Monday, February 16, 2004

„ტელეგადაცემებმა, სადაც სტუმრები მამლებივით იწევდნენ ერთმანეთზე, თავისი დრო მოჭამა“

გიგა ბოკერიას თქმით, საქართველოში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე კანონმდებლობიდან უფრო ემუქრება

ქართული სატელევიზიო-საეთერო სივრცე, ფაქტობრივად, ეგზომ პოპულარული ღამის პოლიტიკური თოქ-შოუების გარეშე დარჩა. ეთერში აღარ გადის ინგა გრიგოლიას „ღამის მზერა“ და ეკა ხოფერიას „ღამის კურიერი“. ამ გადაცემებს შეჩვეულ ტელემაყურებელს სატელევიზიო „ლომკები“ დაეწყო და გულწრფელად დაინტერესდა გრიგოლიასა და ხოფერიას ბედით. ორივე გადაცემა ერთ დღეს შეწყდა, ამიტომ ბევრ ტელემომხმარებელს გაუჩნდა სრულიად ბუნებრივი ეჭვი, რომ ეს პროგრამები „ზემოდან“ ბრძანების შედეგად შეჩერდა. ეს მოსაზრება ზოგიერთმა პარლამენტარმაც განავრცო და პრესაში გაჩნდა ცნობები ამ გადაცემების ხელოვნურად დახურვის შესახებ.

„ახალი ვერსია“ ამით, ბუნებრივია, დაინტერესდა და საქმეში უფრო ღრმად ჩასახედად შეეცადა, „დაზარალებულებს“დაკავშირებოდა. ინგა გრიგოლია „ღამის მზერის“ შეჩერებას იმით ხსნის, რომ ახალ პროექტს ამზადებს, რომელიც, სავარაუდოდ, გაზაფხულისთვის გავა ეთერში.

ინგა გრიგოლია: „ჩემზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, სხვა ტელეარხებზე კი ვერაფერს გეტყვი. აქ შეგიძლია სამი წერტილი დასვა...“ ცოტა არ იყოს, ბუნდოვანი პასუხის მიღების შემდეგ ჩვენ დავუკავშირდით ტელეკომპანია „მზის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს, ინგა დადიანს, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ არავითარი ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან მათ მიმართ არ ყოფილა და ტელეკომპანია „მზე“ აპირებს ახალი ფორმატის გადაცემის მომზადებას, რომელსაც კვლავ ინგა გრიგოლია წარუძღვება. ამ გადაცემის დეტალებს წინასწარ არც ინგა გრიგოლია და არც ტელეკომპანია „მზე“ არ ახმაურებს.

შიდა საქმეებში ხელისუფლების ჩარევა „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობამაც კატეგორიულად უარყო. ისინი აცხადებენ, რომ „რუსთავი 2“ თავის მაყურებელს მალე ახალ სადისკუსიო პროექტს შესთავაზებს. როგორც ვხედავთ, ტელებოსები და ჟურნალისტები ზეწოლის ფაქტებს გამორიცხავენ. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გადაცემების შეჩერება ამ ტელეკომპანიის ხელმძღვანელებს შორის ურთიერთშეთანხმების შედეგად მოხდა.

„თავისუფლების ინსტიტუტის“ ერთ-ერთი ლიდერი, ჟურნალისტი გიგა ბოკერია ამ გადაცემების შეჩერებაში ტრაგედიას ვერ ხედავს. მისი აზრით, საქართველოში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე, უცხოური ინვესტიციების არარსებობით უფრო ემუქრება.

Tuesday, February 10, 2004

„ტელევიზიიდან მკვდარი სულები, უდისციპლინოები და შემოქმედებითად ბერწები უნდა წავიდნენ“

აცხადებს საქტელერადიომაუწყებლობის ხელმძღვანელი გიორგი ლეონიძე

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სახელმწიფო ტელევიზიის ირგვლივ უამრავი ჭორი აგორდა. გავრცელდა ხმები, თითქოს მისი ყოფილი თავმჯდომარის, ზაზა შენგელიას წასვლის შემდეგ ტელევიზიის ხელმძღვანელის პოსტის მსურველთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. თავმჯდომარეობის მსურველებს შორის საკმაოდ ბევრ ადამიანს ასახელებენ: ეკა ხოფერიასა და გიგა ბოკერიას კანდიდატურებით დაწყებული, ყოფილი თავმჯდომარის, ზაზა შენგელიას პერსონით დამთავრებული. თუმცა, საქტელერადიომაუწყებლობას დღეს გიორგი ლეონიძე ხელმძღვანელობს და, როგორც შევიტყვეთ, უამრავი თანამშრომლის მხარდაჭერითაც სარგებლობს.

სახელმწიფო ტელევიზიაში რეორგანიზაცია იწყება, რომლის შედეგად, გარკვეული დროის შემდეგ ჩვენ უნდა მივიღოთ საზოგადოებრივ ტელევიზია, რაზეც ჯერ კიდევ ზაზა შენგელია საუბრობდა. ამ პროცესს კი უთუოდ მოჰყვება შტატებისა და გადაცემების შემცირება. მანამდე ევროსაბჭო ტელევიზიას ვერ დაეხმარება.

