Wednesday, June 19, 2002

„მძიმე ჯვარს“ მოკრუტუნე ახალგაზრდები არ უყვარს

„სახელმწიფოს პოპსას საშუალებით სურს, ახალგაზრდობა მოკრუტუნე კატის მდგომარეობაში ამყოფოს“

ქართველ მძიმე მუსიკის მოყვარულთათვის უცხო არ არის თბილისური ჯგუფის „მძიმე ჯვარის“ შემოქმედება. რამდენიმე თვის წინ ჯგუფმა გამოსცა ალბომი, რომელიც შარშან გარდაცვლილი ჯგუფის დრამერის დათო ზიბზიბაძის ხსოვნას მიეძღვნა. ალბომის პირველი პარტია მუსიკალური მაღაზიების დახლებიდან სწრაფად გაქრა. განახლებული „მძიმე ჯვარი“ ქართულ ენას დაუბრუნდა. მომავალი წლის მარტში ჯგუფი ახალი ქართული ალბომის გამოშვებას გეგმავს.

„მძიმე ჯვარი“ 1988 წელს შეიქმნა. 1992 წელს ჯგუფი ბალტიისპირეთში ლიეპაიას ფესტივალის ლაურეატი გახდა. დაწერა მუსიკა ქართული ფილმისათვის „ზნედაცემული ანგელოზები“. მისმა პირველმა ვოკალისტმა თემურ ბოჯგუამ მონაწილეობა მიიღო იალტის საესტრადო სიმღერის საერთაშორისო ფესტივალში და გაიმარჯვა, რის შემდეგაც ის რუსეთში დარჩა. ამის შემდეგ კოლექტივი დაიშალა და მისი წევრები სხვადასხვა პროექტებში იღებდნენ მონაწილეობას.

1996 წელს ჯგუფმა კვლავ განაახლა მოღვაწეობა შემდეგი შემადგენლობით: მამუკა ჩიხლაძე (გიტარა), ლევან კაპანაძე (ბასი), დათო ზიბზიბაძე (დასარტყამები) და ლევან ბეიტრიშვილი (ვოკალი). 1997 წელს სტუდია „მელოდიაში“ „მძიმე ჯვარმა“ 5 სიმღერა ჩაწერა და იმავე წელს კლუბ „იუარში“ სოლო კონცერტი ჩაატარა. კიდევ რამდენიმე კონცერტის შემდეგ კოლექტივმა კვლავ დროებით შეწყვიტა მოღვაწეობა.

2001 წელს კი, როდესაც მოულოდნელად ახალგაზრდა დრამერი, დათო ზიბზიბაძე გარდაიცვალა, ბიჭებმა გადაწყვიტეს, დაწყებულ ალბომზე მუშაობა დაესრულებინათ და ის დათოს ხსოვნისათვის მიეძღვნათ.

ლევან ბეიტრიშვილი: „დათოს გარდაცვალებამდე მასთან ერთად ახალი პროექტის მონახაზი გავაკეთე. 2002 წლის თებერვალში კი უკვე „მძიმე ჯვართან“ ერთად სტუდიაში შევედით და 4 ახალი სიმღერა ჩავწერეთ. გვსურდა დიდი, თორმეტსიმღერიანი ალბომი გამოგვეშვა, მაგრამ მაშინ ჩვენი ადრინდელი ჩანაწერები დაიკარგებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მათი ჩანაწერის ხარისხი უფრო დაბალი იყო, ვიდრე ახლების“.

აუდიო-კასეტის ფორმატი „მძიმე ჯვარმა“ სიმბოლურად აირჩია, რადგან ერთ გვერდზე ახალი ქართულენოვანი სიმღერები დაეტია, ხოლო მეორეზე – 1997 წელს დათოსთან ერთად ჩაწერილი ინგლისურენოვანი კომპოზიციები.

ლევან ბეიტრიშვილს მართებულად არ მიაჩნია ის ზოგადი შეხედულება, რომ ქართულმა ჯგუფებმა აუცილებლად ქართულად უნდა იმღერონ. მისი აზრით, ამ შემთხვევაში, ქართულენოვან ჯგუფს მსოფლიოს სცენაზე გასასვლელად არანაირი პერსპექტივა არა აქვს. თვლის, რომ ქართული ჯგუფების მსოფლიო არენაზე ლტოლვა უნდა წახალისდეს. „თუ ჯგუფი ქართულ ენაზე ისე დაუკრავს, რომ უცხოელისთვის საინტერესო იქნება, ეს გენიალურია, მაგრამ ამის მიღწევა ძალიან ძნელია. მთავარია მუსიკალური ხარისხი, თორემ მსოფლიოში გავრცელებული ახალი ტენდენცია, რომ ყველა ჯგუფმა საკუთარ ენაზე უნდა იმღეროს, ამ ბოლო წლებში რეალურად გაჩნდა. თან მუსიკა, პარტიტურა ქართულ ენას უნდა მოერგოს. ამ შემთხვევაში ძალიან ნორმალურ შედეგს მივიღებთ. ჩემთვის ინგლისურად სიმღერა უფრო მარტივია, რადგან, ჩემი აზრით, ქართველისთვის როკის ქართულად კეთება ძალზედ რთულია. ქართულ ენაზე იმ შემთხვევაშია მარტივი, თუ პლაგიატს მიმართავ (ქართულ მუსიკაში, პოპსაში დღეს ძირითადად ასეთი სიმღერებია), მაგრამ ორიგინალის შექმნა ძნელია. თუმცა შენს ქვეყანაში თუ საკუთარი სიტყვა ვერ თქვი, მაშინ ინგლისურენოვანი, თუგინდ ფრანგულენოვანი სიმღერების შექმნას აზრი არა აქვს“ – ამბობს ბეიტრიშვილი.

საქართველოში გასული საუკუნის 80–იანი წლების მეორე ნახევარში შექმნილი ჯგუფების უმეტესობისთვის უცხო არ ყოფილა სოციალური თემები. „მძიმე ჯვარის“ ფრონტმენი, ლევან ბეიტრიშვილი ამას ადასტურებს და აღნიშნავს, რომ მათ შემოქმედებაშიც არსებობს სხვადასხვა პრობლემატური თემა: „ჩვენს მუსიკაში სიყვარულის, სექსის, ნებისმიერი ურთიერთობის თემა სოციალურია. ის, რაზეც პოპსაშიც მღერიან, ზედმეტად ტკბილ მურაბასავითაა, ერთჯერადი მოხმარების ცელოფანის პარკივითაა. საერთოდ, როკი თავისი მუსიკალური წყობითა და ტექსტებით პროტესტისა და ამბოხის გამოხატულებაა. როკს უზარმაზარი ემოციური დატვირთვა აქვს, რომელიც შეიძლება იყოს დიდი სიხარულის ან მწუხარების გამომხატველი. ალბომში შესული ინგლისურენოვანი ტექსტები უფრო სოციალურია. სხვათა შორის, მინდა ვთქვა, რომ ამ არჩევნებში მონაწილე პარტიების ყველა კონცერტზე ერთი და იგივე პოპსა შემადგენლობა გამოვიდა, რაც ცოტა არ იყოს, სასაცილო იყო. ისიც სასაცილოა, ლუდის დღესასწაულებზე საქართველოში პოპსავიკები რომ გამოდიან. არადა, საქართველოს დღეს როკი უფრო სჭირდება, ვიდრე პოპსა.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
პოპსას აღზევება, მე მგონი, სახელმწიფო პოლიტიკაა. როკი არ აწყობთ, რადგან მისი მოსმენისას ახალგაზრდები იმ ენერგიას იღებენ, რომლითაც ნებისმიერ სიბინძურეზე რეაგირების სურვილი გაუჩნდებათ. ჩვენი სახელმწიფო მოზარდებს ტვინში პოპსას უტენის. მას პოპსას საშუალებით სურს, ახალგაზრდები მოკრუტუნე კატის მდგომარეობაში ამყოფოს. თუ მოზარდს მამის ყველაფერი მოეწონება, მაშინ ის თაობა დაღუპულია“.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ბიჭებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში როკს უფრო მეტად უნდა გაუკეთდეს პოპულარიზაცია. ამისთვის კი, მათი აზრით, უნდა გაკეთდეს როკ-კლუბი, ოღონდ არა ელიტური, არამედ თინეიჯერული, სადაც შესვლა და ლუდის საფასური ძვირი არ იქნება.

