Tuesday, October 15, 2002

„ემბრიონმა“ შეიძლება „რედ ჰოთ ჩილი პეპერსის“ პროდიუსერი დაიქირაოს

„მძიმე ყოფაქცევის“ თბილისელი გოგონების დიდი წარმატება როკის ევროპულ სამშობლოში

„ახალი ვერსიის“ მკითხველი ალბათ შეამჩნევდა, რომ ჩვენ მთელი სექტემბრის განმავლობაში ექსკლუზიური უფლებებით ვაშუქებდით გოგონათა ჯგუფ „ემბრიონისა“ და „Soft Eject“-ის ინგლისურ ვოიაჟს. როგორც იცით, „მძიმე ყოფაქცევის“ ქართველმა გოგონებმა მონაწილეობა მიიღეს მანჩესტერის საერთაშორისო ფესტივალში „In The City“ და ჩვენდა გასახარად, გაიმარჯვეს. უფრო მეტიც, ბრიტანელები სასიამოვნოდ გააოცეს და ძალიან ბევრს საქართველო გააცნეს.

ჩვენთვის გოგონების გამარჯვება თუნდაც იმითაც არის სასიხარულო, რომ ამ ნიუ-მეტალ ჯგუფის (ინგლისში ასე უწოდეს) „ემბრიონის“ არსებობის მცირე ისტორიის განმავლობაში „ახალი ვერსია“ მათ ყურადღებას არ აკლებდა და დარწმუნებული იყო ამ არაჩვეულებრივი თბილისელი გოგონების ნიჭიერებაში. ფესტივალზე გამარჯვების შემდეგ, ისინი რედაქციაში გვეწვივნენ „სოფტების“ ერთ-ერთ ფრონტმენ, გია ქარჩხაძესთან ერთად, რომელიც ამჟამად „ემბრიონელთა“ ქართველი მენეჯერია და თავიანთ ბრიტანულ შთაბეჭდილებებსა და გეგმების შესახებ ისაუბრეს.

Monday, October 14, 2002

„ორი ენა გველის არის“

ნათქვამია, რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარო. ეს მართლაც ასეა, პოლიგლოტები ბედნიერები არიან, თუნდაც იმით, რომ მათ შეუძლიათ რამდენიმე ენაზე ინფორმაციის მიღება. შეუძლიათ ფრანგულ, სპარსულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე ამ ქვეყნების ლიტერატურას გაეცნონ, გაიგონ სიმღერათა ტექსტები. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი მართლაც შესაშურია. თუმცა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისათვის არ არის სავალდებულო იცოდეს ორი ან მეტი ენა, ხოლო მის მშობლიურ ენას სახელმწიფო კანონით უნდა იცავდეს.

გასული საუკუნის 70-იან წლებში, როდესაც იმპერიული რუსეთი საქართველოში რუსული ენის გაბატონებას ცდილობდა, არაფერი გამოუვიდა, რადგან მშობლიური ენის დასაცავად 1978 წლის 14 აპრილს ხალხი ქუჩაში გამოვიდა. იმპერიის ხელისუფლება იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო, თუმცა რუსული ენა ქართულთან ერთად მაინც სახელმწიფო ენად იყო გამოცხადებული. ასე მკვიდრდებოდა საქართველოში ორენოვნება. ამაზე მაშინ ძალიან თამამდ იხუმრა პოეტმა ჯანსუღ ჩარკვიანმა, რომელმაც განაცხადა, რომ ორი ენა მხოლოდ გველს აქვსო.

სამწუხაროდ, ორი ენა დღევანდელ დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოშიც შენარჩუნებულია. მართალია არაოფიციალურად, მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა არა აქვს. პირველ რიგში, მასობრივი მედიის ელექტრონულ საშუალებებში 1991 წლის (ანუ დამოუკიდებლობის აღდგენის) შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა. ქართული ტელევიზიები ისევ განაგრძობენ რუსულენოვანი ამერიკული ფილმების ჩვენებას. ამ მხრივ გამონაკლისი სახელმწიფო ტელევიზია, „რუსთავი 2“ და „მე-9 არხია“. თუმცა ამ ტელევიზიების ცოდვათა შესახებ ცოტა ქვემოთ ვისაუბრებ.

საქართველოში რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესების დაცვის ცრუ ლოზუნგით, ქართული ტელევიზიების გადაცემებში უთარგმნელად გადაიცემა რუსი პოლიტიკოსებისა თუ კულტურის მოღვაწეების კომენტარები. გაუგებარია რას ნიშნავს „რუსულენოვანი მოსახლეობა“? ან მეორე საკითხი: რა გახდა მათთვის ქართული ენის შესწავლა, თუკი ისინი საქართველოს მოქალაქეები აგერ უკვე მე-12 წელია არიან?

ყველაზე სასაცილო მოვლენები კი რადიო „ფორტუნა პლუსში“ ვითარდება. ამ რადიომ თავისი პრაიმ-თაიმი რატომღაც რუსულ ენას დაუთმო, რომელშიც ძირითადად სატელეფონო თოქ-შოუები გადაიცემა. ჰოდა, ამ თოქ-შოუების დროს რუსულენოვან წამყვანებს ურეკავენ ამ ენის არმცოდნე ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც ეთერში ბლუკუნებენ, ან ქართულად ყვებიან ანეკდოტებს ჭიჭიკიასა თუ მიტუაზე. ამ ანეკდოტებს „ფორტუნა პლუსის“ წამყვანები ან ვერ იგებენ, ან არ ესმით და სიტუაციის განსამუხტად ნაძალადევად იცინიან დაახლოვებით ასე: „ჰო-ჰო-ჰო“ – ამით ისინი ელფისა და პეტროვის „თორმეტი სკამის“ გმირს, ელოჩკას ემსგავსებიან, რომელიც სამეტყველოდ მხოლოდ 30 სიტყვას იყენებდა.