ჩვენ დავინტერესდით ტელევიზიის ხვალინდელი დღით და მაუწყებლობის ამჟამინდელ თავმჯდომარეს, გიორგი ლეონიძეს შევხვდით.

Monday, February 9, 2004

„სავსე“

მსოფლიოს თანამედროვე მუსიკაში არსებობენ მუსიკოსები და ჯგუფები, რომელთა ახალი ალბომის გამოსვლას მუსიკისმოყვარულები თუ კრიტიკოსები სულმოუთქმელად ელოდებიან. ვინაიდან დღეს საქართველოში ყველა ამტკიცებს, რომ მუსიკალური კრიტიკა არ არსებობს, ირაკლი ჩარკვიანის ახალ ალბომს მხოლოდ მელომანთა ის წრე ელოდებოდა, რომლისთვისაც ამ მუსიკოსის შემოქმედება მეტ-ნაკლებად ნაცნობია. კულტურის სფეროში მომუშავე ტელეჟურნალისტების უმრავლესობისთვის კი გასულ ოთხშაბათს ამ ალბომის პრეზენტაცია კიდევ ერთი რიგითი სიუჟეტის მოსამზადებელი მასალა, ერთი მორიგი კულტურული ღონისძიება იყო, სადაც ბლომად ირეოდნენ ე.წ. ცნობადი სახეები, – დათო ტურაშვილით დაწყებული, „უცნობით“ და პოლიტიკოს მაია ნადირაძით დამთავრებული.

ის, ვინც ირაკლი ჩარკვიანს დღეს ანდერგრაუნდის მუსიკოსად მიიჩნევს, მწარედ ცდება. ანდერგრაუნდი საქართველოში უკვე კარგა ხანია, აღარ არსებობს. ის მუსიკოსები კი, ვინც ადრე ანდერგრაუნდობდნენ, ანუ იატაკქვეშ იმყოფებოდნენ, დღეს საკუთარი ნაწარმოებების საპრეზენტაციოდ ელიტურ კულტურულ დაწესებულებებს ირჩევენ და არა ნახევრადდანგრეულ შენობებს, სარდაფებს, ან თუ გნებავთ – საკუთარ ბინებს.

ერთ მშვენიერ მზიან დღეს ე.წ. ალტერნატივის მამებმა, ბაბუებმა და ბიძებმა გაიღვიძეს, მიიხედ-მოიხედეს და განაცხადეს, რომ ისინი ქართული კულტურის (და არა – კონტრკულტურის) განუყოფელი ნაწილები არიან და მათი შემოქმედება მასკულტურის ნაწილია. და თუკი დღეს ვინმე ამტკიცებს, რომ ის საკუთარ ხელოვნებას იატაკქვეშ ქართველი ვირთხების გარემოცვაში ქმნის, არ არის გულწრფელი, რადგან ძალიან ბევრი ახალბედა მუსიკოსი „კაიბიჭობასა“ და მატერიალურ კეთილდღეობაზე ხმამაღლა ოცნებობს, რაც იმთავითვე გამორიცხავს ხელოვნებისთვის საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვის წმინდა რიტუალს. ხოლო იატაკქვეშად წოდებულ ზოგიერთ მუსიკოსს დღეს უკვე იატაკზედა ჭუჭყის სუნი უდის.

ირაკლი ჩარკვიანმა ოცნება აისრულა და უკვე საკუთარი ციფრული სტუდია-ლეიბლი „მანგო-ზანგო“ აქვს. ამ სტუდიაში ციფრებისმოყვარულმა ირაკლიმ ახალი ალბომი „სავსე“ ჩაწერა. „სავსე“ უკვე „ლიტერატურულ კაფეს“ დახლზე გამოჩნდა. მუსიკოსს სურს, მოსახლეობამ რაც შეიძლება მეტი წიგნი იკითხოს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მან ალბომის ექსკლუზიურად ზემოაღნიშნულ დაწესებულებაში გაყიდვა.

ახალი ფირფიტა ირაკლი ჩარკვიანის გასული წლის შეგრძნებების კრებულია. ალბომს სიმღერა „დრო“ ხსნის, რომელიც მუსიკალური თუ ტექსტობრივი შინაარსით წინა ალბომში შესული ჰიტის, „საქართველოს“ გაგრძელებაა. ეს უკანასკნელი კი „ვარდების რევოლუციის“ ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. ირაკლი თვლის, რომ სიმღერა „დრო“ საქართველოს უახლესი ისტორიის მეორე, რევოლუციისშემდგომი სერიაა. სიმღერაში „საქართველო“ გამოყენებული ფრაზა „ჩვენ მოვიგებთ ომს“ უკვე გამართლდა. ირაკლის აზრით, „სავსეში“ ნათქვამი სიტყვები თავისუფლად შეიძლება გახდეს იმ მოვლენების წინასწარი ვარაუდი, რომელიც 2-3 წელიწადში ქვეყანაში მოხდება.