Tuesday, June 18, 2002

უუკანალებო კლიპები

მსოფლიოში პოპ-შემსრულებლები წარმატებებს ზედმეტად სექსუალური, ძვირადღირებული კლიპებით აღწევენ (შაკირა, ბრიტნი სპირსი, ჯორჯ მაიკლი, ენრიკე იგლესიასი და მრავალი სხვა). ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა პოპ-დუეტმა „პეტ შოპ ბოისმა“ საინტერესო კლიპი გადაიღო, რომლის მთავარი გმირია პატარა წრუწუნა. იგი რკინიგზის ლიანდაგის ქვემოდან ძვრება და არხეინად მიირთმევს ადამიანების მიერ მიწაზე დაყრილ საკვების ნარჩენებს. დაბალი ბიუჯეტის მიუხედავად, კლიპი საკმაოდ სკანდალური აღმოჩნდა, რადგან ძალიან ბევრმა ტელევიზიამ მის გაშვებაზე უარი განაცხადა – სამოყვარულო კამერით არის გადაღებულიო. ამასთან დაკავშირებით დუეტის ფრონტმენმა ნილ ტენანტმა აღშფოთებით განაცხადა, რომ დღეს, სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში ტელევიზიებს უკვე აღარაფერი აინტერესებთ ქალის მოშიშვლებული უკანალების გარდა. ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში საქმე სხვაგვარადაა.

ჩვენთან კლიპს ორი სახის ვიდეოს ეძახიან: ერთი არის ფონოგრამული საკონცერტო გამოსვლების ფრაგმენტებით დამზადებული პროდუქტები, მეორე კი – სახელდობრ კლიპებია, რომელშიც ძირითადად დომინირებს არარეალური, ხშირ შემთხვევაში „სამარიაჟო“ ასპექტები. თითქმის ყველა ქართულ კლიპში შეიძლება წააწყდეთ ძვირადღირებულ ავტო-მოტო საშუალებას, რომელიც ისე არაბუნებრივად ჩანს ჩვენი გზებდანგრეული ქვეყნის სატელევიზიო ეკრანებზე, როგორი არაბუნებრიობითაცაა გაჟღენთილი თავად ამ სიმღერის შინაარსი. ქართული კლიპების უმრავლესობა დიდი საშინელებაა, ზოგიერთი კი იმდენად „ფენომენალური“ მოვლენაა, რომ, ალბათ, სათანადო შესწავლას საჭიროებს. თითზე ჩამოსათვლელი ერთეული შემთხვევების გარდა, თითქმის არც ერთ ქართულ კლიპში შემსრულებელი არ არის უბრალო მომღერალი, ადამიანი. იგი ეკრანზე ან ლა სკალას მომღერალივით დაყენებული ფიზიონომიით დგას და გვებღინძება, აქაოდა, შემხედეთ, რა მაგარი მომღერალი ვარო, ან ძველბიჭური „კაი ტიპის“ იერი აქვს მიღებული, თითქოს ამბობს, ქიციც ვიცი და ქიცმაცურიცო. ორივე შემთხვევაში შემსრულებელი ყალბია და არაბუნებრივი.

ქართველი კლიპმეიკერები დღეს ტელემაყურებლებს მტკნარად ატყუებენ, რაშიც მათ ხელს უწყობს სიმღერების ტექსტებიც. საინტერესოა, რატომ ირჩევენ ჩვენი მომღერლები ასეთ ყალბ სიმღერებს, ან სად დაკარგეს რეალობის შეგრძნება. წარმოიდგინეთ, ე. წ. განვითარებულ ქვეყნებშიც კი მუსიკოსებს სოციალური პრობლემები აწუხებთ, რომელსაც ისინი გულწრფელად ან გულისტკივილით, ან იუმორით მღერიან. ხოლო ამ დაქცეულ ქვეყანაში „ვარსკვლავები“ გვიმღერიან: „გიხაროდენს“, „ოო, რა კაიას“ და „ადექი იცეკვეს“, აგრეთვე, უამრავ ბოტანიკურ, ჰიდრომეტეოროლოგიურ სიმღერას. საინტერესოა, ნუთუ ჩვენს მომღერლებს არა აქვთ საკუთარი პრობლემები და მხოლოდ სხვისი ფსევდოპრობლემებით ცხოვრობენ. ყველაზე მეტად კი მაინტერესებს, ისინი ერთხელ მაინც თუ აღმოჩენილან ისეთ სიტუაციაში, რასაც თავად უმღერიან. ვფიქრობ – არასოდეს, რადგან სიზმრებსა და ოცნებებში სიყვარული მხოლოდ ავადმყოფებს შეუძლიათ. მათი სიმღერები კი მკვეთრად განსხვავდება არა მარტო დღევანდელი, არამედ, საერთოდ, ზოგადადამიანური (თვით გიჟური) ცხოვრების წესისგან.

ჯერ არ შემხვედრია ერთი ადამიანიც კი, რომელსაც გახარებია „გიხაროდენის“ მოსმენის შემდეგ. არ ვიცნობ ისეთსაც, ვისაც სიზმარში ან ოცნებაში შეყვარებია ვინმე. ჯერ არ მინახავს ისეთი ბავშვი, რომელიც სიხარულით (ან სევდიანად) იმღერებს ნავთობის ჭაბურღილთან ან მაღალი სიხშირის ძაბვის ანძასთან მდგომი. რატომ იტყუებიან ჩვენი მომღერლები? ისინი ინტერვიუებში ხომ ამბობენ, რომ ხალხისთვის მღერიან! ან, საერთოდ, რას ნიშნავს ხალხისთვის სიმღერა? ნუთუ მათ საკუთარი სათქმელი აღარა აქვთ თუ ნიჭი აღარ უწყობთ ხელს? იმედია, დადგება დრო, როცა ადამიანი მომღერალს საკუთარი, ინდივიდუალური, მართალი შემოქმედებით და არა მარტო ხმის სიძლიერით შეაფასებს. მომღერალი მაშინ არის ხალხის სამსახურში, როდესაც რეალურ ადამიანურ გრძნობებსა და განცდებზე მღერის და არა მოდური კლიშეებით დაყენებულ ფსევდოგრძნობებზე. ჩვენი მომღერლებიდან არავინ ითხოვს რაღაც წამებულის გვირგვინის დადგმას და მწარე სიმართლეების თქმას. უბრალოდ, იყვნენ მართლები და ნაღდები იმ საქმეში, რასაც ისინი ემსახურებიან. ამას კი, იმედია, კარგი კლიპები მოჰყვება, თორემ, როგორც უთქვამთ, სინდისიც კარგი საქონელია.