ახლა ტელევიზიებზეც ვისაუბროთ. „პირველი არხი“ და „რუსთავი 2“ საკუთარ საინფორმაციო პროგრამებშიც კი უცვლელად ტოვებენ რუსულ კომენტარებს. საინტერესოა, თუკი ამერიკელთან ან ფრანგთან ერთად აღნიშნული ტელევიზიები თარჯიმნებსაც იწვევენ, რატომ არ აკეთებენ ამას რუსის სტუდიაში მოყვანისას? მით უმეტეს, ღამის საინფორმაციო პროგრამების წამყვანებს ეტყობათ, რომ რუსულს კარგად ვერ ფლობენ. ქართველს უთარჯიმნოდ არავინ ალაპარაკებს არც რუსეთის და არც სხვა ქვეყნის ტელევიზიაში. ჩვენ რატომ უნდა ვამეტყველოთ სხვა, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე ქართულ ტელევიზიაში თარჯიმნის გარეშე? განა ჩვენი ტელევიზიები არ აკრიტიკებდნენ ქართველ პოლიტიკოსებსა და პრეზიდენტს, საზღვარგარეთ რუსულად რატომ საუბრობთო?!

პოლიტიკოსებმა შეცდომა ნაწილობრივ გამოასწორეს, მაგრამ ახლა თავად მასმედია სცოდავს. საქართველოს მოქალაქეები არ არიან ვალდებულნი, იცოდნენ ქართულის გარდა, სხვა რომელიმე უცხო ენა, მით უმეტეს, რუსული – რაც უნდა ტკბილხმოვანი და „მშობლიური“ არ უნდა იყოს იგი ზოგიერთისთვის. ხოლო რუსული ენის გადაცემებში გამოყენება „პირველ არხსა“ თუ „რუსთავი 2“-ზე სხვა არაფერია, თუ არა ძალადობა და ფსევდოინტერნაციონალიზმი.

რუსულს ვისწავლით, ფრანგულს თუ ინგლისურს, ეს ჩვენი პირადი საქმეა და არა მასმედიის. ჩვენ ვუსმენთ ბორის გრებენშიკოვს რუსულად, მაგრამ მისი ინტერვიუ ქართულ ტელევიზიაში მშობლიურ ენაზე უნდა მოვისმინოთ, მით უმეტეს, საქართველოში უკვე არსებობს თაობა, რომელმაც რუსულზე უკეთესად გერმანული ან ინგლისური იცის. მაშ ვისთვის არის განკუთვნილი რუსულენოვანი გადაცემები?

Tuesday, October 8, 2002

„ათეისტები ვერ ამჩნევენ ირგვლივ რა ხდება, ათეიზმი უმაღლესი ხარისხის დებილიზმია“ – ამბობს რელიგიაში ჩაფლული ბორის გრებენშიკოვი

ბორის გრებენშიკოვისა და „აკვარიუმის“ ანშლაგი თბილისში

მთელს მსოფლიოში ბორის გრებენშიკოვის სახელი ლეგენდასთან ასოცირდება. რას აღარ უწოდებენ მას: რუსული როკისა და ანდერგრაუნდის მამას, მომღერალ პოეტს, მუსიკოს-ფილოსოფოსს და ა.შ. ამის თაობაზე თბილისის კონცერტის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ბ.გ.-მ პირდაპირ თქვა: „знаете, мне глубоко наплевать, как меня назовут“.

მისი აზრით, პირველყოფილი პოეზია კი არ იკითხებოდა, არამედ იმღერებოდა და ის ძველ ტრადიციებს მისდევს: „ჩემი ღირსება ისაა, რომ ჩემს მუსიკას ვერაფერს დაარქმევთ. ეს უბრალო სიმღერებია, რომელსაც დღეს ასე შევასრულებ, ხვალ – სხვანაირად, რადგან ჩვენ ვიცვლებით“.

14-წლიანი ლოდინის შემდეგ თბილისში ისევ ჩამოვიდა ბორის გრებენშიკოვი და „აკვარიუმის“ ნაწილი. ბ.გ.-ს ინფორმაციით, მას ამის მცდელობა და სურვილი არასოდეს განელებია, მაგრამ ვერ ხერხდებოდა. „ამჯერად ბევრი არ გვიფიქრია, რატომ უნდა ჩამოვსულიყავით. დაგვიძახეს და ჩამოვედით“ – თქვა მან. თუმცა თბილისში აპოლიტიკური ბ.გ. ბევრჯერ გამოიყვანეს წყობილებიდან. კონცერტის შემდეგ, როცა მას უკვე მერამდენედ ჰკითხეს რუსულ და ქართულ პოლიტიკაზე, ჟურნალისტს ბრაზიანად შეუბრუნა კითხვა: „вы этого дерьма сегодня в зале видели“? ხოლო როდესაც მცხეთაში ყოფნისას, მობილურზე საუბრისას, ვიღაც მოსკოველი ჟურნალისტი მასთან რუსულ-ქართულ ურთიერთობებს და საქართველოში ჩასვლის მიზეზებს არკვევდა, ბორისმა ჩაილაპარაკა „იდიოტი“! მისი სიტყვებით: „რუსულ-ქართული კულტურული კავშირი უძველესია, ჩვენ ერთმანეთს ვავსებთ. ძალიან ცუდი იქნება, თუ ეს კავშირი გაწყდება. როგორც ვხედავ, ჯერჯერობით, მხოლოდ პოლიტიკოსები დავობენ. საწყენია, რომ ამით, ადამიანები ზარალდებიან“.