„დღეს ქართულ ხელოვნებაში რევოლუციას აღარ უნდა ველოდოთ, – პირად საუბარში მიმტკიცებს მუსიკოსი, – ამ სფეროში რევოლუცია უკვე გასული საუკუნის 80-90-იან წლებში მოხდა, როდესაც არსებობდა „რეაქტიული კლუბი“ და როცა დაიწყო ექსპერიმენტები ქართულ ლიტერატურასა და მუსიკაში. რევოლუცია, რომელიც ახლახან მოხდა, ჩვენ მაშინ დავიწყეთ. დემოკრატიის ბაზა სწორედ ჩვენმა მუსიკამ და პოეზიამ მოამზადა. ახლა, ვინც ხელოვნებაში რაიმეს მოწყობას დააპირებს, მტყუანი იქნება, რადგან რევოლუცია უკვე მოხდა. დღეს რევოლუცია გრძელდება“, – ამბობს მუსიკოსი.

ირაკლის ახალი ალბომი მუსიკალურად მრავალფეროვანია, სწორედ ამიტომაც ჰქვია „სავსე“. ირაკლი უმღერის პატარა შვილს, იხსენებს ლეგენდარულ მესაყვირეს მაილს დეივისს, რეჩიტატივით, ძალიან საინტერესოდ ასრულებს ვლადიმერ მაიაკოვსკის ლექსს „პასპორტი“ (კომპოზიციაში „კავშირი“), უმღერის სიტკბოს („მანგო“)... ალბომში ერთმანეთის გვერდიგვერდ ჟღერს მეტად ხალისიანი და საცეკვაო „წელს“ და ოდნავ პირქუში, მაგრამ იმედიანი „აქ ხარ“, რომელიც მუსიკოსის ერთგვარი ლოცვა, ღმერთთან გასაუბრებაა. ქეთათო კი, გარდა ირაკლისთან ერთად დუეტში ნამღერი სიმღერებისა, რეტრო განწყობილების სიმღერას „გელოდები“, მარტო ასრულებს...

საქართველოში უკვე დადგა დრო, როდესაც მუსიკოსი მიმდინარეობებით კი არა, ინდივიდუალურობით უნდა შეფასდეს. ამისთვის კი არ არის აუცილებელი, ხელოვანი კაშკაშა ვარსკვლავივით ბრწყინავდეს და თვალს სჭრიდეს, არამედ სრულიად საკმარისია, იყოს თუნდაც ტომ უეიტსივით ან სერჟ გინსბურივით მოკრძალებულად ამბიციური და უბრალო, რადგან გემოვნებიან ხელოვნებას, ჩემი აზრით, სწორედ ასეთები ქმნიან. ინდივიდუალურმა ირაკლი ჩარკვიანმა დამოუკიდებლობას უკვე მიაღწია, ხოლო მისი ბოლო ექსპერიმენტული ალბომის შეფასება შენთვის მომინდვია, ჩემო ძვირფასო მკითხველო. პირადად მე, ფირფიტა „სავსე“ შინ მაქვს და უკვე სიამოვნებით მოვუსმინე კიდეც.

Monday, February 2, 2004

ტელეღიპუცები თუ მუტანტები?

რამდენიმე კვირის წინ სამუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა დაიწყო ინგლისური საბავშვო სერიალის „ტელეღიპუცების“ ჩვენება. ჩემი ყურადღება მიიპყრო ამ სერიალის გმირების ამოჩემებულმა ფრაზებმა და ერთ-ერთი სიმღერის აბსოლუტურად გაუგებარმა ტექსტმა, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა: ჯონი ვიღაც ბატონისგან წამოვიდა, რადგან მისთვის ერთი თეთრის გადახდაც კი არ სურდა. ჯონი თურმე ზარმაცი იყო. მერე მან იშოვა ბატონი, რომელსაც ერთ თეთრს უხდიდა. ეს სიმღერა სრულდება მწვანე მდელოზე მოთამაშე ბავშვებისთვის, რომლებიც სიმღერის შემსრულებელ უფროს ბიძიებს ცეკვა-თამაშით უსმენენ. სერიალის მთავარი გმირი ტელეღიპუცები გაჯინებულ, ერთსა და იგივე უაზრო ფრაზებს წამდაუწუმ იმეორებენ, დარბიან, თამაშობენ და ყოველ წუთს ერთმანეთს ეალერსებიან.

ეს მრავალფერადოვანი (და არა მრავალფეროვანი) სერიალი ბაგა-ბაღის ასაკის ბავშვებისთვისაა გათვლილი. ამ შოუს არავითარი სიუჟეტი არა აქვს. ამ, ერთი შეხედვით, უწყინარმა სერიალმა თითქმის მთელი მსოფლიოს ტელევიზიები მოიარა. საქართველო ალბათ, ერთ-ერთი უკანასკნელი ქვეყანაა, სადაც მას აჩვენებენ. ერთი თვალის გადავლებით „ტელეღიპუცები“ კეთილ შთაბეჭდილებას ტოვებს. მის შემქმნელებს განსაკუთრებით მზე გამოუვიდათ კარგი – ჩვილი ბავშვის ნათელში მყოფი სახე, რომელიც ძალიან საყვარლად იცინის. თუმცა, მთავარი გმირები მაინც ტელეღიპუცები არიან. აქ სრულიად ბუნებრივად შეგვიძლია დავსვათ კითხვა: ვინ არიან ისინი?