Monday, June 17, 2002

ბავშვების ხელოვნური გადიდება

„რატომ ვამღერებთ ბავშვებს დიდების სიმღერებს? ისინი ხომ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის აზრზე არ არიან“

საქართველოში სულ უფრო ფრთებს შლის ბავშვთა საესტრადო მუსიკა. თუ ადრე მშობლებს ბავშვები სამუსიკო სკოლებსა და ფოლკლორულ წრეებზე დაჰყავდათ, დღეს სოკოებივით მომრავლდა საბავშვო საესტრადო სტუდიები. ბავშვების ამ „შემოქმედებას“ (რაშიც მათი ფონოგრამული, კომპიუტერზე გასწორებული სიმღერები იგულისხმება) ფართო ასპარეზი მისცეს სხვადასხვა ტელევიზიებმა, მათ შორის, სახელმწიფო ტელევიზიამაც.

ბავშვები პროფესიონალურ ესტრადაზეც მომრავლდნენ, სადაც ისინი დიდებთან ერთად მღერიან. ბავშვების შემოქმედებაზე და საერთოდ, მათი სულების დამახინჯებაზე საკუთარ გულისტკივილს გვიზიარებენ ჟურნალისტი და მწერალი დავით-დეფი გოგიბედაშვილი და მუსიკოსი რობი კუხიანიძე.

დავით-დეფი გოგიბედაშვილი: „ბავშვთან ურთიერთობის საკითხი მეტად ფაქიზია. ჩვენ თავად უნდა დავემსგავსოთ ბავშვებს. უფალი მოგვიწოდებს, ბავშვები მასთან მივუშვათ. დღეს საქართველოში ცდილობენ, ბავშვს თავისი ბუნებრიობა დააკარგვინონ. ამის ყველაზე აქტიური და სუროგატული შედეგი უკვე მივიღეთ. სიმახინჯე ყველაზე თვალსაჩინოდ ესტრადაზე ჩანს. თაობებს შორის არსებული დროთა კავშირი თუ ირღვევა, ბავშვის წარმოსახვითუნარიანობაც იზღუდება.























მე დედამიწის ზურგზე არ მეგულება ისეთი ქვეყანა, რომელშიც ასეთი წაქეზებულია ესტრადაზე გამოტანილი ბავშვის დამახინჯებული აზროვნება, რაც, სხვათა შორის, საქართველოში ყოველთვის ხდებოდა. საშინელებაა, როდესაც ესტრადაზე დიდი ქალივით და კაცივით ჩაცმული ბავშვები გამოჰყავთ. უნდათ, ბავშვების სულები დააბერონ. აბა, რატომ უნდა იმღეროს ბავშვმა ცხოვრებაგამოვლილი ადამიანის სიმღერა და იმეოროს სიტყვები: „პატარა ბიჭი (ან გოგო) დამეკარგა“, „რატომ მიმატოვე?“, „ერთი შენი კოცნა“, „სიყვარულო ჩემო“ და მსგავსი? ის ხომ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის აზრზე არ არის? ამის სანაცვლოდ მივიღეთ ფსევდოპედოფილური კიჩი. საერთოდ, კიჩში დანაშაულს ვერ ვხედავ, მაგრამ კიჩის გამოყენებასაც თავისი კანონები აქვს, ისევე, როგორც მოდას. როცა ბავშვი სიმღერას ასრულებს მიტოვებულ სიყვარულზე, ანუ ლტოლვასა და ვნებაზე, რომელსაც 20-30 წლის ადამიანი უნდა მღეროდეს, აშკარად დამახინჯებული ფსევდოკულტურაა და არც ერთ კატეგორიით, მისი გამართლება არ შეიძლება.

Tuesday, June 11, 2002

„საქართველოს მომავალი“ ფაფუ!

ნიკა მაჩაიძისა და შევარდნაძის ვირტუალური ურთიერთობა

მუსიკოსისა და კლიპმეიკერის, ნიკა მაჩაიძის (ნიკაკოის) ვინაობა საქართველოში აქამდე მხოლოდ ვიწრო წრეში იცოდნენ. მას შემდეგ კი, რაც ტელეგადაცემა „კომუნიკატორის“ ეთერში ნიკას კლიპი „საქართველოს მომავალი“ გავიდა, მისი სახელი საქვეყნოდ გახდა ცნობილი და საყოველთაო ლანძღვა-კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვია.

ნიკა მაჩაიძის სკანდალური კლიპის მთავარი გმირი და მონტაჟის მსხვერპლი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეა, რომელიც ორიგინალური მუსიკის ფონზე ხელებს ასავსავებს და თუთიყუშივით იმეორებს „საქართველოს მომავალი... ფაფუ!“
როგორც მისი ავტორი ამბობს, დასავლთში მსგავსი კლიპები არავის უკვირს. თუმცა, საინტერესოა მაინც, რისი თქმა სურდა ნიკას ამ კლიპით.

------------------------------
მცირე პრეს–დოსიე
------------------------------
ნიკაკოი (ნიკა მაჩაიძე) 1972 წელს თბილისში დაიბადა.
დამთავრებული აქვს თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი, მაგრამ სადიპლომო ნამუშევრის გარდა ფილმი არ გადაუღია.
მიაჩნია, რომ კინო კოლექტიური ხელოვნებაა და ბევრ ხალხთან ურთიერთობა უჭირს.
მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ფესტივალზე. მის მუსიკაზე შექმნილი კლიპი Mtv-ის მიერ მოწყობილ ობერჰაუზენის კლიპების ფესტივალზე მეორე პრიზით დაჯილდოვდა.
ნიკაკოის მუსიკა ხშირად ჟღერს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მოწყობილ გამოფენებზე, უკრავს ცოცხალ კონცერტებზე.
ბერლინში გამოვიდა მისი პირველი კომპაქტ-დისკი „სესტრიჩკა“. ლეიბლ WMF-თან დადებული ხელშეკრულებით, კიდევ ორი ალბომი უნდა გამოვიდეს.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
ნიკა მაჩაიძე: – საერთოდ, ძალიან აპოლიტიკური ადამიანი ვარ. მხარს არავის ვუჭერ. ეთერში გასვლის შემდეგ კლიპს ბევრი კუდი გამოაბეს. საუბარი დაიწყეს, თითქოს ვიღაცის გუნდში ვარ. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს სახელმწიფოს სათავეში (კარგი თუ ცუდი), მასთან დამოკიდებულებაში სულ მემარცხენე ვიქნები. ჩემი აზრით, სრულყოფილი ადამიანი არ არსებობს. ადამიანების მართვა კი მხოლოდ სრულყოფილ ადამიანს შეუძლია. ასეთები კი გამოქვაბულებში ცხოვრობენ და პოლიტიკაში არასოდეს მოდიან. იმისათვის, რომ პოლიტიკოსი გახდე, ჩემი აზრით, ბევრი ტყუილია საჭირო. თუ ჩვენ ერთად ვმართავთ სახელმწიფოს, მაშინ ხელისუფლებაში მყოფებსაც უნდა შევახსენოთ, რომ ისინიც ადამიანები არიან.