Monday, October 7, 2002

„სუფთა წერა“ ლიტერატურული ნაგვის წინააღმდეგ

„არ შეიძლება ლიტერატურასა და მკითხველს შორის შუამავალი სახელმწიფო მინისტრი იყოს“

ქართულ ლიტერატურულ გამოცემებს ახალი გაზეთი შეემატა – „სუფთა წერა“. გაზეთი დააფუძნეს მწერლებმა: შოთა იათაშვილმა, ბესო ხვედელიძემ, შალვა ბაკურაძემ, დავით ქართველიშვილმა, დათო რობაქიძემ, ზაზა ბურჭულაძემ და ზურაბ რთველიაშვილმა. ეს მწერლები სამოღვაწეო ასპარეზზე 90-იანი წლებიდან გამოჩდნენ და ლიტერატურულ წრეებში უკვე საკმაოდ ცნობილნი არიან. „სუფთა წერით“ ისინი პოლიტიზირებულ მწერლურ კლანებს უპირისპირდებიან.

გაზეთის დამფუძნებლებმა პირობა დადეს, რომ თავიანთი ნაწარმოებები მხოლოდ „სუფთა წერაში“ დაბეჭდონ. ეს არ შეეხება მხოლოდ პუბლიცისტიკას. ზაზა ბურჭულაძე აცხადებს, რომ მათ გაზეთში არ დაიბეჭდებიან „სახელმწიფო დოტაციაზე მყოფი მწერლუკები“.

დავით ქართველიშვილი: ქართულ ლიტერატურულ პროცესში სიტუაცია აყროლებულია. ამიტომ დავარქვით გაზეთს „სუფთა წერა“. ჩვენ ვეცდებით, საკუთარი ძალებით გავასუფთავოთ ქართული ლიტერატურა.

ზაზა ბურჭულაძე: დღეს ყველაზე თვალშისაცემი ლიტერატურული პროსტიტუციაა. ამ გაზეთის გამოცემა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ამის უკან არ იგულისხმება ლიტერატურული მეძაობა. ჩვენგან არც ერთი არაა გაყიდული და რაიმე ფინანსური ინტერესები არ გვამოძრავებს. ჩვენს შემოქმედებას აერთიანებს იდეა. რა თქმა უნდა, ჩვენს გაზეთში კრიტიკაც დაიბეჭდება, რადგან მწერლისთვის კრიტიკა ისევე აუცილებელია, როგორც კოსმონავტისთვის სკაფანდრი. ამ გაზეთმა პრიზმის ფუნქცია უნდა შეასრულოს და უნდა გავარჩიოთ, რა არის ქაქი და რა – კარგი.

ზურაბ რთველიაშვილი: როდესაც აღმშენებლობაზეა საუბარი, იქვე შეიძლება დესტრუქციაზეც ვილაპარაკოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე ცუდია. ამბობენ, 80-იანი წლების მიწურული და 90-იანების დასაწყისი დესტრუქციული წლები იყო. თუმცა სიახლის ძიების მცდელობებიც არსებობდა, მაგრამ ეს პროცესები კონტროლის ქვეშ არ იყო აყვანილი. ასეთი კონტროლი XXI საუკუნეში დაწესდა. უკვე გამოიკვეთა ორი ბანაკი – ძველი და ახალი ტრადიციონალისტების... ამ კორპორატიულ ხელოვნებაში არ არის გამორიცხული, ვთქვათ, ფირმა „ყაზბეგს“ ჰყავდეს თავის მწერალთა და მუსიკოსთა ჯგუფი. შეიძლება გარკვეულმა ჟურნალისტებმა მთავრობის რომელიღაც პოლიტიკური ძალის ინტერესები დაიცვან. მწერლისთვის ეს უპრინციპობაა. მწერლობაში უკვე არსებობენ დაჯგუფებები, კლანები, რომლებიც გარკვეულ მიზნებს ემსახურებიან. ჩვენ მათ ზნეობრიობას ვერ მოვთხოვთ. მათ ლიტერატურული გამოცემების ფურცლები გადააქციეს რაღაც დაჯგუფებების კონფრონტაციის პოლიგონად. ჩვენ პოზიციას გამოვხატავთ ლიტერატურული გაზეთის ფურცლებზე, ოღონდ ლიტერატურული ნაწარმოებებით და კრიტიკული სტატიებით. ჩვენ სწორედ ამ უპრინციპობას ვუპირისპირდებით.

Tuesday, October 1, 2002

„მის შრომას რომ ვხედავდი, ზოგჯერ ვტიროდი ხოლმე“

თბილისის ქუჩებში გამოკრული ჯაზ-ფესტივალის აფიშები მუსიკისმოყვარულებს დათო ოძელაშვილის საღამოზე ჯერ კიდევ ეპატიჟება. სამწუხაროდ, ქართველ მაყურებელს ვეღარ დაატკბობს ვირტუოზი ფლეიტისტის ჯადოსნური ჰანგები.

დათო ოძელაშვილის ხანმოკლე ცხოვრება მშრალად შეიძლება ასე აღვწეროთ: დაიბადა 1974 წლის 30 ივნისს თბილისში, დაამთავრა 62-ე საშუალო სკოლა, 21-ე მუსიკალური სასწავლებელი, მე-5 მუსიკალური ტექნიკუმი, თბილისის კონსერვატორია, მოცარტის აკადემია, მონაწილეობა მიიღო ფირფიტების ჩაწერაში და გრანდიოზულ კონცერტებში. დარჩა მეუღლე ლალი და ორი პატარა შვილი: ანანო და ლაზარე. გარდაიცვალა ახლახან, ვენაში.

ამ მშრალი ინფორმაციისა და ციფრების მიღმა იმალება უდიდესი სულიერების მქონე ახალგაზრდა პიროვნება, შესანიშნავი მუსიკოსი და ჩოგბურთელი, უბრალოდ, კარგი ადამიანი. ოძელას მამა, თამაზ ოძელაშვილი თვალცრემლიანი გვიყვება დათოს ცხოვრების ამსახველ ეპიზოდებს.