თანამედროვე ბავშვები თამაშისას ყოველთვის განასახიერებენ და ბაძავენ ან საყვარელი ზღაპრის გმირებს, ან ტელევიზორში ნანახ პერსონაჟებს. ბავშვი ხომ ყოველთვის საყვარელი წიგნისა თუ კინო (ან ტელე) ფილმის გმირის ადგილას წარმოიდგენს ხოლმე თავს. ეს ყველა მეზღაპრემ თუ საბავშვო ფილმის ავტორმა კარგად იცის. რა თქმა უნდა, პატარა ბავშვებისათვის არ შეიძლება რაიმე რთული სიუჟეტის მოფიქრება. ოთხი ტელეღიპუცი კოსმოსიდან მოსულ პატარა მაიმუნებს ჰგვანან. მათი ერთმანეთისგან გარჩევა შეიძლება სახელებით, სიმაღლითა და სკაფანდრის ფერით. უცლებზე ტელეეკრანები აქვთ ჩამონტაჟებული, რომლის საშუალებითაც ისინი სხვადასხვა სიუჟეტებს აჩვენებენ. შეუძლებელია ტელეღიპუცების ზუსტი სქესის დადგენა. ტინკი-ვინკი და დიპსი თითქოს ბიჭები არიან, ხოლო ლალა და პო – გოგონები. თუმცა ამის მტკიცება დანამდვილებით შეუძლებელია.

ჩვენ ბავშვობიდანვე ვიცით, რომ კაცობრიობა იყოფა ქალებად და კაცებად. ყველა თოჯინასაც კი, რაც დღემდე შექმნილა, სქესი გააჩნია – ბარბით დაწყებული, სპაიდერმენით დამთავრებული. ვიცით, რომ ვინი პუჰი, კარლსონი, ბემბი, ბურატინო, პიტერ პენი თუ პინოქიო ბიჭები არიან, ხოლო ფიფქია, პეპი, მერი პოპინსი და სხვები – გოგონები. გოგონებსა და ბიჭებს საკუთარი, სხვადასხვა ბავშვობა გააჩნიათ. ისინი განსხვავებულად იცვამენ და სხვადასხვა თამაშებს თამაშობენ. თუმცა, ტელეღიპუცების სოციალური სტატუსი გაურკვეველია. წარმოუდგენელია, ითამაშებენ თუ არა ისინი „დედა შვილობანას“ ან „ომობანას“. უკიდურეს შემთხვევაში, წარმოუდგენელია, ტინკი-ვინკი ან დიპსი ოდესმე იტვირთავენ თუ არა საკუთარ თავზე რაღაც პრობლების ვაჟკაცურად მოგვარების პასუხისმგებლობას (როგორც ეს ზღაპრებში ხდება), ხოლო ლა-ლა და პო გამოამჟღავნებენ კდემამოსილებასა თუ ქალურ სინაზეს. ამავე დროს, ეს გმირები ისე ხშირად ეხვევიან და კოცნიან ერთმანეთს, რომ ვერაფერ კარგს იფიქრებს კაცი.

პატარებს უყვართ ლამაზი და კაშკაშა ფერები. ამერიკელი ფსიქოლოგების აზრით, პატარებს სწორედ ამიტომ მოსწონთ სარეკლამო რგოლები, სადაც ერთი და იგივე ფრაზები მეორდება. ფსიქოლოგთა ვერსიით, „ტელეღიპუცების“ ავტორებს ბავშვების ტელემომხმარებლებად ჩამოაყალიბება სურთ, რაც, მათივე შეხედულებით, ასეთ ადრეულ ასაკში აზროვნებისთვის არ არის სასურველი. სწორედ ამიტომ ზოგიერთ ქვეყანაში სერიალის ჩვენება შეწყვიტეს. მათ შორის, რუსეთშიც, სადაც ტელეარხ „ერ-ტე-ერის“ (დღეს უკვე „როსიას“) წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბავშვების ამ სერიალით გამოდებილებას არ აპირებენ, რადგან რუსეთს ასჯერ უფრო ღირებული საბავშვო გადაცემები აქვს.

დასავლეთელი ტელეკრიტიკოსები „ტელეღიპუცებს“ მულტსერიალ „კუ ნინძებს“ ამჯობინებენ, რომლის გმირებს ლეგენდარული მხატვრების სახელები ჰქვიათ – ლეონარდო, მიქელანჯელო, რაფაელო და დონატელო. მათი აზრით, ტელეღიპუცებისგან განსხვავებით, კუ ნინძები ვაჟკაცურად იქცევიან და სამაგალითო მეგობრებიც არიან. ინგლისელებმა „ტელეღიპუცებს“ იმთავითვე „ტელემონსტრები“ – „მუტანტები“ შეარქვეს.