„საქართველოს მომავალი“ რომ დავამონტაჟე, შევარდნაძის პიროვნებაში პირველად დავინახე მოხუცი კაცი. აქანდე მხოლოდ პრეზიდენტს ვხედავდი. პრეზიდენტში დავინახე ადამიანი – ჩვეულებრივი კაცი, რომელსაც ტყუილები მოსცილდა. ისე, კლიპის კეთებისას გაბრაზებული ვიყავი საერთოდ ყველაფერზე, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება.

– ამ კლიპს მედიაში საკმაოდ უარყოფითი გამოხმაურება ჰქონდა. რა შეგიძლია უთხრა მათ, ვისაც ასეთი ანტაგონისტური დამოკიდებულება აქვთ იმ კაცის მიმართ, ვინც პრეზიდენტს შენნაირად შეხედავს?

– მათ მინდა ვუთხრა, რომ აუცილებელია პრეზიდენტს ადამიანური თვალით შევხედოთ. არა მგონია, ეს კლიპი ასეთი გამაღიზიანებელი იყოს. არ შეიძლება შევარდნაძეს ისე ვუყუროთ, როგორც ვიღაც ჯადოქარს. თუ მას ყველა ასე შეხედავს, ეს ენერგია მას აუცილებლად მიუვა და უფრო მეტ ტყუილს იტყვის. ჩემს კლიპზე ასეთი უარყოფითი რეაქციით ისინი საკუთარ თავსა და პრეზიდენტს ანტირეკლამას უკეთებენ. ჩემი აზრით, მათი რეაქცია არაბუნებრივია. დარწმუნებული ვარ, ჩემი დისკი ახლა საქართველოში რომ იყიდებოდეს, ალბათ, ორ დღეში დაიტაცებდნენ, ლანძღვითა და კრიტიკით ისეთი რეკლამა გამიკეთეს.

– პრეზიდენტს პირადად ხომ არ იცნობ?

– არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კლიპი რომ ენახა, ასეთი მძაფრი რეაქცია არ ექნებოდა. რა თქმა უნდა, სადღაც ეწყინებოდა კიდეც, მაგრამ ის პრეზიდენტია და ძალიან ჭკვიანი. უფრო მგონია, რომ ამ კრიტიკით ვიღაცეები პრეზიდენტის თვალში ქულებს იწერენ.

– „საქართველოს მომავალში“ პოპულარული ტელეწამყვანი, ინგა გრიგოლიაც ჩანს...

– ისიც დაწერეს, გრიგოლია გაღიზიანდაო. ვერ მივხვდი, ის რატომ გაღიზიანდა, მასზე ხომ არ არის ეს კლიპი? იგი მხოლოდ ეპიზოდურ როლშია. თვითონ ხო იცის, რომ „ცემა-ცემას“ კი არა, „გადაცემას“ ამბობს. ვერ ვხვდები რატომ ჩათვალა, რომ ეს კლიპი მის საწინააღმდეგოდ გაკეთდა.

მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ „საქართველოს მომავალი“ არავის წინააღმდეგ არ გაკეთებულა. ეს იყო ჩემი რეაქცია იმ რეალობასთან დაკავშირებით, რაც გასული წლის შემოდგომაზე თბილისში მოხდა. სტუდენტების მიერ მთავრობის სახლის წინ მოწყობილ საპროტესტო აქციებს ვგულისხმობ.

კიდევ დაწერეს, თითქოს მონტაჟი არ მცოდნია. მინდა მათ ვუთხრა, რომ ამოჭრილი მასალებით მუსიკა ავაწყვე და ყურადღება საერთოდ არ მიმიქცევია ვიზუალური მონტაჟისას იქნებოდა თუ არა „სკაჩოკები“ ან ფონის გახსნა-დახურვა (რაც მათ ასე ძალიან უყვართ). გამოსახულება კი მუსიკიდან და პრეზიდენტის რეჩიტატივიდან გამომდინარე მივიღე.

– ნიკა, შენ უკვე პოპულარული გახდი და ახლო მომავალში რას აპირებ?

– გარდა იმისა, რომ გერმანიაში დისკები უნდა ჩავწერო, კლიპებისა და შორტების გადაღებების გაგრძელებას ვაპირებ. საერთოდ, ერთი კლიპის გადაღებას სამ დღეს ვანდომებ. მასალას კამერით ვიღებ და მერე ვამონტაჟებ. „საქართველოს მომავალი“ ჩემი პირველი ექსპერიმენტი იყო, რომელიც ტელევიზორიდან ჩაწერილი მასალით გავაკეთე, თუმცა ამის ტრადიცია დასავლეთში კარგა ხანია, არსებობს.

Monday, June 10, 2002

ელექტრონული სული

„რაოდენ სამწუხაროა, რომ ურთიერთშორის დარჩა ერთი, ერთადერთი ბარიერი – ჰაერი. როგორ ახლოსაც არ უნდა ვიყოთ ერთმანეთთან, ჩვენს შორის ყოველთვის იქნება ჰაერი...“ – ეს სიტყვები ლეგენდარული მუსიკოსის, ჯონ ლენონის ქვრივს, იოკო ონო ლენონს ეკუთვნის. მართლაც, ადამიანების ერთიანობისკენ სწრაფვის მიუხედავად, ჩვენს შორის რაღაც ბარიერი მაინც არსებობს.

ჩემი აზრით, იყო ინდივიდუალისტი, სულაც არ ნიშნავს – იყო ჩაკეტილი, გარესამყაროსა და ადამიანებს მოწყვეტილი.

თუმცა, ბევრი ადამიანი ყოველთვის მიისწრაფვის, დაანგრიოს თუნდაც ერთმანეთის მიმართ გაუცხოების კედელი და რაც შეიძლება უშუალო გახდეს. ეს ტენდენცია განსაკუთრებით მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან დამკვიდრდა. 60-იანი წლების მიწურულს აღზევებულ ჰიპების მოძრაობას, რომელსაც, მართალია, მუსიკა ედო საფუძვლად, მაინც სოციალური ხასიათი ჰქონდა. ჰიპები ძალიან იოლად ურთიერთობდნენ და განსაკუთრებული უშუალობით გამოირჩეოდნენ. ასეთმა ერთიანობამ პიკს 1969 წელს ვუდსტოკში ჩატარებულ სამდღეღამიან ფესტივალზე მიაღწია.

საერთოდ ხელოვნების, მეტადრე კი მუსიკის სიყვარული ადამიანებს აერთიანებს და არავითარ შემთხვევაში არ თიშავს (რა თქმა უნდა, აქ ნამდვილ მუსიკაზეა საუბარი). მაინც რა არის ასეთი ეს მუსიკა, გარდა იმისა, რომ იგი რეალობას ასახავს სხვადასხვა ტონალობის მოწესრიგებული ბგერებით? წარსულის გენიოსებს დავესესხოთ.