თამაზ ოძელაშვილი: „დათო 6 წლის ასაკიდან შრომობდა. დღე არ გასულა, რომ არ ემუშავა. რომ შევამჩნიე მისი წადილი, ნიჭი, ვცდილობდი ხელი შემეწყო. 8 წლის დათომ ტელევიზორში ომარ კელაპტრიშვილის გამოსვლა ნახა, რომელიც სალამურზე უკრავდა. მანაც აიღო სალამური და კელაპტრიშვილის მიერ შესრულებულ ნაწარმოებს მიამსგავსა.

დავაწყებინეთ ფორტეპიანოს შესწავლა. ამის შემდეგ ოპერის თეატრში ფლეიტისტთან მივიყვანე. მან ბავშვს ვუნდერკინდი უწოდა. პიონერთა სასახლეში ანსამბლ „საუნჯეშიც“ სწავლობდა. ერთ თვეში სოლისტი გახდა.

შევიყვანეთ 21-ე მუსიკალურ სასწავლებელში. პედაგოგები ხელს უწყობდნენ. 9 წლისა უკვე ისეთ რთულ ნაწარმოებებს უკრავდა, კონსერვატორიადამთავრებულებსაც კი გაუჭირდებოდათ. ასრულებდა ბახის, მოცარტის, შუბერტის, რიმსკი-კორსაკოვის და სხვების ურთულეს ნაწარმოებებს. მარტო მუსიკალურ გამებს დღეში ორსაათნახევარი მეცადინეობდა. მის შრომას, რომ ვხედავდი, ზოგჯერ ვტიროდი ხოლმე. ვფიქრობდი, ეს ნიჭი მას ღმერთმა მიანიჭა და ხელი უნდა შევუწყო-მეთქი. როდესაც „ლახტში“ მივიყვანე, რობერტ ბარძიმაშვილმა მითხრა, ძალიან დიდი მუსიკოსი იქნებაო.

Monday, September 30, 2002

აჩიკო მეფარიძეს ეგვიპტეში პრიზი არ აუღია

გვითხარი, რომ ეს არ ყოფილა ტყუილი!

სტატია დაწერილია ჟურნალ „ულტრას“ ჟურნალისტთან, მაია სიხარულიძესთან ერთად

ჟურნალ „ულტრას“ 11-17 სექტემბრის ნომერში (№42) დაიბეჭდა ჟურნალისტ ნინო ტურაშვილის ინტერვიუ არჩილ მეფარიძესთან და მის მენეჯერ სოსო ჯავახიშვილთან, სადაც ისინი იუწყებოდნენ, რომ ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში ჩატარებულ საერთაშორისო სიმღერის ფესტივალზე მომღერალმა არჩილ მეფარიძემ დაიმსახურა ფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი – პაპირუსზე გამოსახული კლეოპატრა. ეს ინფორმაცია ჟურნალის პირველ გვერდზეც (ყდაზე) გავიდა.

მოგეხსენებათ ჟურნალი „ულტრა“ გაზეთ „ახალი ვერსიის“ დამატებაა. ჩვეულებისამებრ, მკითხველები ყოველი ნომრის გამოსვლის შემდეგ ტელეფონით ან საფოსტო გზავნილებით რედაქციის თანამშრომლებს თავიანთ შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ ჩვენს მიერ გამოქვეყნებული მასალების შესახებ. სწორედ „ულტრაში“ შემოსულმა ანონიმურმა ზარმა გამოიწვია ჩვენი დაინტერესება იმ მნიშვნელოვანი ფაქტით, რომელზეც ქვემოთ მოგითხრობთ.

ვინ არიან ფესტივალის ნამდვილი პრიზიორები

რამდენიმე დღის წინ „ულტრას“ რედაქციაში დარეკა ქალბატონმა, რომელმაც შეგვატყობინა, რომ საქართველოში ცნობილ მომღერალს არჩილ შოთას ძე მეფარიძეს ეგვიპტეში 20-28 აგვისტოს გამართულ სიმღერების საერთაშორისო ფესტივალზე პრიზი არ მოუპოვებია. 40 წუთის შემდეგ რედაქციაში იგივე შინაარსის სატელეფონო ზარი განმეორდა. ამჯერად ანონიმმა მამაკაცმა შემოქმედებით კოლექტივს არაკომპეტენტურობასა და მეფარიძის პოპულარიზაციისთვის კომპანია „არტ-იმედთან“ შეთანხმებულ აფერაში დაგვდო ბრალი. მან გვკითხა: „რამდენს გიხდით პატარკაციშვილის ორგანიზაცია უნიჭო მომღერლების რეკლამაში“? ასევე მოგვცა ინტერნეტ-გვერდის მისამართი, სადაც მისი შეტყობინების შესახებ მოვიპოვებდით საჭირო, ობიექტურ ინფორმაციას ფესტივალის შესახებ. მართლაც, ვნახეთ ანონიმის მიერ მოწოდებული ინტერნეტ-გვერდი და შედეგმა სახტად დაგვტოვა. გაგვიკვირდა, რისთვის დასჭირდა არჩილ შოთას ძესა და მის მენეჯერს, სოსო ჯავახიშვილს მსგავსი ტყუილის მოგონება.




















Monday, September 23, 2002

უკრაინის პროვინციის ეკლესიაში ქართული საგალობელი იგალობება

ქართველებისა და უკრაინელების მეგობრობის შესახებ არაერთხელ დაწერილა. დასავლეთ უკრაინაში – იქ, სადაც ყველაზე უფრო მეტად უკრაინელები – ბენდერები ცხოვრობენ, არსებობს ქალაქი ჩერნოვცი, სადაც მაღალი კულტურისა და სულიერების ხალხი ცხოვრობს. ჩერნოვცელები იხსენებენ უცნობ ქართველ მამაკაცს, რომელმაც ქუჩაში დაგდებული, სისხლში ამოსვრილი პატარა ბიჭუნა თავისი უცხოური მარკის მანქანით საავადმყოფოში მიიყვანა და მის მშობლებს მორალური და მატერიალური დახმარებაც გაუწია. შემდეგ იგი საერთოდ გაუჩინარდა. მშობლები ამაოდ ეძებდნენ ქართველ კეთილისმყოფელს, სამაგიეროდ, ყველა ქართველს მადლობას სწირავენ.