ზოგი მშობელი შეშფოთებულია იმით, რომ ტელეღიპუცები ბავშვებს აჰიპნოზებენ. ერთ-ერთ ინტერნეტ-ფორუმზე მშობლის ასეთი აზრია: „ტელეღიპუცების ყურებისას ჩემი ცელქი პატარები დუმდებიან, წყვეტენ ყვირილს და შუშის თვალებით შესცქყერიან ეკრანს, თითქოს ტრანსში იყვნენ. მე ამ დროს შემიძლია ვაჭამო მათ. არავითარ წინააღმდეგობას არ მიწევენ და პირს დამჯერედ აღებენ. მათი ტრანსის გამო, სიმართლე გითხრათ, მეშინია კიდეც“...

ასეა თუ ისე, ტელეღიპუცები უკვე საქართველოში არიან. უბრალოდ, მაინტერესებს – ნუთუ ჩვენს ქვეყანას არა ჰყავს (ან არ ჰყავდა) ნორმალური მეზღაპრე, რომელთა ნაწარმოების მიხედვით საკუთარ საბავშვო გადაცემას გავაკეთებდით? თუ უკვე ტელეღიპუცებს დავემსგავსეთ და ვიღაც ჯონის არ იყოს ერთი თეთრის დახარჯვაც არ გვსურს საკუთარ პროდუქციაზე და ყველანაირი სისულელე უცხოეთიდან უნდა გადმოვიღოთ?

Monday, July 14, 2003

მატყუარა მუსიკა


ბევრი ქართველი მელომანი, დღეს, იწუნებს არა მარტო თანამედროვე როკ თუ ჯაზ კოლექტივებს – ადანაშაულებს რა მათ აბსოლუტურ კომერციალიზაციაში, – არამედ ამ შემსრულებელთა მიერ გაკეთებულ ჩანაწერებსაც. მიუხედავად იმისა, რომ დღეს კომპაქტ-დისკებზე არსებული ციფრული ჩანაწერები უმაღლესი ხარისხისაა, მათ, მაინც რაღაც აკლიათ, – ამტკიცებს „ძველი გვარდია“. მელომანები, ხშირად, იმ დროს იხსენებენ, როდესაც მუსიკას დიდ ვინილის ფირფიტებზე უსმენდნენ. ბევრ მათგანს, დღემდე შემოუნახავს ასეთი ფირფიტების კოლექცია და ამაყობს ამით. ზოგიერთს მათი ახირება, შესაძლოა წარსულისადმი ნოსტალგიად მოეჩვენოს და დასცინოს კიდეც, მაგრამ ხმაზე მომუშავე თანამედროვე მეცნიერების გარკვეული ნაწილი, მათ მოსაზრებებს აბსოლუტურად იზიარებს და ამტკიცებს კიდეც, ანალოგური (არ აგერიოთ ანალოგიურში) ჩანაწერის ციფრულზე უპირატესობას.

ამ საკითხზე, დღეს, დაუსრულებლად შეგვიძლია ვიკამათოთ და ვარკვიოთ, რატომ უნდა ჯობდეს ფხაჭუნა ვინილის დისკებზე დატანილი მუსიკა ციფრულ კომპაქტ-დისკზე გაკეთებულ უსუფთავეს ჩანაწერს, მაგრამ ხომ არ შეიძლება ამდენმა ადამიანმა ასე თავზეხელაღებით დაგმოს ტექნიკური პროგრესის შედეგი? საინტერესოა, ამ სფეროში მომუშავე ერთ-ერთი მეცნიერის განმარტებები. პირველ რიგში, ის ამტკიცებს, რომ ვინილის დისკზე ადამიანის მიერ დატანილი მუსიკა გაცილებით თბილად ჟღერს, ვიდრე კომპიუტერის მიერ ციფრებით აწყობილი ხმა. მეორეს მხრივ, ის ყურადღებას ამახვილებს მუსიკის მოსმენის კულტურაზეც. ხაზს უსვამს, რომ ვინილის დისკის აღწარმოებისას ადამიანი უშუალოდ, ფიზიკურად მონაწილეობს მოსმენის პროცესში. მოგეხსენებათ, ძველ ფირფიტებზე მუსიკა მის ორივე მხარეს იწერებოდა და ერთი გვერდის ჩათავებისას – 15-25 წუთის შემდეგ – მსმენელი იძულებული იყო, ფირსაკრავთან მისულიყო და დისკი მეორე მხარეს გადაებრუნებინა.

ბევრი არცთუ შორეული წარსულის მელომანის აზრით, ფირფიტის კონვერტის გაფორმებას, მისი სიდიდის გამო, მუსიკოსები ადრე უფრო მეტ ყურადღებას უთმობდნენ და მათი თვალიერება გარკვეულ ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებდა მუსიკის, და საერთოდ, ხელოვნების თაყვანისმცემელს. კონვერტის გაფორმება მართლაც მნიშვნელოვანი იყო ნებისმიერი როკ-მუსიკოსისთვის. როკ-მუსიკის მცირე ისტორიის განმავლობაში კონვერტის მხატვრულად გაფორმებაში გარკვეული ხელწერით აუცილებლად გამოირჩეოდნენ სერიოზული ჯგუფები – „პინკ ფლოიდი“, „ლედ ზეპელინი“, „კინგ ქრიმსონი“, „იესი“, „ელპი“ და მრავალი სხვა. ბევრი მელომანი კონვერტზე დატანილ ფოტოსა თუ ნახატს კედელზე პოსტერივით აკრავდა.