„მუსიკა მართლაც რომ შუამავალი რგოლია სულიერ ცხოვრებასა და მგრძნობიარობას შორის... მუსიკა ერთადერთი გზაა სამყაროს შემეცნებისაკეს... მხოლოდ ერთეულებს შესწევთ უნარი შეიცნონ მუსიკა, როგორც სულიერი შეცნობის გრძნობადი გამოსახვა: მსგავსად ათასებისა, რომლებიც ერთდებიან სიყვარულის სახელით, სიყვარულს კი ვერასოდეს სწვდებიან, თუმცა იგი ხელობად გაუხდიათ... მუსიკას, ისე, როგორც ხელოვნების სხვა დარგებს, საფუძვლად უდევს მაღალი ცნება (ნიშნები) მორალური შეგნებისა; ყოველი ჭეშმარიტი აღქმა არის მორალური პროგრესი.“ ვფიქრობ, ძალიან თანამედროვედ ჟღერს ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ეს მოსაზრება. კარგი იქნება, თუ მას ყურადღებით გადაიკითხავენ ჩვენი „სასიქადულო“ პოპსავიკები.

ბეთჰოვენსვე ეკუთვნის მე-18 საუკუნისათვის ცოტა უცნაური გამონათქვამი: „მუსიკა – ელექტრონით დამუხტული ველია, რომელზედაც სული ცხოვრობს, აზროვნებს, ქმნის; ფილოსოფია ნალექია ელექტრონული სულისა... ყოველივე ელექტრონული მუსიკალურ სულს აღძრავს გულიდან გამომდინარე ზეიმისაკენ. მე ელექტრონული ბუნების ადამიანი ვარ“. წარმომიდგენია, ბეთჰოვენი რომ დღეს ცოცხალი იყოს, როგორ მაგარ მუსიკას დაუკრავდა თუნდაც ელექტრონულ გიტარაზე.

კარგი იქნება თუ ყურს ვუგდებთ ამერიკელ მწერალს უილიამ ფოლკნერსაც, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში წერდა: „მე ვიტყოდი, რომ მუსიკით ყველაფერი იოლი გამოსახატია, რადგან მუსიკა უდევს საფუძვლად კაცობრიობის ისტორიასა და გამოცდილებას“. მართლაც, გავიხედ-გამოვიხედოთ – ამ სიტყვების არაირიბი დადასტურებაა ის, თუ როგორ შემოიჭრა მუსიკა და ბეგერები ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაში. ყური უგდეთ მობილური ტელეფონების ზარებს, სპორტული რეპორტაჟების ტრანსლაციებს, პოლიტიკოსთა უმაღლესი დონის შეხვედრებს და ა. შ. ირგვლივ ყველგან მუსიკაა, იგი დაუკითხავად იჭრება ჩვენს ყოველდღიურობაში.

ზემოთ აღვნიშნე, რომ მუსიკა ადამიანებს უნდა აერთიანებდეთ, განსაკუთრებით კი იმათ, ვისთვისაც იგი ჰაერად ქცეულა. ასეთი ადამიანი მუსიკით სუნთქავს. სწორედ ამიტომ სვეტს კვლავ იოკო ონოს სიტყვებით დავამთავრებ: „რა კარგია, რომ ჩვენ გვაქვს ჰაერი. მნიშვნელობა არა აქვს, რაოდენ დაშორებულნი ვართ ერთმანეთისგან, მაგრამ ჰაერი გვაერთიანებს ჩვენ“!

Monday, June 3, 2002

თავისუფლების მუსიკა

როკ-მუსიკის მოყვარულებს ხშირად ბევრ თავისმომაბეზრებელ კითხვას უსვამენ. მაგალითად, აინტერესებთ, რატომ უსმენენ ისინი ამ მუსიკას (სადაც „ჩხავიან“, „წივიან“, „კივიან“, „ყვირიან“ და საერთოდ, ხმაურობენ) და მისი მსმენელები რატომ ლანძღავენ „პოპსავიკებს“ – ისინიც ხომ ადამიანები არიანო. რა თქმა უნდა, პოპსავიკებიც ადამიანები არიან, მაგრამ ისინი ქმნიან, უკაცრავად პასუხია და ერთჯერადი მოხმარების პროდუქციას. ამიტომაც ვეძახით მას „პლასტმასის“ ხელოვნებას, მაგრამ რაც არ უნდა მოსახერხებელი (ან ლამაზი ფორმის) იყოს პლასტმასის დანა-ჩანგალი, ან ქაღალდის ჭიქა, მას ერთი-ორჯერ (საქართველოში ალბათ უფრო მეტადაც) გამოვიყენებთ და მერე სანაგვეზე მოვისვრით ისე, რომ გული არ დაგვწყდება. პლატინის, ოქროს, ვერცხლის და თუგინდ უჟანგავი ფოლადის დანა-ჩანგალს კი თაობიდან თაობას გადასცემენ და თვალისჩინივით უფრთხილდებიან.

ასეთი პრიმიტიული შედარების შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფოლკლორი და კლასიკური მუსიკა წააგავს იმ ძვირფას საოჯახო ნივთებს, რომელმაც საუკუნეებს, ჟამთა სვლას გაუხუნებლად გაუძლეს. თუმცა თვითმფრინავით მგზავრობისას სალათის ან ხორცის კერძის საგემად სტიუარდესა ვერცხლის დანა-ჩანგალს კი არა, პლასტმასისას მოგართმევთ. ე. ი. ამ მასალისაგან დამზადებული კვების იარაღებიც საჭიროა, თუმცა დროებით, რადგან ადამიანი თვითმფრინავში მთელ ცხოვრებას არ ატარებს.

რა თქმა უნდა, პლატინის, ოქროს ან ვერცხლის დანა-ჩანგალი ნებისმიერი ოჯახისთვის დიდი ფუფუნებაა, თუმცა საშუალო ფენის ქართულ ოჯახებს მაინც აქვთ 30-40 წლის წინ შეძენილი უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული კვების იარაღები. სწორედ ამ ხნის ისტორია აქვს როკ-მუსიკას. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ახალგაზრდა მუსიკალური მიმდინარეობაა, მის წიაღში უკვე არსებობს ცნება „კლასიკური როკი“. ნორმალურ ქვეყნებში ამ მუსიკას დიდი ხანია, სრულიად სერიოზულად აღიქვამენ. როკ-მუსიკა მკვეთრად ინდივიდუალური შემოქმედებაა, მასში მთავარია არა მარტო შესრულების ტექნიკური ან ვირტუოზული მხარე, არამედ იდეაც, მისი გადმოცემის ინდივიდუალური საშუალებები და ა. შ.