სწორედ ჩერნოვციშია დაკრძალული დიდი ქართველი პოეტი დავით გურამიშვილი. ამ ქალაქში ჩასულ ქართველს არ შეუძლია, თავისი სახელოვანი წინაპრის საფლავი არ მოინახულოს.

ჩერნოვცისა და ბუკოვინოს ეპარქიაში, ჩერნოვციდან მე-8 კილომეტრზე არის დიდმოწამე დიმიტრი სალუმსკის სახელობის დიდი ტაძარი, სადაც წირვას დეკანოზი ვლადიმირი აღავლენს. ყველაზე საკვირველი ამ ტაძარში ისაა, რომ საეკლესიო გუნდი წირვის მსვლელობისას ქერუბიმებისადმი აღვლენილ საგალობელს ქართულად გალობს. მამა ვლადიმირი აღნიშნავს, რომ ამ საგალობლის ნოტები ხელში სრულიად შემთხვევით ჩაუვარდათ. იგი დარწმუნებულია, რომ საქართველოში ქართული მიწის ყოველი გოჯი წმინდაა. მისი აზრით, ქართული გალობა ღვთაებრივია, უკრაინელებსა და ქართველებს მხოლოდ სასაუბრო ენა ჰყოფთ, მაგრამ მართლმადიდებლობა – ქრისტე აერთიანებთ.

Monday, September 16, 2002

„აკვარიუმი“ თბილისში – გრებენშიკოვი 22 წლის შემდეგ

იმას, რომ რუსული როკი სუბკულტურიდან ჭეშმარიტ ხელოვნებაში გადაიზარდა, ბევრი მტკიცება არ სჭირდება. მან სათანადო ადგილი დაიმკვიდრა საერთოდ რუსეთის კულტურაში, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ბორის გრებენშიკოვსა და მის ჯგუფ „აკვარიუმს“ მიუძღვის.

1980 წელს თბილისში, პირველად სსრკ-ის ისტორიაში, დიდი როკ-ფესტივალი „გაზაფხულის რიტმები“ ჩატარდა. „აკვარიუმის“ შესახებ მთელმა ქვეყანამ სწორედ თბილისიდან შეიტყო. ბორის გრებენშიკოვი ფესტივალზე სკანდალურად გამოვიდა, როგორც ჭეშმარიტად ანდერგრაუნდში მყოფი მუსიკოსი და მასზე უამრავი ჭორი აგორდა, რომლებზეც საბჭოთა წითელი პრესა შეგნებულად დუმდა. „დამითმეთ ჩემი წილი სიცოცხლის ნაგლეჯი, სანამ გარეთ გავსულვარ!“ – მიკროფონში დაიყვირა ბორისმა საქართველოში და ასეც მოიქცა – მან დატოვა კომკავშირი და ყველაფერი, საიდანაც კი შეიძლებოდა ადამიანი გასულიყო. სამაგიეროდ, დაამკვიდრა „ახალი ტალღა“, საიდანაც ყველას დაანახა, თუ როგორ შეიძლება კაცმა სსრკ-ში დაუკრას როკი.



















„აკვარიუმის“ ისტორია კი 1972 წელს დაიწყო, როდესაც ლენინგრადის სახლმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტმა, 19 წლის ბორის გრებენშიკოვმა დუეტი შექმნა „აბსურდის დიად დრამატურგ“, ანატოლი „ჯორჯ“ გუნიცკისთან ერთად. იმ პერიოდში „აკვარიუმი“, უხეშად რომ ვთქვათ, განსაზღვრულ მოჰიპავე ბოჰემას ართობდა. ისინი ასრულებდნენ აბსურდულ სიმღერებს და მონაწილეობდნენ თეატრალურ წარმოდგენებში „ინჟინერული ციხე-კოშკის კიბეებზე, რომელიც საზაფხულო ბაღნარში ჩადიოდა“.

მალე ჯგუფში მუსიკოსთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა. მათ მუსიკაში აჟღერდა რუსული ფოლკლორის მოტივები, ბრიტანული მუსიკა, ამერიკელი ბარდული მელოდიები და სხვა. თუმცა „აკვარიუმის“ მუსიკა მაინც არ იყო საიდანმე ასლირებული, არც სუფთა დასავლური. „აკვარიუმის“ სტილისტურ მოქნილობას და მრავალფეროვნებას ანალოგი ნაკლებად მოეძებნება. მის მუსიკაში გვხვდება: უბრალო ადამიანის საყოფაცხოვრებო მომენტები, კლასიკური რუსული რომანსი, პანკი, მდიდარი ფოლკლორი (რუსული, კელტური, აღმოსავლური), რეგეი, ჯაზი, სუფთა როკ-ენ-როლი, რიტმ-ენდ-ბლიუზი... მაგრამ მისი მუსიკა არანაირად არ ჯდებოდა საბჭოთა ესტრადის ჩარჩოებში. ბორიამ ერთხელ თქვა: „ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით, რომ ყოველთვის გარეთ (вне) ვიყავით“.


