მუსიკისა და ჩანაწერის გაკომერციულებაზე გარკვეული მკვეთრი შეხედულება აქვს ამერიკელ მუსიკოსს, კომპოზიტორსა და ერთ-ერთი სტუდიის მფლობელს უოლტერ სერს. ის თანამედროვე მუსიკაში თავსდატეხილ ყველანაირ უბედურებას, პირველ რიგში, ხმის ინჟინერის ფუნქციების შევიწროებას აბრალებს, რომელიც კომპიუტერიზაციის ეპოქამ მოიტანა. „იყო დრო, როდესაც ხმის ინჟინრები სტუდიების შტატში ირიცხებოდნენ. შტატგარეშეები იმ დროს იშვიათად შეგხვდებოდათ. შტატში მყოფი ხმის ინჟინრები კი მუსიკის ჩაწერაში, მთელ ფილოსოფიას აქსოვდნენ და არც დროში იყვნენ შეზღუდულები. ყოველმა მათგანმა, კარგად იცოდა, აპარატურის ხასიათი, ხაზების გაყვანილობა, მონიტორებთან ურთიერთობა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ყავის მოდუღებაც კი. დღეს კი შტატგარეშე ინჟინერი შედის უცნაურ სადისპეჩეროში, უნდა წარმოიდგინოს, სავარაუდოდ როგორი ხმა ექნება მონიტორებს, უნდა იმუშაოს ასევე, შტატგარეშე ინჟინრის თანაშემწესთან ერთად და არკვიოს, რატომ აქვს ყავას ასეთი უცნაური გემო. რა თქმა უნდა, ამით, პირველ რიგში, მუსიკა ზარალდება“ – წერს უოლტერ სერი.

მუსიკოსი ინტერნეტში გამოქვეყნებულ თავის სტატიაში „რა უქნეს მათ ჩემს ხელოვნებას?“ ქვეპუნქტებად განიხილავს თანამედროვე ტექნიკის დანარჩენ სისუსტეებსაც. მისი აზრით, ხმის ჩაწერის ანალოგური ტექნოლოგია ბევრად აღემატება იაფფასიან ციფრულს, რომელსაც არ სჭირდება ხმის ინჟინრის სკრუპულოზური და გულითადი მუშაობა. დღევანდელი მუსიკის საბოლოოდ სახის მიცემაში სულ უფრო ნაკლები ადამიანური ფაქტორი იდება, რადგან ძირითად სამუშაოს კომპიუტერი ასრულებს. უოლტერ სერი იხსენებს 60-იან წლებს, როდესაც ახალი შექმნილი იყო სინთეზატორი „მუგი“. ერთ-ერთმა გაოცებულმა მუსიკოსმა, როდესაც ტექნიკის პირმშო იხილა, დასვა კითხვა: „შეგვიძლია მას ვიოლინოს ჟღერადობა მივცეთ“? უოლტერ სერი მიიჩნევს, რომ თანამედროვე მუსიკაში სწორედ ამ კითხვის შემდეგ დაიწყო დასასრულის დასაწყისი. თუმცა, ის ფიქრობს, რომ ფატალური დარტყმა მუსიკას „მი-დი“ სისტემის სინთეზატორებმა და სახლის კომპაქტურმა ციფრულმა სტუდიებმა მიაყენეს. კომპოზიტორი საკუთარ სტატიას ასე ასრულებს: „დღეს, ჩვენ, ხშირად გვესმის სინთეზირებული მუსიკა. ამ მონსტრის შექმნაში მეც ვმონაწილეობდი და კარგად მომეხსენება მისი უარყოფითი მხარეები. სიმთეზატორში რაც არ უნდა კარგი ვიოლინოს ხმა იყოს ჩატვირთული, თქვენ ვერაფრით შექმნით ისეთ ფაქიზ მუსიკალურ ხაზს, როგორიც შეუძლია მევიოლინემ გამოხატოს თავისი ტონალური ხასიათების და დინამიზმის მერყეობით... სამწუხაროდ, სწორედ ამ ფაქიზ ელემენტებში შეიძლება მოგვატყუოს მუსიკამ“.

Monday, July 7, 2003

პრომოუშენი

მსოფლიოს მუსიკალური კულტურა იმდენად გამრავალფეროვანდა, რომ უკვე რთულია საკუთარი საყვარელი მიმართულების ამორჩევა. რთულია სწორი შეფასება გააკეთო, როდესაც ყველანაირ პროდუქციას უსასრულო რეკლამა უკეთდება და ტელემაყურებელს თუ ინტერნეტის მომხმარებელს ათასგვარ არჩევანს გვთავაზობს.