მიუხედავად იმისა თუ რა საშინელ ბრალდებებს წაუყენებენ ამა თუ იმ როკ-მუსიკოსს, არ უნდა დაგვავიწყდეს თუ რას წარმოადგენდა ეს მუსიკა გასული საუკუნის 70-იანი და 80-იანი წლების დასაწყისში კომუნისტური ეპოქაში მცხოვრები პროგრესულად მოაზროვნე თაობებისთვის. იგივე „ბითლზების“, „ზეპელინების“, „ფლოიდების“, „დორზების“, მოგვიანებით „სექს პისტოლზის“ და სხვა როკ-შემსრულებლების შემოქმედება აბსოლუტურ თავისუფლებასთან ასოცირდებოდა. ეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა ეთნიკური, ქართულენოვანი პროტესტული როკი. დღეს უკვე ყველამ იცის ვინ იყვნენ ე. წ. „თვითმფრინავის ბიჭები“. გეცოდინებათ როგორ დახვრიტეს მათთან ერთად სულიერი მოძღვარი მამა თეოდორე ჩიხლაძე. მამა თეოდორეს შვილი ეკა ჩიხლაძე მამის ჯერ კიდევ ერისკაცობის დროინდელ ცხოვრების ეპიზოდს მისივე წიგნში „დასახვრეტი საქმე“ ასე აღწერს: „ეცვა ჯინსები, კითხულობდა გურჯიევსა და შოპენჰაუერს, უსმენდა ჯანის ჯოპლინს, ჩაკა ჰანსა და „ლედ ზეპელინს“, როცა ირგვლივ „პრავდას“ კითხულობდნენ, კობზონს უსმენდნენ და დღედაღამ პარტოკრატიულ კარიერაზე ოცნებობდნენ“. [სტატია]

ჩვენ ალბათ, არაერთ სულიერ მოძღვარს ვიცნობთ, რომლებიც თავის დროზე ინტენსიურად უსმენდნენ როკს. იმ თითქმის საყოველთაო უღმერთობის ხანაში როკ-მუსიკა ერთ-ერთი (თუ ერთადერთი არა) მუსიკალური ჟანრი იყო, რომელიც განუზომელ სულიერ თავისუფლებასთან იგივდებოდა, მიუხედავად იმისა, რა რწმენისა და რასის მუსიკოსი ასრულებდა მას.

„პლასტმასური“ ნაგვისგან განსხვავებით, წლებისა და საუკუნეების განმავლობაში მუდამ იჟღერებს თუნდაც: „ლედ ზეპელინის“ „კიბე ზეცაში“, „პინკ ფლოიდის“ „ვისურვებდი შენს აქ ყოფნას“, „სექს პისტოლზის“ „ანარქია გაერთიანებულ სამეფოში“, „განს-ენ-როუზის“ „ნოემბრის წვიმა“ და სხვა მრავალი შედევრი, მიუხედავად შემსრულებელთა მისწრაფებებისა.

დღევანდელ როკ-ჯგუფების უმრავლესობა არ განიცდის სიმწვავისა და რომანტიზმის დეფიციტს, თუმცა, ჩემი აზრით, კომერციული მიზეზების გამო, ზედმეტად მრავალფეროვნები, ან პირიქით, ზედმეტად ერთფეროვნები არიან. ბევრს აკლია მთავარი – გულწრფელობა, რაც საშუალებას გვაძლევს, ზოგიერთ მათგანს ხელში პლასტმასის დანა-ჩანგალი შევაჩეჩოთ.

Monday, May 20, 2002

სიბრძნე სიყალბისა, ანუ სად მივყავართ უტიფრობის ნიაღვარს

„კუდიანი კომეტები“ უთავო პოლიტიკოსების სამსახურში

„უცნაური გრძნობა შემომერია, ეს ქვეყანა თვალწინ გადამერია“, – ვერაფერს იტყვი, ნაცნობი გრძნობაა, მხოლოდ ისაა უცნაური, რომ ამ სიტყვებს იმათგან ისმენ, ვისი „მოღვაწეობის“ შედეგადაც ეს გრძნობა ასე ხშირად გვეუფლება. მოდით, დავაკვირდეთ ქართული ესტრადის, ერთი შეხედვით, მრავალფეროვან პალიტრას.

მუსიკა, სიბრძნე, სიცრუე და პოლიტიკა

ქართული თანამედროვე მუსიკის ცის ტატნობზე აკიაფებული „ვარსკვლავები“ (ალბათ უფრო მართლები ვიქნებით თუ ვიტყვით – „კუდიანი კომეტები“) დიდი ხანია მოურიდებლად შეიჭრნენ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და რადგან, ალბათ, გრძნობენ, რომ ადამიანთა გულებში მათი ადგილი არ არის, ყოველდღე ახალ-ახალ ხრიკს მიმართავენ ჩვენს ცხოვრებაში მაინც რომ დაიმკვიდრონ ადგილი. ალბათ იმასაც კარგად ხვდებიან, რომ მათმა ერთნაირად უსახურმა და უშინაარსო სატრფიალო სიმღერებმა (სადაც სიყვარული მხოლოდ სიტყვის მასალაა) ყველას თავი მოაბეზრა და ამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად ეპოტინებიან ისეთ თემებს, რომლებთან შეჭიდებისას მხატვრული ოსტატობა თუ არა, უბრალოდ, მორალური უფლება მაინც უნდა გქონდეს.

მაგალითად, როდესაც შენი მამიკო ტყეების განადგურებაშია მხილებული, ხოლო შენ ამ გაყიდული ხე-ტყის ფასად სცენაზე დგახარ და ყმუი, იმდენი ნამუსი მაინც უნდა შეგრჩეს, რომ „ტყე შეუნახე შვილებსა“ ცინიკური ღიმილის გარეშე იმღერო.

Monday, May 13, 2002

სავიზიტო ბარათები

მუსიკის მოსმენა არც ისე ადვილი საქმეა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. დღეს ნებისმიერი მუსიკალური ნაწარმოები, წარმოადგენს შოუბიზნესის პროდუქტს, კლასიკა იქნება ეს, ფოლკლორი თუ თანამედროვე პოპი ან როკი. ამიტომ მუსიკის მოსმენა და აუდიო მატარებელზე (ვინილის ფირფიტა, კასეტა, კომპაქტ-დისკი) ჩაწერილი ინფორმაციის გაცნობა უკვე მაღაზიაში, მისი ყიდვის პროცესში იწყება. უფრო მეტიც, პირველი შთაბეჭდილება აღნიშნულ პროდუქტზე მისი კონვერტის, ყდის გაფორმების გაცნობით ხდება. ცდება ის, ვინც იგნორირებას უკეთებს ალბომის გაფორმებას, რადგან სწორედ გარეკანი არის ის სავიზიტო ბარათი, რომელიც პირველ შთაბეჭდილებას ტოვებს მუსიკალური პროდუქციის მომხმარებელზე.

ალბომის გაფორმებაზე ბევრად არის დამოკიდებული, როგორი გემოვნების მომხმარებელს მიიზიდავს ის და ამისთვის უცხოელი მუსიკოსები ძალიან ბევრ ფულს ხარჯავენ. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერ შტრიხს, ასოების კონფიგურაციას, ფოტოს ან ნახატს. ბევრ შემთხვევაში ალბომის გარეკანი მართლაც ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს და მასში ნათლად არის გადმოცემული ბევრი ის ნიუანსი, რომელიც შესაძლოა მუსიკოსმა ალბომში შესულ საკუთარ ქმნილებებში ვერ გადმოსცა (სათქმელი ბოლომდე ვერ თქვა). ამიტომ დისკზე სრულყოფილი წარმოდგენის შექმნისათვის აუცილებელია ორიგინალი შევიძინოთ. ე. წ. „მეკობრეები“ კი ცდილობენ პროდუქტს რაც შეიძლება მარტივი, თანაც უხარისხო გაფორმება მისცენ. ამის შესანიშნავი მაგალითია თუნდაც დევიდ ბოუვის შესანიშნავი ალბომი Outside, რომლის ორიგინალს თან ერთვის ალბომის ერთ-ერთი გმირის პირადი დღიურები, რომლის შესახებაც თავად სიმღერების ტექსტებში არაფერია ნათქვამი. ხოლო არაორიგინალ გამოცემებში, რა თქმა უნდა, ეს დღიურები არ არის, რაც, რა თქმა უნდა, ხელს უშლის ალბომის სრულყოფილ აღქმას. მსგავსი მაგალითები როკ-მუსიკის ისტორიაში კიდევ მრავლად მოგვეპოვება. გასული საუკუნის 70-იან წლებში ძალიან ორიგინალურად აფორმებდნენ საკუთარ ალბომებს მაშინდელი დიდი ჯგუფები. მაგალითად „როლინგ სტოუნზმა“ საკუთარი ფირფიტის კონვერტში ჯინსის ნაჭერი ჩააკერა და იმისათვის, რომ კონვერტიდან ფირფიტა ამოგეღოთ აუცილებლად უნდა გაგეხსნათ ჯინსის ელვასაკრავი.