ხელისუფლებაში ანდროპოვის მოსვლის შემდეგ „აკვარიუმი“ ლანძღვა-გინების მთავარი სამიზნე გახდა. გრებენშიკოვს „როკ-ენ-როლის ბარბაროსი“ შეარქვეს. „აკვარიუმის“ კონცერტებზე მილიცია მუსიკოსებს ჩხრეკდა და იჭერდა, აწყობდა მათ ქანცგამცლელ, უაზრო დაკითხვებს. ამიტომ იმ პერიოდში მათი საგასტროლო ტურნეები პრაქტიკულად შეწყდა. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ბორის გრებენშიკოვი არასოდეს ყოფილა „პოლიტიკური“ მომღერალი. უფრო სწორად რომ ვთქვათ, იგი იმდენად იყო პოლიტიზირებული, რამდენადაც თავად იმ პერიოდის ცხოვრება.

გორბაჩოვისეული „გარდაქმნის“ რეალურად დაწყების შემდეგ „აკვარიუმი“ ლეგალური ჯგუფი გახდა, ისევე, როგორც საერთოდ როკ-ენ-როლი. იგი სათავეში ჩაუდგა სხვადასხვა კომკავშირულ გამოცემათა ჰიტ-პარადებს. მისი მუსიკა აჟღერდა, როგორც მხატვრულ, ასევე, დოკუმენტურ ფილმებში. „აკვარიუმის“ სიმღერა „Поезд В Огне“ „გარდაქმნის“ ერთ-ერთი სიმბოლოც კი გახდა. ბორის გრებენშიკოვმა ბრიტანეთსა და ამერიკაში ინგლისურენოვანი ფირფიტებიც ჩაწერა.

80-იანი წლების მიწურულს რუსული როკის მთელი ინფრასტრუქტურა დაინგრა, მუსიკოსები საზღვარგარეთ წავიდ-წამოვიდნენ ან ბიზნესს მიჰყვეს ხელი. სწორედ მაშინ შეასრულა ბგ-მ სიმღერა „როკ-ენ-როლი მოკვდა, მაგრამ მე ჯერ არა“. მიუხედავად ამისა, „აკვარიუმი“ როკ-ენ-როლის სიკვდილის მერე აღორძინდა. ახალ ჯგუფს გრებენშიკოვი უცვლელი დაუბრუნდა – ბრძენი, ირონიული, ძალზედ მგრძნობიარე. სიმღერებში სოფლისა და ტიბეტური ცხოვრების მოტივები აჟღერდა, რომლებშიც ერთმანეთშია შერწყმული მცირე ეკუმენიზმი და კოსმოპოლიტიზმი, რუსეთისადმი უიმედო სიყვარული.

90-იანი წლების შუა ნაწილში ბორის გრებენშიკოვი ალბათ ერთადერთი შემოქმედი იყო რუსეთში, რომელმაც შეძლო ნონკონფორმისტული პოზიციები გამოეხატა არა მარტო თავის დეკლარაციებში, არამედ ხელოვნების საშუალებებში. პრინციპში, ნონკონფორმიზმში ყოფნა როკერისთვის უფრო ბუნებრივი მდგომარეობაა, ვიდრე მმართველი ელიტის ესთეტიკური მომსახურება. მიუხედავად ამისა, შეუძლებელია „აკვარიუმის“ მუსიკას დღეს სუფთა როკი უწოდო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბგ-მ ერთ ალბომში მთლიანად ვერტინსკის, მეორეში – მთლიანად ოკუჯავას სიმღერები იმღერა. ამიტომ სიტყვა „როკი“ გრებენშიკოვთან მიმართებაში პირობითია.

სასიხარულოა, რომ ქართველები „აკვარიუმსა“ და ბორის გრებენშიკოვს სულ მალე, 2 და 3 ოქტომბერს გრიბოედოვის სახელობის თეატრში ვიხილავთ. გემოვნებიანი მუსიკის მოყვარულთ ნამდვილი დღესასწაული ელით. როგორც იქნა, თბილისში ღირსეული კაცი ჩამოვიდა.

Monday, September 9, 2002

ჯიგრები და უჯიგროები

ამას წინათ ერთმა ჩემმა მეგობარმა ერთ-ერთ მუსიკოსზე სტატიის დაწერა შემომთავაზა. მართალი გითხრათ, აღნიშნული მუსიკოსი არც მას და არც მე დიდად არ მოგვწონს, უფრო მეტიც, საერთოდ არ მოგვწონს. როდესაც მას ვკითხე რატომ გინდა მაინცა და მაინც მასზე დავწერო სტატია-მეთქი, მიპასუხა, რომ მართალია, მისი შემოქმედება არც მე მიტაცებს, მაგრამ პირადად ვიცნობ და დანამდვილებით შემიძლია გითხრა, რომ მაგარი ჯიგარიაო.

სიტყვა „ჯიგარი“ მეგობრის საუბარში ამ მუსიკოსის ერთადერთი მახასიათებელი იყო. მაგრამ იგივე „ჯიგარი“ ხომ შეიძლება ნებისმიერი ინჟინერი, მეღვინე, მხატვარი ან ექიმიც იყოს? თუმცა ეს ყოველთვის არ ნიშნავს, რომ იგი საკუთარ საქმეს შესანიშნავად ასრულებს.

ეჭვი არც იმაში მეპარება, რომ ბევრი ასეთი „ჯიგარი“ საუკეთესო პროფესიონალიცაა. ქართული მუსიკალური სცენა შესაძლოა მართლაც სავსეა „ჯიგრებით“, მაგრამ, ჩემი აზრით, მათი აბსოლუტური უმრავლესობა მუსიკასთან და შემოქმედებასთან ძალზედ მწყრალად არის. ზოგიერთი მათგანი კი, უბრალოდ, ცდილობს თავი „ჯიგრად“ მოგვაჩვენოს. სწორედ ამიტომ გაივსო ქართული ყვითელი პრესა მარაზმული სტატიებით.