თანამედროვე მუსიკა უკვე კომპლექსურად შეგვიძლია განვიხილოთ და თუ ადრე, სულ ცოტა ხნის წინ ახალი ალბომის პრომოუშენი მხოლოდ ალბომის გაფორმებითა და ვიდეოკლიპებით შემოიფარგლებოდა, დღეს უკვე დიდი მნიშვნელობა აქვს ინტერნეტ-რეკლამასაც.

ხშირად მუსიკოსს უკვე მისი ოფიციალური ვებ-გვერდის დიზაინით აფასებენ (ჩემი აზრით, შესანიშნავი ვებ-გვერდები აქვთ: დევიდ ბოუვის, რობ დოუგანს, მადონას, „რადიოჰედს“). კაცს ხშირად სულ ახალი ალბომი სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტით შეუძლია შეიძინოს და მაღაზიის ფასზე უფრო იაფად. ინტერნეტ-რადიოები სულ ახალი სიმღერების მოსმენის საშუალებას გვაძლევს.

მუსიკა სულ უფრო ვირტუალური ხდება, არა მარტო მისი ელექტრონიზაციით, არამედ, საერთოდ, მოხმარების ფორმით, ანუ ნებისმიერი რამ ჩვენ შეგვიძლია ინტერნეტის საშუალებით შევიტყოთ და მოვისმინოთ. ამის გამო, ზოგჯერ ჩანს, თითქოს კომპიუტერმა თვით მუსიკის აღსაწარმოებელი მაღალტექნოლოგიური საშუალებებიც (სი-დი პლეერები, მაგნიტოფონები) კი შეავიწროვა.

მართალია, სინამდვილეში ეს ასე არ ხდება, მაგრამ კომპიუტერის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი ჩანაწერი უმაღლესი ციფრული ხარისხით მოვისმინოთ და კომპაქტ-დისკზე თავად გავაკეთოთ ჩანაწერი. აუდიო ჩანაწერის კონვერტაციის (ზომის შეკუმშვის) გამოგონების შემდეგ კომპიუტერის მახსოვრობაში ძალიან ბევრი მუსიკალური ინფორმაცია ეტევა.

მუსიკალური პროდუქციის პრომოუშენისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მულტიმედიას, რადგან ჩვენ მისი საშუალებით მუსიკის არამარტო მოსმენა, არამედ დანახვაც შეგვიძლია. ბევრ მუსიკოსს კომპაქტ-დისკზე არა მარტო აუდიო, არამედ მულტიმედიური ინფორმაციაც (კლიპები, დოკუმენტური კადრები და ა.შ.) დააქვს.

ხარისხიანი მუსიკალური ინფორმაციის ასე იოლად მოპოვებამ კიდევ უფრო შეუწყო ხელი აუდიომეკობრეობის განვითარებას მთელს მსოფლიოში. ამ მხრივ ტოლს არავის უდებს რუსეთი, რომლის აუდიო მეკობრულმა პროდუქციამ თითქმის მთელი ევროპა დაიპყრო. რუსულმა მეკობრულმა პროდუქციამ კონტრაბადნდის სახით თვით თანამედროვე მუსიკის მექაში, ბრიტანეთშიც კი შეაღწია. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თანამედროვე რუსული მეკობრული პროდუქცია ზეუმაღლესი ხარისხით და გემოვნებითაა გაკეთებული. ჩემთვის ცნობილია, რომ მთელი მსოფლიოს თავგადაკლული მელომანები, რომლებიც აგროვებენ თუნდაც ოდნავ მოძველებულ ალბომებს, შავ ბაზარზე სწორედ რუსულ მეკობრულ დისკებს ეძებენ. თუმცა მეკობრეობა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია გავრცელებული.

დავუბრუნდეთ თანამედროვე მუსიკის პრომოუშენს. ამ საქმეში უდიდესი წვლილი შეაქვს დღევანდელ კინემატოგრაფსაც. ბევრი უკვე აკაშკაშებული ვარსკვლავი სწორედ კინემატოგრაფიის წყალობით გახდა პოპულარული. გასული საუკუნის 90-იან წლებში ასეთი დიდი მისია კვენტინ ტარანტინოს და რობერტ როდრიგესის გახმაურებულმა ფილმებმა იტვირთეს. მათი ფილმების საშუალებით ბევრმა ახალბედა თუ უკვე დავიწყებულმა შემსრულებელმა და ჯგუფმა გზა გაიკაფა შოუბიზნესში. საუკუნის მიწურულს კი რევოლუციურმა ფილმმა „მატრიცამ“ ასევე სუპერთანამედროვე, ახლებურად მოაზროვნე მუსიკოსებს გაუხსნა გზა და მის საუნდტრეკს (მუსიკა ფილმისათვის), რომელიც ცალკე დისკად გამოვიდა, ფილმივით წარმატება ხვდა წილად.