საოცრად მაღალმხატვრული გაფორმება ჰქონდათ ჯგუფებს: „პინკ ფლოიდს“, „ჯენესისს“, „ლედ ზეპელინს“, „იესს“, „ემერსონ, ლეიკ ენდ პალმერს“, „კინგ ქრიმსონს“ და სხვებს. საპრომოუშენო მანქანის მნიშვნელოვანი დეტალია ალბომის გაფორმება, რომელიც არამარტო კომერციული წარმატებისთვის არის განკუთვნილი, არამედ მუსიკოსის აზროვნების განმსაზღვრელი დამატებითი შტრიხია (ისევე როგორც ვიდეოკლიპი). თუმცა ალბომების გაფორმების ორიგინალურობით არა მარტო როკ-ჯგუფები გამოირჩეოდნენ. პოპ-შემსრულებლებიც დიდ ყურადღებას უთმობენ იმას, რომ მათი ფირფიტების გაფორმება კონცეპტუალური იყოს, ანუ რაღაც კავშირი მაინც ჰქონდეს იმასთან, რაზეც ისინი ალბომში მღერიან. იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთმა მძიმე ჯგუფმა ორიგინალურობისათვის ფირფიტის ყველა ეგზემპლარში ქალის საცვალი ჩადო.

ნამდვილად საშინელებაა ქართული მუსიკალური პროდუქციის უმრავლესობის გაფორმების ნიმუშებზე თვალის შევლებაც კი. მათში თითქმის იგნორირებულია მუსიკოსის კონცეპტუალური ხედვა (ალბათ იმიტომ, რომ ასეთი ხედვა მათ საერთოდ არ გააჩნიათ). ძირითადად, ალბომების გარეკანებზე მომღერალთა ფოტოებია – ისიც უხეირო. ადამიანს თვალში ხვდება დაბალი ხარისხის პოლიგრაფია. ხშირ შემთხვევაში გარეკანზე მუსიკოსების არაფრისმთქმელი, ხელოვნური ემოციების (ან საერთოდ უემოციო) სახეებია გამოსახული. ახლა მოდაში შემოვიდა მათივე ავტოგრაფებიანი ყდები, თითქოს ამით ალბომი უფრო გაიყიდება.

ძალიან საინტერესოა, რატომ ღირს ქართული ჩანაწერები ასეთი ძვირი, როდესაც მათი უმრავლესობა უგერგილოდ არის გაფორმებული და თავად კომპაქტ-დისკიც ტექნიკურად ძალიან დაბალი ხარისხისაა? ამ ალბომების აბსოლუტური უმრავლესობა ჩაწერილია ე. წ. CD-რომებზე, ანუ საყოფაცხოვრებო ჩასაწერ კომპაქტ-დისკებზე. ფირფიტების გამომშვებთა თავხედობა იქამდეც კი მიდის, რომ თავად დისკის ზედაპირიც კი არა აქვთ გაფორმებული (მასზე უშნოდ წადღაბნილ მომღერალის სახელი და გვარი არ არის სათვალავში ჩასაგდები). თუმცა ქართულ მუსიკაში ამ მხრივ არის გამონაკლისი ალბომებიც, რომლის ავტორებსაც ნაღდად იზრუნეს გაფორმებაზე. ძალიან საინტერესო კონვერტი ჰქონდა „აუტსაიდერის“ 1992 წელს მოსკოვში გამოსულ ვინილის ფირფიტას (LP) „ინსაიდი“. ტექსტებიანი ალბომი „მკვლელი“ კასეტის სახით „აუტსაიდერმა“ 1997 წელს ქუთაისში გამოუშვა. ბოლო წლებში გამოსულ კომპაქტებიდან მართლაც სასიამოვნო გაფორმება ჰქონდა „სოფთ იჯექტის“-ის Wanderer-ს (სიმღერების ტექსტებითურთ), მამუკა ბერიკასა და ნიკა წერეთლის „ანიდან ჰოემდე“-ს, „33 ა“-ს „გზა“-ს და სხვა თითზე ჩამოსათვლელ ალბომებს.

Sunday, May 5, 2002

ფოლკლორი თუ პროდუქტი

დღეს, როდესაც ქართული თანამედროვე მუსიკის უნიათობასა და უგემოვნებობაზე ვსაუბრობთ, ალბათ, ბევრს ავიწყდება აღნიშნოს, როგორ შორდება იგი საკუთარ ფესვებს, ანუ ფოლკლორს. თუკი ადრე ქართულ ესტრადაზე ცდილობდნენ მაინც, ქართული ჰარმონია არ დაეკარგათ, დღეს, სიტუაცია კარდინალურად შეცვლილია.

ალბათ, გიკვირს, ჩემო მეგობარო, რატომ ვიკლავთ ქართველები საკუთარ გენში საუკუნეების განმავლობაში გამჯდარ ქართულ ჰარმონიას, გაინტერესებს, შოუბიზნესის რომელ „შავ ხვრელებში“ იკარგება ქართული პოლიფონია. შენ იცი, რომ რამდენიმე ხმაში სიმღერას ერთიანობა სჭირდება და ეჭვობ, რომ სწორედ ეს გვაკლია.

ბევრი იმ საფრთხეს, რომელიც ფოლკლორს ემუქრება, გლობალიზაციას აბრალებს. მიუხედავად იმისა, რომ შენ, ჩემო მეგობარო, არც გლობალისტი ხარ და არც – ანტიგლობალისტი, მაინც კარგად ამჩნევ, რომ ისეთ „გლობალისტურ“ ქვეყანაში, როგორიც თუნდაც ამერიკაა, ჩვენგან განსხვავებით, დიდ პატივს სცემენ საკუთარ ხალხურ შემოქმედებას. თვით მუსიკალურ აკადემიაში („გრემი“) არსებობს ნომინაციები, რომელსაც წლის საუკეთესო ქანთრი შემსრულებლებს აკუთვნებენ. ფოლკლორს, ასევე უდიდეს პატივს მიაგებენ დასავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნებშიც. იმის გარდა, რომ ევროპელებს ძალიან უყვართ საკუთარი ხალხური შემოქმედება, სიამოვნებით უსმენენ და სწავლობენ აფრიკულ თუ იაპონურ მუსიკასაც.