პროფესიონალები კი, ამის შემხედვარე, ჩრდილში ყოფნას ამჯობინებენ, პრესასთან მხოლოდ საქმეზე საუბრობენ და საერთოდ იგნორირებას უკეთებენ საკუთარი „ჯიგრობის“ მტკიცებას. დანარჩენები კი, პირიქით, მხოლოდ საკუთარი „ჯიგრული“ თვისებების გამომზეურებას ცდილობენ და ამით თავი მოაქვთ. „მე ერთი უბრალო კაცი ვარ, მიყვარს ძმაკაცები და ჩემი სამშობლო“ – ხშირად ყალბად იმეორებენ ისინი.

მაინც როგორია ე. წ. „ჯიგარი“ ქართველი მუსიკოსი?

თუ მამაკაცზე ვსაუბრობთ, იგი აუცილებლად დიდი საძმაკაცოს პატრონი უნდა იყოს. მის კაცურ-კაცობაზე ქალაქში ლეგენდები უნდა დადიოდეს. ამავე დროს აუცილებელი არაა, მას კარგი ხმა ან რაღაც იდეა ჰქონდეს. ხალხი მასზე უნდა ამბობდეს: რა ქნას, მართალია ხმა მაინცა და მაინც არა აქვს, კარგად ვერ მღერის, მაგრამ რაც მთავარია, „ჯიგარი“ ხომ არისო.

ქალზე, მეტადრე დედაკაც მომღერალზე თუა ლაპარაკი, იგი აუცილებლად დაოჯახებული უნდა იყოს (მნიშვნელობა არა აქვს მერამდენედ) და საზოგადოების თვალში პატიოსანი ოჯახის დიდი დიასახლისის სახელი უნდა ჰქონდეს გავარდნილი, რომელიც ქმრის ძმაკაცებს თავს ევლება. ისევე, როგორც მამაკაც მომღერალს, არც მისთვისაა აუცილებელი ჰქონდეს ხმა ან რაღაც სათქმელი.

თუ ამ კრიტერიუმებით ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ იგივე ლუჩანო პავაროტი, ელტონ ჯონი, პოლ მაკარტნი, ტინა ტერნერი, მადონა და ა. შ. „უჯიგროები“ ყოფილან, რადგან მათ საერთოდ არ იციან სიტყვა „ძმაკაცის“ მნიშვნელობა და ხეირიანად ვერ აფასებენ ოჯახს.

თავიანთი უწესო და არამოწესრიგებული ცხოვრების სტილით „უჯიგროების“ რიცხვში შეიძლება მოვახვედროთ ძველი კლასიკოსებიც: ბეთჰოვენი, მოცარტი, პაგანინი, შოპენი და ა. შ. ისინი ამ მხრივ ძალიან ბევრს სცოდავდნენ. მაშ რა ვუწოდოთ მათ? შეიძლება თუ არა ისინი გენიოს „ჯიგრებად“ ან „ჯიგარ“ გენიოსებად მაინც მოვნათლოთ? „ჯიგრობის“ ჩვენეული განმარტების მიხედვით, რა თქმა უნდა, არა. ისინი მარტონი ქმნიდნენ, არ ჰყავდათ უზარმაზარი საძმაკაცო, არ უკრავდნენ რესტორნებში, არ იცოდნენ რა არის „მინუსავოი“ ან „პლიუსავოი“ ფონოგრამა, არ დაკუნტრუშობდნენ ხელისუფლების მიერ მოწყობილ გრანდიოზულ შოუებზე, სამარიაჟოდ არ დააგრიალებდნენ „ფირმა“ კარეტებს. ერთი სიტყვით, მაგარი „უჯიგროები“ იყვნენ.

ე. ი. გამოდის, ჩვენ ქართველებს, ძალიან „ჯიგარი“ მუსიკოსები, მომღერლები გვყავს, ხოლო იქ, უცხოეთში უცხვირპირო, „უჯიგრო“, უხეირო მუსიკოსები ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ. ჩვენ კი, ქართველმა ჟურნალისტებმა, აუცილებლად მხოლოდ „ჯიგრებზე“ უნდა ვწეროთ. აბა, რად გვინდა მართალია, პროფესიონალი, მაგრამ „ჯიგრის“ არმქონე შემოქმედები? ხალხის უმრავლესობამ ხომ მხოლოდ „ჯიგარი“ არჩია პროფესიონალს. ეს უკანასკნელები კი ჩვენ საერთოდ არ გვჭირდება, რადგან გვირჩევნია ვიყოთ „ჯიგარი“ სულელები, ვიდრე „უჯიგრო“ პროფესიონალები. ისე კი, მინდა გითხრათ, რომ „ჯიგარი“ ღორსაც აქვს, თანაც ძალიან გემრიელი...

Monday, September 2, 2002

ვისოცკი და ფსევდოვისოცკები

საერთოდ, ჩვენ ვერც კი ვგრძნობთ, რომ ბევრი რამ არ გვესმის და, ხშირ შემთხვევაში, არც კი გვინდა გავიგონოთ (გავიგოთ). ზოგჯერ გვირჩევნია, გულზე ხელდაკრეფილებმა ცარიელი თავებით თვალ-ყური ვადევნოთ ყველაფერს და არ ვცდილობთ რაიმეში საფუძვლიანად გავერკვეთ, ვისწავლოთ. ამიტომ მდორედ მივყვებით დროის დინებას, რომელიც საბოლოოდ სიკვდილთან მიგვიყვანს.

დარდიმანდული გაგების ადამიანებისგან ხშირად გაიგონებთ, რომ ჩვენ ხანმოკლე ცხოვრება მოგვეცა, ამიტომ უნდა კარგი ვსვათ, კარგი ვჭამოთ და არ მოვიკლოთ ამქვეყნიური სიამოვნებანი. თვით მორწმუნეთა დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ გარდაცვალების შემდეგ ამქვეყნად შეძენილი ცოდნა და ინტელექტი იმქვეყნად მიგვყვება. ხშირად ელემენტარულიც არ გვესმის, ამიტომ ვეგუებით იმას, რაც არაბუნებრივი, ხელოვნურია და ხარისხიანს უხარისხოსგან ვეღარ ვანსხვავებთ.

