოსურ ორბიტაზე საბოლოოდ დამკვიდრდა პირველი ქართველი ალტერნატიული ასტრონავტი – მუსიკოსი ბაჯუ, რომელიც მთლიანად ჩაეშვა ფერად, ზღაპრული ბგერების სამყაროში, როგორც გიგანტური ვერცხლისფერი თევზი.