რეჟისორ ემილ კუსტურიცას ფილმების წყალობით მთელმა მსოფლიომ შეიტყო შესანიშნავი კომპოზიტორის გორან ბრეგოვიჩის შესახებ. რეჟისორი ჯიმ ჯარმუში თავის ფილმებში ხშირად იყენებს ანდერგრაუნდ მუსიკოსების, ტომ უეიტსის, იგი პოპისა და სხვების შემოქმედებას. მუსიკალურ ბაზარზე სულ უფრო ხშირად გამოაქვთ ამა თუ იმ ფილმში გამოყენებული მუსიკა, რომელსაც საუნდტრეკებს ეძახიან. რა თქმა უნდა, ასეთი ტრადიცია თანამედროვე მუსიკისთვის ახალი ხილი არ არის, მაგრამ დღეს ეს უფრო ინტენსიურად ხდება.

ბევრი ძველი მელომანი ეწინააღმდეგება მუსიკის ამ თავბრუდამხვევ ელექტრონიზაციას (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით), თუმცა, ასეთებს მინდა გავაცნო გენიალური კომპოზიტორის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სიტყვები, რომელიც დღეს ისე თანამედროვედ ჟღერს, როგორც არასდროს: „მუსიკა ელექტრონით დამუხტული ველია, რომელზედაც სული ცხოვრობს, აზროვნებს, ქმნის; ფილოსოფია ნალექია ელექტრონული სულისა... ყოველივე ელექტრონული მუსიკალურ სულს აღძრავს გულიდან გამომდინარე ზეიმისაკენ. მე ელექტრონული ბუნების ადამიანი ვარ“.

როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია.

Monday, June 30, 2003

მამა სოგრატმა ავთვისებიანი სიმსივნე ლოცვით გააქრო

„ეს ნამდვილად ღვთის შემწეობა, სასწაულია“, – აცხადებს პროფესორი რევაზ გაგუა

სულ მალე ლისის ტბასთან, ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ეკლესიის მშენებლობა დაიწყება. რა თქმა უნდა, ტაძრის მშენებლობის წამოწყება სამკურნალო დაწესებულებაში არავის გაოცებას არ იწვევს, მაგრამ აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ სასწაული უსწრებდა, რომელიც ქვაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის არქიმანდრიტ სოგრატს უკავშირდება.

გასულ წელს „ახალმა ვერსიამ“ მამა სოგრატის სასწაულებზე მკითხველს უკვე მოუთხრო. ორი კვირის წინ კი ახალი სასწაული მოხდა, რაზედაც ამ სტატიაში გიამბობთ.

46 წლის ბაადურ გიგიაძეს კომპიუტერული ტომოგრამის გაკეთების შემდეგ ავთვისებიანი წარმონაქმნი დაუდგინდა, რომელიც ისე მოსდებოდა შინაგან ორგანოებს, რომ საჭირო გახდა გადაუდებელი ურთულესი ოპერაციის გაკეთება. ოპერაციის წინ მამა სოგრატმა ბაადურს რამდენჯერმე წაუკითხა ლოცვა. ამის შემდეგ პაციენტს ჯერ საშინელი, გაუსაძლისი ტკივილები გაუყუჩდა, ხოლო ოპერაციის მსვლელობისას აღმოჩნდა, რომ იგი მთლიანად განიკურნა.

ჩვენ თავდაპირველად ვეწვიეთ ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრს და კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ქირურგს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, პროფესორ რევაზ გაგუას.

რევაზ გაგუა: „ორიოდე კვირის წინ ამ დაწესებულებაში გაკეთდა ურთულესი ოპერაცია. ბაადურის დაავადებას ისეთი ადგილმდებარეობა ჰქონდა, რომელთან მიდგომაც კი პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ეს წარმონაქმნი მდებარეობდა გულის წინ, საიდანაც უამრავი დიდი, სასიცოცხლო, უაღრესად მნიშვნელოვანი სისხლძარღვი გამოდის. იქვეა უამრავი ნერვული წნული, ფილტვი, სასუნთქი და საყლაპავი მილები. საჭირო იყო ამ ორგანოებზე შეხება, ზემოქმედება და ამის შემდეგ წარმონაქმნის ამოღება. დიაგნოზი საბოლოოდ დასტურდება მაშინ, როცა მას აღმოაჩენ და მიკროსკოპულად გამოიკვლევ. დღეს ტექნიკა ისე განვითარდა, რომ უკვე მილიმეტრებში შეიძლება გაიგო სად მდებარეობს ესა თუ ის წარმონაქმნი და რა კავშირი აქვს მას სასიცოცხლო ორგანოებთან. ბაადურმა გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია გაიკეთა, რითაც დაზუსტდა ამ წარმონაქმნის ადგილმდებარეობა. ისე მოხდა, რომ მოსკოვში წასვლა მომიწია და ეს ტომოგრამები იქაურ ცნობილ სპეციალისტებს ვანახე. იმათაც დაადასტურეს ბაადურის უმძიმესი მდგომარეობა და აღნიშნეს, რომ საჭიროებდა ქირურგიულ ჩარევას, რომელიც ურთულეს ოპერაციათა კატეგორიას განეკუთვნება. ამიტომ ამ ოპერაციის გასაკეთებლად ორ ბრიგადას უნდა ემუშავა – ჩემსა და ბრწყინვალე მეცნიერისა და ქირურგის კოტე მარდალეიშვილის ბრიგადას.