ამ მოკლე „ფილოსოფიური“ პრელუდიის შემდეგ ელემენტარული მუსიკალური ლაფსუსების (ამ სიტყვის ხსენებისას ასო „ლ“ რაც შეიძლება რბილად წარმოთქვით) შესახებ მინდა გესაუბროთ. ასეთი მუსიკალური „იაღლიშები“ (მაგარი ბანძი სიტყვაა) ხშირად მოსდით ჩვენს სანაქებო ე. წ. მუსიკალურ ჟურნალისტებს და უბრალო მსმენელებს. მოვიყვან მხოლოდ რამდენიმე მაგალითს.

ჩვენი ეროვნული ესტრადა რომ „ყვავის“ (საწყალი ყვავები) და „იფურჩქნება“ ამის მტკიცებას ნამდვილად აღარ შევუდგები. ამ „ღრმა“ შინაარსის მქონე ჟანრში „გარკვეულები“ ხშირად ისეთ შედარებებს აკეთებენ, რომ მაშინვე შუბლზე ძარღვის (ალბათ, მოგეხსენებათ რომელ ძარღვსაც ვგულისხმობ) ან მისი ნასახის ძებნას ვიწყებ. 

ზოგიერთს გულახდილად განუცხადებია, რომ, მაგალითად ლელა წურწუმია ქართველი ტინა ტერნერია ან შერი, ნინო ქათამაძე – ქართველი ჯენის ჯოპლინი, ხოლო სტეფანე – ქართველი ჯორჯ მაიკლი. თავი დავანებოთ იმას, რომ ეს სისულელეა და ლელა წურწუმია არც ტინა ტერნერივით ან შერივით ბებერი არ არის. ასეთი „ბრძნული“ შედარებების გამკეთებელმა ისიც უნდა იცოდეს, რომ თავმოყვარე ადამიანს არასოდეს სიამოვნებს, როცა მას ვიღაცას ადარებენ (ვინც არ უნდა იყოს იგი). მაგრამ „ბრძენები“ ისეთი ხალხის რიცხვს განეკუთვნებიან, ვისაც ძალიან უყვარს „პადხალიმი“. ჩვენ არ მოგვწონს ლელა წურწუმიას შემოქმედება, მაგრამ არც ის გვსიამოვნებს, როცა ქართველ მომღერალს ტინა ტერნერს ადარებენ.

გასული საუკუნის 70-იან წლებში ქართველ მელომანებში ელვის სისწრაფით გავრცელდა დიდი რუსი მომღერლის (იგი ვერ იტანდა, როცა მას ბარდს ეძახდნენ), ვლადიმერ ვისოცკის კუსტარულად ჩაწერილი, გიტარაზე დამღერებული სიმღერები. მისი კასეტის, ან „ბაბინის“ (ქართულად „კოჭის“) ქონა ერთგვარი პრესტიჟულიც კი იყო. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მაშინ, ამ გენიალურ შემსრულებელს, პოეტსა და მსახიობს ათასი მამაძაღლი მიმბაძველი გამოუჩნდა, რომლებიც ვისოცკის ხმადაყენებულნი მსგავსი მანერით ისეთ ზუსტ ასლირებას აკეთებდნენ, ჩახლეჩილი ხმის ერთმანეთისგან გარჩევა თვით ვისოცკის ერთგულ მსმენელებსაც კი უჭირდა. თუმცა განსხვავება სწორედ ტექსტებში იყო, რადგან „მამაძაღლი მიმბაძველები“ ძალიან ბევრს ბილწსიტყვაობდნენ და მხოლოდ „კაიბიჭურ“, ანუ ქურდული ცხოვრების წესს ასხამდნენ ხოტბას. ამათ გამო, ვისოცკის ხშირად უწევდა იმის ახსნა, რომ ასეთი სიმღერები ცხოვრებაში არ შეუსრულებია.

იმ მახინჯ ქვეყანაში, ისევე, როგორც „ქურდობა“, მსგავსი მიმბაძველების შემოქმედებაც „დაკანონდა“, რათა ნამდვილი ნიჭისთვის (ამ შემთხვევაში – ვისოცკისთვის) სახელი გაეტეხათ. ეს ნაგავი საქართველოსა და რუსეთში დღემდე შემორჩა და ე. წ. „ქურდული გაგების“ მომღერალთა ჩანაწერები ახლაც სარფიანად იყიდება. მისი მომხმარებლები კი, ძირითადად, სხვადასხვა ჯურის მძღოლები (ისინი საკუთარ თავს შოფრებს ეძახიან) და ბაზრობის მოვაჭრეები არიან. ახლა მოდაშია შუფუტინსკისა და ვიღაც ბოშა მომღერლის ჩანაწერები. ზოგიერთი მძღოლი შუფუტინსკის იმიტომ უსმენს, რომ მისი ვოკალი ვისოცკის ხმას აგონებს. ფსევდოვისოცკები კი, როგორც იტყვიან, გაწყვეტამდე არიან. ჩვენ ხშირად ვერ ვხვდებით, რომ ვიოსოცკი და ფსევდოვისოცკი (თუნდაც შუფუტინსკი) ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა, რადგან პირველი მთელი ცხოვრება თავისუფლებას უმღეროდა, ხოლო მეორე ციხეში გატარებულ წლებს მისტირის.

ჩვენ ხშირად ერთმანეთისგან ვერ ვარჩევთ ხელოვნებასა და მარაზმს. ვერ გარგვირკვევია, რა უნდა საბრინას და რა – ბიორკს. მოდას აყოლილებს ვერ შეგვიგნია, რატომ ვუსმენთ მუსიკას, რა გვინდა მის მიღმა დავინახოთ: სილამაზე, ფიქრი, სიმართლე, ტყუილი თუ მხოლოდ ტინგიცი?