შეიძლება ვინმეს პარადოქსადაც მოეჩვენოს, მაგრამ კომუნისტურ, სოციალისტურ საქართველოში, თითქმის არ არსებობდა ისეთი საშუალო სკოლა, სადაც ხალხური სიმღერის შემსწავლელი ერთი ჯგუფი მაინც არ მუშაობდა. დიდი ყურადღება ეთმობოდა ხალხური მუსიკის სასკოლო ოლიმპიადებს, რომლებიც ყოველწლიურად იმართებოდა თბილისში და მას ფართოდ აშუქებდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. მსგავსი ფესტივალები არა მარტო ბავშვებისთვის ეწყობოდა. ასეთ ფესტივალებზე საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსული შემსრულებლები საკუთარ შემოქმედებას აცნობდნენ მაყურებელს. ვფიქრობ, ასეთი ტრადიციების მოშლა მარტო უფინანსობას და სოციალურ სიდუხჭირეს არ უნდა დავაბრალოთ. შენ, ჩემო მეგობარო, ამბობ, – ფოლკლორის შევიწროვების საშიშროება იმიტომ არსებობს, რომ სოფელი სოფელს აღარ ჰგავსო.

ბედნიერებაა, რომ საქართველოში ცხოვრობდა ჰამლეტ გონაშვილი. მისი შესრულების ოსტატობა ნამდვილად სცილდებოდა ხალხური მუსიკის საზღვრებს, რადგან ის არ იყო მხოლოდ რიგითი შემსრულებელი. ჰამლეტ გონაშვილი გულში ატარებდა ქართულ მელოდიას და ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე მღეროდა. ასეთი მომღერალი, ალბათ, საუკუნეში ერთხელ იბადება.

მიუხედავად იმისა, რომ ფოლკლორს საქართველოში დიდი მოამაგე და გულშემატკივარი ჰყავს ანზორ ერქომაიშვილის სახით, სამწუხაროდ, დღეს ყველანაირ მუსიკაში მხოლოდ კომერციულ სარგებელს ხედავენ, ამიტომ ქართული ტრადიციული მუსიკა რაღაც მეხუთეხარისხოვანი გახდა. მავანი ალბათ, იმასაც იტყვის, რომ ამ პროდუქტზე (მაგარია არა, „პროდუქტი“?!) მოთხოვნილება არ არსებობსო. ისიც კი მიამბეს, რომ რომელიღაც ფოლკლორული ანსამბლი კონცერტზე „პლიუს“ ფონოგრამითაც გამოსულა. აი, სეირი! ამაზე აღშფოთებაც კი აღარ შეიძლება...

რაც დრო გადის, მით უფრო „ანტიხალხური“ ხდება უძველესი ქართული სიმღერა. დღეს ბევრი თანამედროვე მუსიკოსი უამრავ ექსპერიმენტს აკეთებს ხალხურ მუსიკაში, ცდილობენ, რაც შეიძლება, გაათანამედროვონ. შენ ფიქრობ, რომ „ერისიონის“ სუპერპოპულარული კომპოზიცია „შატილის ასულო“ ძალიან უხეიროდ არის გარემიქსებული, მაგრამ ამ სიმღერამ მაინც გაახსენა ქართველებს, რომ ჩვენ სატინგლიცო პოპსას გარდა, ფოლკლორიც გვაქვს. საინტერესოა, ისიც, რომ ბევრმა ახალგაზრდამ სწორედ ამ ჰიტის მოსმენის შემდეგ გაიგო, რომ ასეთი სიმღერა საერთოდ არსებობს. საინტერესოა ისიც, ზოგიერთი ახალგაზრდა ქორეოგრაფი დღეს სხვადასხვანაირად აღიქვამს ორ სიტყვას, – „ხალხურსა“ და „ფოლკლორს“. არადა, ფოლკლორი ყველა ენაზე ხალხურ შემოქმედებას ნიშნავს.

სამწუხაროდ, ყველაფერი იქით მიდის, რომ ქართულ სიმღერას მალე ჩვენ, ალბათ, უცხო ქვეყნის მუსიკად აღვიქვამთ, ხოლო „მრავალჟამიერსა“ და „ჩაკრულოს“ მხოლოდ ახალი წლის ღამით მოვუსმენთ.

ღმერთმა ამ სიმღერების გარეშე ერთი დღეც ნუ გვაცხოვროს.

Saturday, May 4, 2002

რუსუდან ფეტვიაშვილი ბოროტ ადამიანს ვერ ხატავს

ცნობილი მხატვარი მათეს სახარებას ასურათებს და ფიქრობს, რომ ბოროტი ადამიანი არ არსებობს

თბილისში, ელიას მთაზე წმინდა სამების ტაძრის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. „ახალი ვერსია“ წლის დასაწყისიდანვე ცდილობს, მკითხველს გააცნოს ამ ტაძართან დაკავშირებული ყველა სიახლე. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წინადადებითა და ლოცვა-კურთხევით სამების ტაძრისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი სახარება მზადდება, რომელზეც შემოქმედთა ჯგუფი მუშაობს. ოთხთავი ეტრატზე (ხბოს ტყავზე) ხელით იწერება.

სახარებაზე მუშაობდნენ გადამწერები: რაფაელ გოგიტიძე, თამარ თეთრაშვილი და მეუფე დავითი (მახარაძე), ხატმწერები: გურამ ჟვანია, ლაშა კინწურაშვილი, თამარ გურაშვილი, ლიზა ჩქარეული, შოთა ცხვიტავა, ლევან მარგიანი, მამა ალექსანდრე (გალდავა) და რუსუდან ფეტვიაშვილი. ლია მიქიანი ამ სახარების ყდას ვერცხლისგან გამოჭედავს, ხოლო გიორგი ღუდუშაური მინანქრებს ჩასვამს.

მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილს მკითხველის წინაშე ნამდვილად არ სჭირდება წარდგენა. ზოგიერთს გაუკვირდა კიდეც, როცა გაიგო, ფეტვიაშვილი ხატმწერი გამხდარაო, მაგრამ თავად რუსუდანი ამბობს, რომ მთელი მისი შემოქმედება სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის ამსახველი სურათების ხატვას დაეთმო, სადაც აუცილებლად სიკეთე იმარჯვებს. რუსუდან ფეტვიაშვილი ამჟამად მათეს სახარების დასურათებაზე მუშაობს. მას საპატრიარქოში ვესაუბრე.

------------------------------
მცირე პრეს–დოსიე
------------------------------
რუსუდან ფეტვიაშვილი 1968 წლის 25 იანვარს თბილისში დაიბადა.
დაამთავრა თბილისის 125-ე საშუალო სკოლა, შემდეგ კი – თბილისის სამხატვრო აკადემია.
ხატვა წლისა და 10 თვის ასაკში დაიწყო.
რუსუდან ფეტვიაშვილის მეუღლე, თემურ ბადრიაშვილი თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის დირექტორია.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

























– ქალბატონო რუსუდან, როგორ კავშირშია თქვენი პირადი, საერო შემოქმედება ხატწერასთან?

– ზუსტად ვერ გეტყვით, რადგან ოთხთავზე მუშაობა კონკრეტული თემაა. სანამ სახარებაზე მუშაობას დავიწყებდი, თითოეულ დღეს საპატრიარქოში ვატარებდი და წიგნებს ვკითხულობდი. მთელი ჩემი შემოქმედება სიკეთისა და ბოროტების ბრძოლას ასახავს. იგივე თემა სახარებაშიც არის გადმოცემული. ჩემს ნახატებში ყოველთვის სიკეთე იმარჯვებდა, სხვა ვარიანტი გამორიცხულია – ასეა თავიდანვე ჩაფიქრებული.